კომენტარი

დაარღვია თუ არა მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია? | ვახტანგ ხმალაძის განმარტება

4 მაისი, 2023 • 2683
დაარღვია თუ არა მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია? | ვახტანგ ხმალაძის განმარტება

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნაში ხელის შეშლა არაკონსტიტუციურია.

როგორც ხმალაძე ნეტგაზეთთან ამბობს, სწორედ კონსტიტუცია იძლევა გარანტიას, რომ თუკი პარლამენტის 50 წევრს საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებლად მიაჩნია, მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„თუ მიუხედავად ამ 50 კაცის სურვილისა, ეს არ გაკეთდა, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა. რანაირად მოახერხეს ის, რომ ე.წ. პროცედურული ხერხებით ხელი შეუშალეს საგამოძიებო კომისიის შექმნას, აქ საქმე გვაქვს საპარლამენტო უმრვალესობის მხრიდან კონტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის სრულიად აშკარად უგულებელყოფასთან. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ პარლამენტის წევრებს აქვთ გარკვეული მოვალეობები. ამ მოვალეობებში სხვა საკითხებთან ერთად შედის კანონების განხილვა, მიღება, დადგენილებების განხილვა და მიღება, რაღაცის შექმნა, ვიღაცის არჩევა და ა.შ. ამის გაკეთება არის პარლამენტის წევრების ვალდებულება“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

კონტიტუციონალისტი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის თავდაპირველ სტრატეგიას, რომ პლენარულ სხდომებზე კენჭისყრის პროცედურამდე რეგისტრაციის გავლაზე უარის თქმით საგამოძიებო კომისიის შექმნა შეეფერხებინა.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, რეგლამენტი საშუალებას აძლევს ოპოზიციას, გამოიყენოს ბოიკოტი, მაგრამ „არსად არც თქმულა, არც დაწერილა და არც გაკეთებულა, რომ პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადოს საპარლამენტო უმრავლესობამ“.

„რადგან ბოიკოტი ცხადდება უმრავლესობის გარკვეული მოქმედების მიმართ პროტესტის გამოსახატავად. უმრავლესობას ყოველთვის შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც, ოპოზიციას კი ამის საშუალება არ აქვს. ამიტომ ბოიკოტი არის რეგლამენტის განსაზღვრული იარაღი ოპოზიციის ხელში, მაგრამ არა უმრავლესობის ხელში. უმრავლესობას არ აქვს უფლება, ჩაშალოს საპარლამენტო პროცედურები: სხდომა იქნება თუ კენჭისყრა. აქ, ჩემი შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა არღვევს კონსტიტუციას იმ თვალსაზრისით, რომ ის არ ასრულებს კონსტიტუციით განსაზღვრულ თავის მოვალეობას“, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

თუმცა მიმდინარე კვირაში უმრავლესობამ ოპოზიციისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის დასაბლოკად ახალი მეთოდი აირჩია. კერძოდ, პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგში არ შეიტანეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

პარლამენტის თავმდჯომარის თქმით,  ოპოზიციას ჰქონდა საშუალება,  ბიუროს ან პლენარულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოეთხოვა.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა, რადგან დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა წყდება კენჭისყრით და უმრავლესობამ, რომელმაც დღის წესრიგის პროექტში არ შეიტანა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, არც ამ საკითხის დამატებას დაუჭერდა მხარს.

„რამდენად სწორი იყო ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ამ კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში არ შეიტანა დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი? – რეგლამენტით პირდაპირ არ არის განსაზღვრული, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც საკითხები წინა პლენარული სხდომის დროს არ იქნა განხილული ან კენჭნაყარი. მაგრამ აქამდე ეს კეთდებოდა  ასე – დღის წესრიგში არსებული განუხილველი საკითხები, ან საკითხები, რომლებსაც კენჭი არ ეყარა, გადაჰქონდათ მომდევნო სხდომის დღის წესრიგში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ საკითხების ამოღებას დღის წესრიგიდან არ მოითხოვდა საკითხის ინიციატორი. როცა გადადიოდა მომდევნო სხდომის დღის წესრიგში,  ძველი საკითხები როგორი მიმდევრობითაც იყო დალაგებული, ისეთივე ადგილს იკავებდა და ახალი საკითხები ამის შემდეგ მოდიოდა.  ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრჯერ ყოფილა და სხვაგვარად ეს არასოდეს გაკეთებულა“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

როგორც ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, კენჭსაყრელი საკითხების კენჭისყრაზე დაყენებისას, ინიციატორის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს საკმაოდ ხშირად შეუცვლია კენჭისყრის რიგითობა და ამ შემთხვევაშიც სამართლიანი მოლოდინი იყო, რომ დროებითი საგამოძიებო საკითხისთვის კენჭისყრა დღის წესრიგში დარჩებოდა ისე, როგორც ეს ხდებოდა მრავალი წლის განმავლობაში.

„როცა ეს არ გაკეთდა და დაირღვა, ამ ჩვეულების საწინააღმდეგო მოქმედება შეასრულა პარლამენტის თავმჯდომარემ, ამით ირღვევა ჩვეულებით დადგენილი წესრიგი. აქ ვერ მივუთითებ, რომელი ნორმა დაარღვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რადგან ასეთი ნორმა არ არსებობს, მაგრამ ის იურისტია და კარგად უნდა იცოდეს, რომ გარდა ნორმატიული ბაზისა, არსებობს ჩვეულებითი სამართალიც. ჩვეულებად მიჩნეული საკითხების ნორმატიულად ფორმულირება არცთუ იშვიათად არ ხდება ხოლმე, რადგან ის, რაც ჩვეულებითია, ყოველთვის სრულდება ხოლმე. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტი ამ პროცესში ხაზს უსვამს პარლამენტის თავმჯდომარის როლს. მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტით განსზაღვრულია თავმჯდომარის ვალდებულება, რომ მან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა საქართველოს კონსტიტუციის სრული დაცვით წარმართოს.

„ეს პარლამენტის თავმჯდომარემ არ გააკეთა. ეს ეხება არამხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს, ეს ეხება პარლამენტის წევრებსაც, პარტიული ნიშნით გადაწყვეტილების მიღების უფლება, რასაკვირველია, აქვთ პარლამენტის წევრებსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილებით არ ირღვევა კონსტიტუცია, მაგრამ კანონის და კონსტიტუციის დარღვევის უფლება არც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს და არც პარლამენტის წევრებს“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ვახტან ხმალაძის თქმით, ახლა ოპოზიციამ უნდა სცადოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა და საზოგადოებას ნათლად აჩვენოს, რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებებს.

„ეს იმისათვის, რომ სამომავლო ქცევისას, რაც პირველ რიგში არჩევნების დროს გამოიხატება, ამომრჩეველმა სწორად განსაზღვროს,უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.


დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, პარლამენტში ოპოზიციის მიერაა ინიცირებული. თუმცა კომისიის შექმნას „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. ამიტომ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს.

კერძოდ, იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, ქვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობდა საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შეიქმნილიყო, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობდა და, შესაბამისად, საჭირო ქვორუმი არ იკრიბებოდა და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრებოდა.

მიმდინარე კვირაში კი, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი