ახალი ამბები

„ველური დეპუტატები გაიყვანეთ დარბაზიდან“ – კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა განახლდა

2 მარტი, 2023 • 772
„ველური დეპუტატები გაიყვანეთ დარბაზიდან“ – კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა განახლდა

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც დღეს რუსული კანონი უნდა განიხილონ, თითქმის საათ-ნახევრიანი შეყოვნების შემდეგ განახლდა.

სხდომა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნა და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად არ აძლევდნენ სხდომის დაწყების საშუალებას – „უვიცები და ველურები“ უწოდა.

„კანონის მიღებაზე არ არის დღეს საუბარი, საუბარია კანონის განხილვაზე. ესეც არ იცით. ამდენი წელია პარლამენტში ხართ და ესეც არ იცით, რეგლამენტი ვერ წაგიკითხიათ. თქვე უვიცებო, მართლა. ბატონ გურამს ვთხოვ, რომ წარმოადგინოს პირველი კანონპროექტი ეს არის ე.წ. ამერიკული ვარიანტი ანუ FARA და გთხოვთ, მოვისმინოთ, ეს არის პრინციპების დონეზე განხილვა.

„მანდატურს ვთხოვ უზრუნველყოს სიმშვიდე და სიწყნარე და ველური დეპუტატები გაიყვანოს დარბაზიდან“, – თქვა მან.

სხდომა დღეს, 15:30 საათზე, უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს ასე ვერ მოხდა.

ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომაზე საპროტესტო შეძახილებით შევიდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ მისცემდნენ „ოცნებას“ რუსული კანონის განხილვის საშუალებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უცხოური გავლენის აგენტებად უნდა გამოცხადდნენ.

„ოცნება“ ამბობს, რომ ამგვარი კანონი აშშ-დან გადმოიღეს. აშშ-ში ნამდვილად მოქმედებს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), თუმცა აქაც მნიშვნელოვანია კონტექსტი:

ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ — მიიღეს. ამჟამად, იმისათვის, რომ სუბიექტი აგენტად აშშ-ში რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება.

მანამდე ამ სხდომაზე არ უშვებდნენ  მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თუმცა დარბაზში უპრობლემოდ შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი დავით ქართველიშვილი.

პარლამენტის საიტზე ოფიციალური პირდაპირი ეთერი გათიშეს. დარბაზში მიმდინარე პროცესებს დეპუტატი ანა ბუჩუკური პირადი ტელეფონით პირდაპირ ეთერში ფეისბუკზე გადასცემდა.

კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ასევე ქუჩაში აპროტესტებენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ, თუმცა განხილვაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ.

ნახეთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი