საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც დაწვრილებით მიმოიხილავს, 2024 წლიდან რა ზომებს მიმართა და რა პროგრესს მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“, რომ მის მიმართ კრიტიკული ხმები ჩაეხშო.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი საქმიანობის საფრთხედ აღქმა“, — განაცხადა ჰიუ უილიამსონმა, საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა.
ანგარიშის სათაურშივე ორგანიზაციას „ქართული ოცნების“ რეპრესიები აქვს გამოტანილი სამოქალაქო სექტორის მიმართ — „საქართველო: ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებს ანადგურებს“. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ზეწოლას საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე საქართველოს მმართველი პარტია დაფინანსების კონტროლითა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნით ცდილობს.
„ახალი კანონებით პრაქტიკულად მთელი უცხოური დაფინანსება სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, შემოღებულია დამაკნინებელი იარლიყი — „უცხოური აგენტი“, ხოლო აქტივისტებსა და დამოუკიდებელ ორგანიზაციებს მძიმე ჯარიმები და თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“, — ასე იწყებს მსჯელობას საერთაშორისო ორგანიზაცია და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ყველა ეს გაუმართლებელი, კრიტიკული ხმების ჩახშობაზე მომართული სამართლებრივი მექანიზმი და მისცეს გასაქანი დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, მედიას თუ ცალკეულ პირებს, აკეთონ თავისი საქმე, მმართველი პარტიის ჩარევის გარეშე. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ სანქციების გზით აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, პასუხი აგოს რეპრესიებზე, ასევე გააფართოონ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერის გზების ძიება.
„საქართველოს ხელისუფლების მიზანი კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა და ამ მიზნის მიღწევაში ის საგანგაშო პროგრესს აღწევს. ქმნის ისეთ სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აღარ შეუძლიათ უსაფრთხოდ ფუნქციონირება, დაფინანსების შენარჩუნება და იმ საზოგადოებების მხარდაჭერა, რომლებსაც ისინი სჭირდებათ და რომლებიც მათზე წლების განმავლობაში იყვნენ დამოკიდებული“, — განაცხადა ჰიუ უილიამსონმა.
უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების, მედიისა და ცალკეული პირების დევნა „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლიდან კონკრეტული კანონების მიღებით დაიწყო. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მედიასთან საუბრისა და ინფორმირების გამო, გამოძიება აწარმოა აქტივისტებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ, საეჭვო გამოძიების ფარგლებში დააყადაღა 12 სამოქალაქო ორგანიზაციის ანგარიშები, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია მათი საქმიანობის პარალიზება.
Human Rights Watch-მა გამოკითხა 15 ქართველი აქტივისტი, იურისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომლებმაც აღწერეს, როგორ შექმნა უკიდურესად მტრულმა გარემომ მსუსხავი ეფექტი, სხვა შედეგებთან ერთად, გამოიწვია თვითცენზურა, თანამშრომლების გადინება, ორგანიზაციების ფინანსური კრიზისი, მოწყვლადი თემების წარმომადგენლები თავს იკავებენ, რომ დახმარებისთვის მიმართონ ორგანიზაციებს. Human Rights Watch-მა ასევე გააანალიზა ახალი კანონები და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები, ხოლო მათი აღსრულების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით ოფიციალური წერილებით მიმართა სახელმწიფო უწყებებს. HRW წერს, რომ ნაწილობრივი ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან, ასევე გარკვეული მონაცემებიც — საქართველოს მთავრობისგან.
ორგანიზაცია ანგარიშში დაწვრილებით მიმოიხილავს შემდეგ კანონებს, მათი აღსრულების მექანიზმებს და მოტანილ შედეგებს:
- 2024 წელს მიღებულ კანონს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, იმავე „რუსულ კანონს“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციების“ იარლიყს რომ აკრავს ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო დონორებიდან ფინანსდებიან.
- 2025 წლის აპრილში მიღებულ ცალკე კანონს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც კიდევ უფრო მეტ ბერკეტს აძლევს სისტემას და პრაქტიკულად ნებისმიერ ორგანიზაციას და პირს ეხება, ვინც რამე ფორმით თანამშრომლობს საერთაშორისო და უცხოელ აქტორებთან.
- „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც უცხოელ დონორებს გრანტების გაცემამდე საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღება ევალებათ, ხოლო ამ ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღება სისხლის სამართლის დანაშაულად არის გამოცხადებული.
Human Rights Watch აღნიშნავს, რომ იცნობს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ხელისუფლებამ გრანტების დამტკიცებაზე დონორებს უარი განუცხადა. მათ შორის არის 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების მონიტორინგისთვის ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერის პროექტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოს უნდა დაეფინანსებინა. შალვა პაპუაშვილმა პროექტი საჯაროდ გააკრიტიკა, ბრიტანეთის საელჩოს კი ბრალი დასდო, რომ „ექსტრემიზმს, სიძულვილსა და პროპაგანდას“ აფინანსებდა. საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველოს ხელისუფლებამ სტატისტიკა მიაწოდა, რამდენი პროექტი დააფინანსეს, რამდენს უარი ეთქვა და რამდენი იყო ჯერ კიდევ განხილვის პროცესში. თუმცა უარი თქვეს გაეზიარებინათ ინფორმაცია, რა ტიპის პროექტების დაფინანსებას დათანხმდნენ და რა პროექტების დაფინანსებაზე უთხრეს უარი დონორებს.
ორგანიზაციას მოჰყავს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული, თუმცა გამოუქვეყნებელი კვლევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების 100 წარმომადგენელთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება. კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხული ორგანიზაციების 96% მწვავე ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა, ხოლო 94%-მა საქმიანობის მასშტაბი შეამცირა. ბევრმა მხოლოდ ძირითადი ფუნქციების შესრულება შეძლო, ნაწილმა კი საქმიანობა საერთოდ შეწყვიტა.
ახალმა შეზღუდვებმა აიძულა საია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული დახმარების ორგანიზაციაა, უფასო სამართლებრივი დახმარება შეეჩერებინა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რეგიონული ორგანიზაციები. თუ 2024 წელს 114 სათემო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, 2025 წელს საქმიანობას მხოლოდ 37 აგრძელებდა, მათგან ბევრი კი დახურვის ზღვარზე იყო.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია „უცხოური გავლენის“ კანონის შესაბამისად რეგისტრაციას განიხილავდა, თუმცა ამაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იუსტიციის სამინისტრო ბენეფიციართა პერსონალური და სამედიცინო მონაცემების წარდგენას ითხოვდა.
ქვიარ-ფემინისტური მედიაპლატფორმის, Grlz Wave-ის დირექტორის თქმით, ორგანიზაცია „თვითცენზურის რეჟიმზე გადავიდა“, განსაკუთრებით ქვიარ თემატიკის გაშუქებისას.
