კომენტარი

გადმგდარი გენერალი აფასებს ხარკოვში კიევის კონტრშეტევას

12 სექტემბერი, 2022 • 1305
გადმგდარი გენერალი აფასებს ხარკოვში კიევის კონტრშეტევას

ავსტრალიელი გადამდგარი გენერალი მიკ რაიანი წერს ხარკოვის ოლქში კიევის მიერ წარმოებულ წარმატებული კონტრშეტევის შესახებ, რომელიც 6 სექტემბერს დაიწყო და ამ დროისთვის არაერთი დასახლების გათავისუფლება შეძლო.


ბოლო დღეებში ვნახეთ შეიარაღების, კარგი დაგეგმარების, დაზვერვის, ხელმძღვანელობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმამაცის კომბინაცია ბრძოლის ველზე.

როგორც ბოლო დღეებში გამოჩნდა, გამარჯვება შეიძლება ჩვევად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჭკვიანურად იბრძვი და კარგი ხელმძღვანელობა გყავს. ამას ვხედავთ უკრაინელებისგან ომის განმავლობაში, თუმცა, [ახლა] კონკრეტულად – ჩრდილო-დასავლეთის კამპანიაში.

შვიდი თვის განმავლობაში რუსეთის მხრიდან  ვხედავთ ცუდ ხელმძღვანელობას, მიზნის ნაკლებობას და თანამედროვე საომარი მოქმედებების საბაზისო ელემენტების, – კარგი ლოგისტიკისა და სახმელეთო და საავიაციო ძალების კოორდინაციის, – იგნორირებას.

როდესაც ამას შევადარებთ უკრაინელების მუდმივ ზეწოლას, უეცარ და მაღალ საოპერაციო ტემპს (რომლისთვისაც ფეხის აბმა რუსებს არ შეუძლიათ), დავინახავთ, რომ ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ „გატეხა“ ხელმძღვანელები და მათზე დაქვემდებარებულები, მტერი გარბის.

ამის შედეგია ჩავარდნათა კასკადი, როცა ყოველ მარცხსა და უკან დახევას მორიგი ჩავარდნა მოჰყვება. ახლანდელი უკან დახევა რუსეთის ჯარის მნიშვნელოვანი და ისტორიული მარცხია.

ამის შედეგია, რომ რუსებს უკრაინაში ძალიან ცოტა კარგი არჩევანი დარჩათ(თუ საერთოდ დარჩათ). მათი პოზიციები აღმოსავლეთში საფრთხის ქვეშაა და საჭიროებს დაცვის ხაზებისა და ლოგისტიკის მნიშვნელოვან ორგანიზებას.

რუსეთის დაცვითი  ხაზები სამხრეთშიც საფრთხის ქვეშაა. იქ არის მობილიზებული მათი საუკეთესო შენაერთები. საჭირო იქნება ზოგიერთი მათგანის გადასროლა აღმოსავლეთით. ეს გადასროლა და ამისთვის საჭირო დრო კი მეტ შესაძლებლობას ქმნის უკრაინელებისთვის.

ბოლო ათწლეულის რეფორმებისას, რუსეთის ჯარმა, ვერ მოახერხა ოფიცრების მომზადება ლიდერობისთვის, შენაერთების კი – თანამედროვე ბრძოლისთვის.

ამავე დროს, უკრაინელებმა 2014 წლის რეფორმების პროცესში ბევრი რამ სწორად გააკეთეს. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ინტელექტუალურ კაპიტალში ინვესტირება იყო – კარგი წვრთნები, კარგი უმცროსი ოფიცრები, კარგი განათლება და კარგი ოპერატიული კონცეფციები.

ჩვენ ბევრი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ მტრის შესაძლებლობის შეფასების კუთხით და გავატაროთ შესაბამისი სამხედრო რეფორმები სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიებისა და გეოპოლიტიკური ვითარების ხანაში.

თუმცა ნაადრევია ტრიუმფის შესახებ საუბარი. რუსებს კვლავ აქვთ შესაძლებლობები პასუხის გასაცემად. აღმოსავლეთი და სამხრეთი კვლავ მათ მიერაა ოკუპირებული. უკრაინამ მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება, მაგრამ ომი ჯერ კიდევ მოსაგებია.


ავტორი: მიკ რაიანი, ავსტრალიელი გადამდგარი გენერალ-მაიორი, არმიაში 35-წლიანი მუშაობის გამოცდილებით, ამჟამად „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) ანალიტიკოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი