ავტორი: ედვარდ ლუკასი, „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) უფროსი მკვლევარი.
ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს. თუმცა უკრაინას მოგება შეუძლია. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როდის, რა ფასით და რა მასშტაბით. ასეთია ვერდიქტი შვიდთვიანი ომის შემდეგ, რომელიც 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი და დამანგრეველია. უკრაინის ჯარი უკვე უფრო დიდი და ეფექტურია, ვიდრე რუსეთის. ის ყოველდღე უფრო ძლიერი ხდება, კრემლის შეიარაღებული ძალები კი ჩვენს თვალწინაა ჩამოშლის პროცესში – ის დემორალიზებულია ცუდი ხელმძღვანელობით, ლოგისტიკითა და დაგეგმარებით.
მხოლოდ მე კი ნუ დამიჯერებთ სიტყვაზე. უყურეთ რუსულ თოქ-შოუებს, კრემლის პროპაგანდის მანქანის ნაწილს. აღარავის სჯერა, რომ მიდის უბრალო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ [ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება ომს – რედ.]. სიტყვა „ომი“, – ერთ დროს ტაბუ, – ხშირად იხმარება. ღიად განიხილება ბოლოდროინდელი სამხედრო მარცხები.
ანდრეი გურულიოვმა, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, ლიმანის, – ლოგისტიკური ჰაბის, – დაკარგვა „მუდმივ ტყუილს“ დააბრალაა. წამებში მასთან კავშირი შეწყდება. მაქსიმ იუსინმა, სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკურმა რედაქტორმა, თქვა: „რთულია ეკამათო მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ“. ეს ჟღერს, როგორც სულ ოდნავ შენიღბული თავდასხმა პუტინის ბოდვით მაღალფარდოვნობაზე.
რაკიღა პოლიტიკური მიზნები და სამხედრო პრაქტიკულობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რუსეთის პრეზიდენტმა გეოპოლიტიკური ამოცანის შესრულება გადაწყვიტა. იგი ამტკიცებს, რომ მოახდინა იმ ტერიტორიების ანექსია, რომლებიდანაც მისი ჯარები უკან იხევენ.
ამის ფონზე, პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერაა. რუსეთს შეუძლია უკრაინის ხალხსა და ინფრასტრუქტურას საშინელი ზიანი მიაყენოს და ასეც გააკეთებს. ჩემს ძველ მეგობართან, ენ ეპლბაუმთან საუბრისას მივედით დასკვნამდე, რომ პასუხი ერთია: როგორც უორენ ზევონმა თქვა, „გააგზავნეთ ფული, იარაღი და იურისტები“. ფული უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციას დაეხმარება, იარაღი გამარჯვებას მოიტანს, სარჩელები კი კრემლის საომარ მანქანას დაასუსტებს. ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო და უნდა გავაკეთოთ.
ბევრად უფრო რთული კითხვაა, თუ რა იქნება შემდეგ. პუტინმა შეიძლება ვერ გადაიტანოს მარცხი ბრძოლის ველზე, მაგრამ რუსეთის კლეპტოკრატიული და იმპერიალისტური რეჟიმი ბევრად უფრო ხანგრძლივად იცოცხლებს, ვიდრე ცალკეული ადამიანი. მე იმაზე ვდარდობ, რომ პოსტპუტინური ხუნტა გააცურებს დასავლეთს – შესთავაზებს ურთიერთობების „გადატვირთვას“ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის სანაცვლოდ.
სწორი პასუხი [ასეთ შეთავაზებაზე] იქნება „არა“. ერთადერთი მისაღები მშვიდობა უნდა მოიცავდეს რეპარაციებს, სასამართლო პროცესებს სამხედრო დანაშაულებზე, უკრაინის ნატოში წევრობაზე პრეტენზიის არქონას და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. თუკი უკრაინის ხელმძღვანელობას რაიმე სხვა სურს, ეს მათი პრეროგატივაა. თუმცა დასავლეთი არ უნდა გამოძვრეს ტყავიდან, რათა რუსეთის დღის წესრიგი მიიღოს.
დასავლეთის სტრატეგიის ცენტრალიზაცია ფრონტის წინა ხაზზე მყოფი მოკავშირეების საჭიროებებზე დიდი ხნის დაგვიანებულია. სამი ათწლეულის განმავლობაში გადაწყვეტილებების მიმღები პირები ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინსა და სხვა ქალაქებში ზედმეტად ბევრ დროს ხარჯავდნენ რუსეთსა და რუსებზე დარდში და ზედმეტად ცოტას იმ ქვეყნებზე ფიქრში, რომლებიც იცნობენ თავიანთ უზარმაზარ მეზობელს და მისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ. უკრაინელებმა (და ჩეჩნებმა, ქართველებმა და სხვებმა) დასანანი ფასი გადაიხადეს დასავლეთის სტრატეგიის ჩავარდნის გამო. რუსეთი მოჩვენებითი დემოკრატიაც არ ყოფილა. ის იმპერია იყო.
ახლა გვჭირდება ახალი სტრატეგია, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს ბევრ შედეგს, მათ შორის:
- პუტინის ეპოქის ნელი დასასრული ან მისი სწრაფი წასვლა;
- ერთი შეხედვით ძალაუფლების რბილი ან უწესრიგო გადაცემა;
- დასავლეთთან ურთიერთობის დალაგების (როგორი ხელოვნურიც არ უნდა იყოს) სურვილი ან გაზრდილი მტრობა;
- რუსეთის დაშლა ან მცდელობა, ცენტრის კონტროლი ძალით აღდგეს.
პასუხები არ ვიცი, მაგრამ ამაზე ვმუშაობ. თუმცა მთავარია, მოკრძალებულად შევხედოთ ჩვენს შესაძლებლობას რუსეთში მოვლენების პროგნოზირების კუთხით და დავიცვათ მოკავშირეები.
თარგმანი: ნიკა ბურდული