კომენტარი

აშშ: ქართველებს რუსული ჯარის გასვლა უფრო უნდათ, ვიდრე რუსული თვითმფრინავების შემოსვლა

11 მაისი, 2023 • 2807
აშშ: ქართველებს რუსული ჯარის გასვლა უფრო უნდათ, ვიდრე რუსული თვითმფრინავების შემოსვლა

“პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ, ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან”, – ასე გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლის გადაწყვეტილებას. 

“ამერიკის ხმისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არ არის.

“ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ შესაძლოა, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება.

ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ, ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან”, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.


  • 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა, გარდა ამისა რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის.
  • თბილისში რუსეთის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ – მმართველი პარტიის ლიდერები და ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმებიან პუტინის გადაწყვეტილებას, ოპოზიცია და დამოუკიდებელი ექსპერტების დიდი ნაწილი კი  თვლის, რომ რუსეთმა „დააფასა“, საქართველოს მთავრობის ქმედებები.
  • ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ  რუსეთის ეს გადაწყვეტილება საფრთხეა საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციისთვის და ხელს შეუშლის საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნა.
  • პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა პროვოკაცია უწოდა რუსეთის გადაწყვეტილებებს და მოუწოდა მთავრობას, შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი