კომენტარი

უნდათ, რომ ერეკლე აქციონ ქართულ-რუსული იდილიის სიმბოლოდ – ზაზა ფირალიშვილი

24 იანვარი, 2023 • 1426
უნდათ, რომ ერეკლე აქციონ ქართულ-რუსული იდილიის სიმბოლოდ – ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის მოსაზრებით, საქართველოში არსებული პუტინისტური ძალები ლევან ბერძენიშვილისგან უარყოფითი სოციალური სიმბოლოს შექმნას ცდილობენ, რომელსაც საკუთარ იდეოლოგიას დაუპირისპირებენ.

როგორც ზაზა ფირალიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, აღნიშნული ძალები ცდილობენ, რომ ერეკლე მეორე ქართულ-რუსული იდილიის სიმბოლოდ აქციონ.

„საქართველოში პრიმიტიული პუტინისტური ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც ცდილობენ, რომ ერეკლეს თემასა და სხვა საკითხებზე სპეკულირებით პრორუსული განწყობები შექმნან. ეს არის ყველაზე სახიფათო და მიუღებელი ჩემთვის ამ სიტუაციაში. მართალია თუ არა ლევან ბერძენიშვილი [ერეკლე მეორის შეფასებაში], ამაზე მე არ ვსაუბრობ, ეს სხვა თემა არის. ყოფილა შემთხვევები, როცა დისკუსიაშიც ჩავრთულვარ მასთან და ა.შ.

აქ სხვა რამეზეა საუბარი – საქართველოში გააქტიურდნენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ახალი გმირები შემოიყვანონ ქართულ ცხოვრებაში; ცდილობენ, რომ შექმნან ვასილ მჟავანაძის კულტი, როგორც დავით აღმაშენებლის, რომ თურმე მან საქართველო ააშენა და შექმნა. რისთვის არის ეს საჭირო? – უნდათ, რომ ეს ქართულ-რუსული იდილიის სიმბოლოდ აქციონ. ისევე, როგორც უნდათ ერეკლე აქციონ ქართულ-რუსული იდილიის სიმბოლოდ. მთელი ქართული ისტორია თურმე იმიტომ არსებობდა, რომ საბოლოო ჯამში, ერეკლეს ეს ნაბიჯი გადაედგა და ესიყო  ჩვენი გადარჩენა. რამდენად გადარჩენა იყო, ეს ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – ამბობს ზაზა ფირალიშვილი.

მისი თქმით, პუტინისტური ძალები ცდილობენ, რომ ლევან ბერძენიშვილის ირგვლივ დაძაბულობა შექმნან და ეს გამოიყენონ მათთვის სასარგებლო მსოფლმხედველობრივი სიტუაციის შესაფუთად.

„ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მე ადამიანებთან დისკუსიაში არ შევალ. პუტინისტური იდეოლოგიის მატარებელ ადამიანებთან დისკუსია შეუძლებელია. სწორედ ეს ადამიანები აქტიურობენ ახლა განსაკუთრებით. თორემ, ჩემი აზრით, ლევან ბერძენიშვილს საეჭვო დებულებებიც გამოუთქვამს, მისი ზოგიერთი შეხედულება ჩემთვის მიუღებელი არის, მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი. ლაპარაკია იმაზე, რომ ცდილობენ დაძაბულობა შექმნან ადამიანის ირგვლივ და ამას იყენებენ მათთვის სასარგებლო მსოფლმხედველობრივი სიტუაციის შესაფუთად“, – აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

ზაზა ფირალიშვილი ნეტგაზეთთან იმ მიზეზების შესახებაც საუბრობს, თუ რატომ არის კონკრეტულად ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ მიმართული ეს კამპანია. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ბერძენიშვილის ავტორიტეტის განადგურებაა, რომელიც მას ახალგაზრდებში აქვს.

„აქ შეიძლება ბევრი ფაქტორი თამაშობს როლს – შეიძლება ჩვენი მმართველებიდან მავანთა გაღიზიანება ლევან ბერძენიშვილით, რომელიც მათთვის მიუღებელია, მათი შიში, რომ ამ ადამიანს ავტორიტეტი აქვს ახალგაზრდებში და სურთ ამ ავტორიტეტის დანგრევა და ა.შ. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ზემდგომებს შორის მოიძებნება ისეთი ადამიანიც, რომელიც მას პირად მტრად განიხილავს კონკრეტული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ“, – ამბობს ზაზა ფირალიშვილი.

როგორც ზაზა ფირალიშვილი ამბობს, დღეს საქართველოში პუტინისტური ძალების გააქტიურება გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომით.

„ეს მარტო საქართველოში არ ხდება. მთელ მსოფლიოში ხდება პრორუსული ძალების მობილიზება, განსაკუთრებით ევროპაში.

სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ჩაერთნენ რუსები, ამას არ ელოდნენ და ახლა ყველა რესურსს იყენებენ, მათ შორის იმასაც, რომელიც საქართველოში გააჩნიათ. სწორით ამით არის ეს გამოწვეული. თორემ გუშინ ისინი ვერ გაბედავდნენ ასე ხმამაღლა ისეთი ბოდვის შემოთავაზებას, როგორიც არის ვასილ მჟავანაძის დავით აღმშენებლობა“, – ამბობს ზაზა ფირალიშვილი.

ზაზა ფირალიშვილის თქმით, ასეთ დროს კითხვის ნიშნები ჩნდება ხელისუფლების მიმართ, რადგან ისინი არათუ ემიჯნებიან პუტინისტურ ძალებს, არამედ აშკარა ნიშნებია იმის, რომ ხელს უწყობენ მათ საზოგადოებაში სასურველი განწყობების გაღრმავებაში.

„სამწუხაროდ, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ ხდება, რომ ისინი ასეთ დროს არა მხოლოდ გასუსულები არიან, არამედ აშკარაა ნიშნები, რომ ხელსაც უწყობენ ამ განწყობილებების გაღრმავებას. ეს ძალიან სერიოზული კითხვაა და ჩვენ ყველას ამის გააზრება გვიწევს.

სამწუხაროდ, საქართველოს დღეს არ გააჩნია ის ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია, ხელისუფლებიდან მართულ ამ პროცესებს წინააღმდეგობა გაუწიოს. სამწუხაროდ, დღევანდელ ოპოზიციაში ნიჭიერების დეფიციტია – იმეორებენ ერთი და იგივე ფორმებს და დებულებებს, იმის იმედით, რომ ოდესღაც რაღაც გამოვა. ვერა და ვერ მიხვდნენ, ამისაგან პოზიტიური შედეგი არც ქვეყნისთვის და არც მათთვის ვერ მიიღება“, – ამბობს ზაზა ფირალიშვილი ნეტგაზეთთან.


პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის ჩაშლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც არაფორმალურ გარემოში მყოფ ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ვიდეო ატვირთა ფეისბუკ მომხმარებელმა და მისი მტკიცებით, „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ. ვიდეოში ისმის ქალის ხმა, რომელიც ბერძენიშვილს ეუბნება, რომ ერეკლე მეორე გმირია, ხოლო თავად – არაკაცი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ერეკლე II-ს დაცვის საბაბით ლევან ბერძენიშვილს უპირისპირდებიან. მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერები.

ერეკლე II და ლევან ბერძენიშვილი – რა ხდება

  • 28 მაისს თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან.
    „ტელეიმედის“ ცნობით, „მშვიდობიან“ აქციაზე მივიდნენ „ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები“, რომლებმაც განაცხადეს: „ერეკლე ჩვენი სიამაყეა, ჩვენ მეფეს ვიცავთ და ისტორიას, რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია“. ამას წინ უძღოდა ბერძენიშვილი ინტერვიუ. კერძოდ, იუტუბ-არხთან საუბრისას თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება?”

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც – კონტექსტიდან ამოგლეჯილი, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

  • მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.
  • ამის შემდეგ, ამავე წლის 6 ივნისს, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ. როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმელებმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.
  • 15 იანვარს ყვარელში „ალტ-ინფომ“ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ჩაშალა. ლექციის ორგანიზატორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ აქციის წევრებმა გზა გადაკეტეს და ყვიროდნენ, რომ ისინი „ერეკლეს შვილიშვილები იყვნენ,“.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე :

მასალების გადაბეჭდვის წესი