ახალი ამბები

“სირცხვილი! მოღალატე!“ — სუბარი და სხვები დარბაზში შეძახილების ფონზე შევიდნენ

2 მარტი, 2023 • 971
“სირცხვილი! მოღალატე!“ — სუბარი და სხვები დარბაზში შეძახილების ფონზე შევიდნენ

“სირცხვილი! მოღალატე! არა რუსულ კანონს!“ — სოზარ სუბარს ამ საპროტესტო შეძახილების ფონზე მოუწია ჩავლა პარლამენტში, სანამ საკომიტეტო განხილვაზე შევიდოდა.

პარლამენტი კომიტეტების გაერთიანებულ სხომაზე დღეს განიხილავს სუბარისა და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრების ინიციატივით შექმნილ რუსულ კანონპროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას — იმ სფეროებს, სადაც თავად სოზარ სუბარი 1994 წლიდან აქტიურად მუშაობდა და ანაზღაურებასაც იღებდა.

საკომიტეტო განხილვაზე არ უშვებენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თუმცა დარბაზში უპრობლემოდ შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი  დავით ქართველიშვილი, ასევე, „ხალხის ძალის“ აქტივისტები.

სუბარის ამ კანონპროექტს აპროტესტებენ თავად სუბარის ყოფილი თანამშრომლები, სტუდენტები, მეგობრები და პარტნიორები მედიიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან.

მსგავსი კანონი „აგენტების“ შესახებ რუსეთში 2012 წელს მიიღეს და ის რუსეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შესავიწროებლად, დისკრიმინაციისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი