კომენტარი

ა.შ.შ. კავკასიაში გონივრულად არ იქცევა

20 აპრილი, 2010 • • 1528
ა.შ.შ. კავკასიაში გონივრულად არ იქცევა

foreignpress.ge

როდესაც კავკასიას გადახედავ, მარტივად მიხვდები რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, აზერბაიჯანი და საქართველო კი დასავლეთის. ამ მოცემულობაში, რუსეთი მაქსიმალურად  რაციონალურად იქცევა: ის ცდილობს მისი მოკავშირის (სომხეთის) დაცვას და თავისი პატარა მოკავშირეების (აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი) სტატუსი სახელმწიფოებრიობამდე აჰყავს. რუსეთმა მოკავშირე ქვეყნების რიცხვი უკვე სამამდე გაზარდა. ახლა რიგში დანარჩენი საქართველო და აზერბაიჯანია

რუსეთისგან განსხვავებით აშშ რეგიონში მის მეგობრებს სჯის და დასავლური ალიანსის სისტემას სომხეთისთვის მთლიანად ცვლის, რეგიონში რუსეთის მუდმივი დასაყრდენისთვის. აშშ-ს რომ რაციონალურად ემოქმედა, ის ცივი ომის დასრულების შემდეგ მთელ თავის გეგმებს თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ღერძის გაძლიერებაზე ააწყობდა. ამ ხაზის გაგრძელების კონტექსტში, შესაძლებელი გახდებოდა კასპიის და ცენტრალური აზიის გასწვრივ გაფართოვება და ძლიერი ალიანსის ჩამოყალიბება. ამ ტიპის ღერძი – დასავლეთ-თურქეთიდან ჩინეთისკენ – რეგიონში ისეთი ქვეყნების გავლენას შეამცირებდა, როგორებიცაა რუსეთი და ირანი, თუმცა თუ არ ჩავთვლით ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”-ს ნავთობსადენს (BTC), აშშ-ს ასეთი ალიანსის შექმნისთვის საკმარისი ძალისხმევა არ გაუღია. პირიქით, ბევრ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ აზერბაიჯანის და თურქეთის ნაცვლად, აშშ რუსეთის მოკავშირეს, სომხეთს უჭერდა მხარს: დაფუძნების პირველი დღიდან, სომხეთია ის ქვეყანა, რომელმაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ამერიკული დახმარება მიიღო. ფაქტობრივად, შეერთებული შტატები სომხეთის თავდაცვის ხარჯებს აფინანსებდა.

ძლიერმა სომხურმა ლობმა აშშ-ს კონკრესში სრული ამერიკული მხარდაჭერა აღმოუჩინა სომხეთის პოლიტიკას აზერბაიჯანის და თურქეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის არმიამ აზერბაიჯანული ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა, აშშ უხეშად ექცევა აზერბაიჯანს და არა სომხეთს. როდესაც თურქეთმა და აზერბაიჯანმა ოკუპაციის პასუხად საზღვრები დახურეს, შეერთებულმა შტატებმა ზეწოლის განხორციელება ამ ორ ქვეყანაზე დაიწყო და ამას დღემდე განაგრძობს. თითქოს ეს საკმარისი არ იყო და აშშ-მ მხარი დაუჭირა სომხეთს თურქულ-სომხურ ისტორიულ დავაში და დაახლოებით 100 წლის წინანდელი ინციდენტები ხელახალ პრობლემად აქცია.

ობამას ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებული შტატების მხრიდან „სომხეთისთვის საზღვრის გახსნის“ მოთხოვნებმა იმატა. აშშ-მ მუქარასაც მიმართა (თუ შანტაჟს არა), რომ თუკი საზღვრები არ გაიხსნებოდა და პროტოკოლები არ ამოქმედდებოდა, კონგრესი სომხურ რეზოლუციას აღიარებდა, თუმცა იმის მიუხედავად თუ რას აკეთებს აშშ, სომხეთი – რუსეთის რეგიონია. თურქეთმა  (და აზერბაიჯანმაც კი) საზღვრის ყველა კარი რომ გახსნან, ის ვერ შესძლებს რუსეთის ორბიტიდან დასავლეთის ბლოკის ორბიტაზე გადასვლას. ჯერ ერთი, მთელი მისი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა რუსეთის ხელშია. რუსეთმა იყიდა ან მართვის უფლებით აიღო ყველაზე მნიშვნელოვანი სომხური კომპანიების უმრავლესობა იმ სახელმწიფო ვალების სანაცვლოდ, რომელიც სომხეთს მოსკოვის მიმართ გააჩნდა. მეორეც, რუსი ჯარისკაცები ირანთან და თურქეთთან იცავენ სომხეთის საზღვრებს. თქვენ შეგიძლიათ რუსეთის არმიის დანაყოფების და მათი დროშების ხილვა სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვრებთან და ბოლოს, ქვეყანაში პრო-რუსული ფრთა იმდენად ძლიერია,  რომ ნებისმიერს ვინც რუსეთს და სომხეთს შორის პრობლემების შექმნას შეეცდება, ისინი მოღალატეებად აღიქვამენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არგუმენტი თითქოს თურქეთს და სომხეთს შორის საზღვრის გახსნით, სომხეთი დასავლეთს დაუახლოვდება, აბსოლუტურად მცდარია. პირიქით, სომხეთის მოზიდვით, აზერბაიჯანი სულ უფრო შეურაცხყოფილი, ხოლო საქართველო ეულად რჩება. თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ჩამოყალიბებული პრო-დასავლური ხაზი მთლიანად იშლება.

უცნაურია, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შეერთებული შტატები ძალას არ იშურებს იმისთვის, რომ როგორმე მთელი რეგიონი რუსეთს დაუბრუნოს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აშშ არ მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ერთადერთი რეგიონი სადაც ამერიკელები და რუსები შესაძლოა ერთი და იგივე მიმართულებით მოქმედებენ კავკასიაა. ამის მთავარი მიზეზი აშშ-ში სომხური დიასპორაა. სომხური წარმოშობის ამერიკელების რიცხვი 500 000 ადამიანს აღწევს და ისინი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში არა შეერთებული შტატების, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობენ. თურქეთის მტრობა, რომელიც მათ ერთგვარ აკვიატებულ იდეად ექცათ,  ხელს უშლით რაციონალური ქმედებების განხორციელებაში. მათთვის მნიშვნელოვანი არა შეერთებული შტატები, არამედ სომხეთი და თურქებზე შურისძიებაა. აშშ-მ რომ რეგიონში მთელი თავისი გავლენა დაკარგოს, სომხური დიასპორისთვის თურქებისთვის ზიანის მიყენება საკმარისია. სომხური წარმოშობის ამერიკელებმა, რომლებიც გავლენას განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში იძენენ, პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ძალიან მკაფიო სიტყვები მიიღეს. ვიდრე აირჩევდნენ, 24 აპრილს ობამამ პირობა დადო, რომ თუკი მას აირჩევდნენ ის სიტყვა „გენოციდს“ გამოიყენებდა, სიტყვას რომელსაც სომხები 1915 წლის მოვლენებს უწოდებენ. მეტიც, ის მხოლოდ სიტყვიერი განცხადებით არ შემოიფარგლა, არამედ ეს პოზიცია საკუთარ ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა.                                          

ახლა, ობამამ არ იცის რა უყოს ამ სიტყვების ტვირთს. შარშან ის სიტუაციასთან გამკლავებას ხატოვანი ენით შეეცადა, მაგრამ ახლა ის აჯანჯლებს მოსალოდნელი სიტყვების გამოყენების პროცესს და მიზეზად თურქეთ-სომხეთის ხელმოწერილი პროტოკოლები მოჰყავს. ობამას, რომელიც საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, სურს რომ თურქეთმა რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი პროტოკოლებს, თუმცა თურქეთი პროტოკოლების ამოქმედებისთვის ყარაბახის საკითხში წინსვლას ელოდება. ობამა ცუდ დღეშია. მას არ ანაღვლებს მთიანი-ყარაბახი და სხვა ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიები, მისი მოკავშირე თურქეთი, აზერბაიჯანის ინტერესები ან შეერთებული შტატების ინტერესები. ის დიასპორის ზეწოლის ქვეშაა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აშშ კავკასიაში გონივრულად არ იქცევა. აშშ-ს პატარა უმცირესობა ამერიკულ  სახელმწიფოს საკუთარი დღის წესრიგს ახვევს თავს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა სომხების მძევალია. ჩვენთვის ეს თემა უცნობი არ არის. ანალოგიური სურათი ვიხილეთ 1974-1980 წლებში, როდესაც აშშ-მ თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დააწესა. უზარმაზარი შეერთებული შტატები მაშინ პატარა, მაგრამ ძლიერი ბერძნული ლობის კონტროლქვეშ აღმოჩნდა და ამერიკის პრეზიდენტებმაც კი ვერ შესძლეს თურქეთზე, რომელსაც ნატო-ს მოკავშირეები ჰყავდა, ემბარგოს დაწესების შეჩერება. ამგვარად, ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში, როდესაც ქვეყანამ მის მოკავშირეს ემბარგო დაუწესა. ეს ემბარგო 1980 წელს გაუქმდა, მაგრამ მან უზარმაზარი კვალი დატოვა და თუკი დღეს თურქეთში ანტი-ამერიკული განწყობები არსებობს, ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა სწორედ ამ ემბარგომ იქონია. ბევრი სამეცნიერო პუბლიკაცია მიეძღვნა ამ ემბარგოს და დიდხანს განიხილებოდა ის თუ როგორ შესძლო პატარა უმცირესობამ ამ უზარმაზარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დაპყრობა. დღეს აშშ-ს იგივე საფრთხე ემუქრება. აშშ თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის რუსეთისთვის მიტოვების ფასად, მხარს უჭერს კავკასიაში რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირე სომხეთს. მეტიც, ასევე საფრთხეშია ბევრი ენერგეტიკული შესაძლებლობებიც.

ორიგინალი

მასალების გადაბეჭდვის წესი