სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე დღეს სიტყვით გამოვიდა კომიტეტზე, სადაც რუსულ კანონპროექტს იხილავენ. ამ კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები უცხოური გავლენების აგენტებად გამოცხადდნენ.
თავის სიტყვაში ბურჯანაძე ამბობს, რომ კანონპროექტს რუსული შინაარსი აქვს და ის საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.
„მე ამ პარლამენტში არაერთხელ მოვსულვარ და კრიტიკული პოზიცია დამიფიქსირებია კანონპროექტზე, არაერთხელ მითქვამს, რომ რაღაც პრობლემურია, რაღაც დასახვეწია, რაღაც არაკონსტიტუციურია, მაგრამ დღეს, ჩემს ცხოვრებაში პირველად და მერწმუნეთ, ძალიან ვნერვიულობ, ამას რომ ვამბობ – მოსული ვარ და ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რომელიც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, არსებობას უქმნის საფრთხეს და ყველაზე მეტად აღელვებული ამიტომ ვარ.
იმიტომ ვარ ამის გამო ასე აღელვებული, რომ ამაზე დიდი საფრთხის შემცველი არაფერი ამ მგონია, არსებობდეს ამ ქვეყანაში. და ერთი შეხედვით თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით შემოტანილი კანონპროექტი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე შეიძლება ყველას წარმოუდგენია. და თუ ამ ქვეყანას არ ექნება შანსი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როდესაც ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა გეუბნება იმას, რომ ამის მიღება არ შეიძლება…“
ბურჯანაძე დასძენს, რომ როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო უწყება ამბობს, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ – „და თუ წევრობაზე გვაქვს განაცხადი შეტანილი, ყველაფერი უნდა ვქნათ. რომ გვითხრან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეო, უნდა ვიდგეთ“.
ბურჯანაძის ამ გამოსვლას „ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წევრების მხრიდან კრიტიკა და ხმაური მოჰყვა. დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც რამდენიმე ხანს გრძელდებოდა.
„ხალხის ძალის“ წევრი და კანონპროექტის თანაავტორი დიმიტრი ხუნდაძე ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი ამერიკულია – „მოიყვანეთ ერთი მუხლი, რომელიც რუსული კანონიდანაა ამოღებული“, – ამბობდა ის.
ამის საპასუხოდ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მთლიანად კანონის არსი და მისი განხილვა რუსულ ინტერესში შედის, რადგან ევროკავშირი და სხვა პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ, აკრიტიკებენ მოცემულ კანონპროექტს. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ დღეს დაფინანსების გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას, რადგან ყველა დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს ისედაც წარუდგენს ყველა საჭირო დოკუმენტს.
„სახელი რომ შევუცვალოთ, პრობლემა იგივე დარჩება, მივიღებთ, საბოლოო ჯამში, იმას, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში საქმიანობდნენ, დაიკეტებიან, ის დონორები, ვინც ფულს ამ ქვეყანაში რიცხავდნენ – დაიკეტებიან. და ერთი შეხედვით, ვითომ ამერიკულ კანონს ვთარგმნით და კანონს ვაკეთებთ – მაგრამ გავიხსენოთ, რატომ მიიღო ეს, რომ მტრულ სახელმწიფოს, ნაცისტურ გერმანიასთან ებრძოლა თავის დროზე და მან ეს წარმატებით შეძლო. დღეს ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც ჩვენ მთავარ ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც ეხმარება ფერმერებს, ეკონომიკას, ჩვენს უამრავ დარგს, ახალგაზრდებს და სხვა – ამ ყველაფერს ვინც ეხმარება და ფულს რიცხავთ, მათ ვეუბნებით, რომ თქვენ მიერ ვინც იქნება დაფინანსებული, აგენტს დავუძახებთო. რომელ დონორს გაუჩნდება ქვეყანაში მუშაობის სურვილი?“
გამოსვლის ბოლოს მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთის ანალოგიური კანონი გააუქმა.
დღეს, 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც რუსულ კანონპროექტს იხილავენ.
სხდომა თითქმის საათ-ნახევრიანი დაგვიანებით დაიწყო და მას წინ უსწრებდა მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. პროტესტში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც, რაც მმართველი გუნდის წევრებისა და ოპოზიციონერებს ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ასევე ქუჩაში აპროტესტებენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ, თუმცა განხილვაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ.
წაიკითხეთ ამ თემაზე: