ახალი ამბები

წილოსანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტებში ტერმინ „აგენტის“ შეცვლის ინიციატივით გამოდის

2 მარტი, 2023 • 1841
წილოსანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტებში ტერმინ „აგენტის“ შეცვლის ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებში ტერმინ აგენტის შეცვლის წინადადებით გამოდის.

როგორც წილოსანმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ეს ტერმინი მისთვისაც „შფოთვის საგანია“, ხოლო გამჭვირვალობის პრინციპთან პრობლემა არავის აქვს.

„არ მგონია, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიდან წამოსული დაფინანსება ვინმეს დასამალი ჰქონდეს. ამიტომ გამჭვირვალობა არ მგონია, რომ ამ კანონის პრობლემა იყოს. მე მინდა დავასახელო, რეალურად რა პრობლემაა და რაზეც არის შფოთვა — ეს არის უცხოური გავლენის აგენტი. მე რაც მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, არის, ვიმსჯელოთ დასახელებაზე და მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს ამ სექტორში მომუშავე უამრავი, მართლა კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტირება. ვისთანაც კომუნიკაცია მქონია, გამჭვირვალობასთან და ანგარიშვალდებულებასთან პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ ვაყენებ ამ წინადადებას, რომ დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვისაც გარკვეულ დისკომფორტს და გარკვეული შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსენსუსი მიღწეული“, — განაცხადა წილოსანმა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„აგენტი” — მარტო სახელია პრობლემა?

არა, პრობლემა გაცილებით დიდია: ჯერ ერთი, გამჭვირვალობის სახელით ორგანიზაციებს სთხოვენ, გაასაჯაროონ ინფორმაცია, რომლებიც თანამშრომელთა პირად მონაცემებსაც ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ თავშივე უარი თქვი მადისკრედიტირებელ რეესტრში რეგისტრაციაზე, გაკისრებენ სოლიდურ ჯარიმებს, რომლებიც დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს მცირეშემოსავლიან ორგანიზაციებს.

კერძოდ, რეგისტრაციისთვის თავის არიდება 25 000 ლარით ისჯება, რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა — 10 000 ლარით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ამ ხარვეზებს 1 თვის შემდეგაც არ გამოასწორებს, ის 20 000 ლარით დაჯარიმდება.

და ბოლოს: არასამთავრობოებისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციის დაუღალავი მცდელობების შემდეგ, ნათელია, რა არის მმართველი გუნდის საბოლოო მიზანი — ამ სუბიექტების დასუსტება და დახურვა. მის მიერ “ალტერნატიული” კანონპროექტების შემუშავება თუ სიტყვათა გადაწყობა მოცემულობას ვერ შეცვლის.

ასე რომ, სახელწოდება ნამდვილად პრობლემაა, თუმცა, არა ერთადერთი. გაცილებით სახიფათოა ის, რისთვისაც ამ სახელწოდების ქვეშ დაწერილი კანონი იქნება გამოყენებული. ეს უკვე მოხდა. რუსეთში.

როგორ (გა)ფორმდება ავტოკრატია?!

მასალების გადაბეჭდვის წესი