კომენტარი

ფონ დერ ლაიენის პასუხი წერილზე Credit Suisse-სთან დავაში სჭირდებათ – გოგოლაშვილი

18 ივლისი, 2022 • 3146
ფონ დერ ლაიენის პასუხი წერილზე Credit Suisse-სთან დავაში სჭირდებათ – გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის წერილზე ევროკომისიისგან მიღებული პასუხი ბიძინა ივანიშვილს სჭირდება შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავაში.

რეზოლუციის გავლენა ივანიშვილის ტრანზაქციების შეფერხებაზე

ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში. გარდა უშუალოდ ამ სასამართლო დავებისა, ბიძინა ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის, რომელმაც მას გადარიცხვები შეუფერხა. იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან დავაში, აცხადებს, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის გადარიცხვაზე უარს ამბობს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, – სადაც ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციაა გაცემული, – რაც იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ტრანზაქციის შეფერხება შიდაპოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.

ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ. ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ის არ ნიშნავს აღმასრულებელი სტრუქტურების მიერ ივანიშვილის სანქცირების ავტომატურად განხილვას.

MKD აცხადებს, რომ 2022 წლის 5 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა მიიღო წერილი ბანკისგან, რომელიც განმარტავს, რომ თითქოს ევროპარლამენტის რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

„საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება, უკეთეს შემთხვევაში, ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება“, — ნათქვამია იურიდიული ფირმის განცხადებაში.

„ჩვენი მიდგომაც ეგ არის, რომ ბანკი და მისი სტრუქტურები იყენებენ არაკეთილსინდისიერად, როდესაც ამ რეზოლუციაზე დაყრდნობით ამართლებენ აქტივებზე შეზღუდვებს. სწორედ ამაზე გადის ჩვენი ძირითადი დასაბუთება, რომ ეს რეზოლუცია არც თავისი ბუნებით და არც თავისი დაუსაბუთებულობით ვერ გამოდგება საკმარის საბუთად, რომ ჩვენ წვდომა შეგვეზღუდოს კონკრეტულ ანგარიშებზე“, — აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ წილოსანი.

დღეს, 18 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილიც ამბობს, რომ ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუცია შვეიცარიულმა ბანკმა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს სთხოვს, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად ევროკომისიამ „მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული“, ასევე, გაემიჯნოს ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

რატომ მისწერა პრემიერმა ევროკომისიას კერძო პირზე?

პრემიერის წერილი არ ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირებულ სხვა კრიტიკულ საკითხებს, რომლის ადრესატიც საქართველოს ხელისუფლებაა და რომელიც ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას თუ საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებას. კახა გოგოლაშვილის თქმით, ესეც ადასტურებს, რომ პრემიერის წერილის ერთადერთი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დაცვაა. გოგოლაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის კომუნიკაცია სხვა არხებითაც მიმდინარეობს, თუმცა წერილის მიწერის მიზანს წარმოადგენს წერილობითი პასუხის მიღება, რაც ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში შვეიცარიული ბანკის არგუმენტის გასაბათილებლად გამოადგება.

„პრემიერის წერილის მიზანი გამომდინარეობს დავიდან, რომელიც ივანიშვილს აქვს Credit Suisse-სთან. ეს არის აშკარა. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება რაღაც რეაგირება მაინც ევროკომისიიდან, რომ ეს უკანასკნელი არ აპირებს ევროპარლამენტის რეზოლუციის სულისკვეთების გაზიარებას და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვას. Credit Suisse გადმორციხვის დროებით შეჩერების არგუმენტად ასახელებს, რომ ევროპარლამენტის  რეზოლუცია შესაძლოა ნიშნავდეს სანქცირების პროცედურების დაწყებას. ივანიშვილს სჭირდება რამე სახის, პატარა მინიშნება მაინც, რომ ეს ასე არ არის.

ევროკომისიასთან ისედაც ექნებოდათ კონსულტაციები, ჩასვლა და საუბარიც შეიძლებოდა. რა აუცილებელი იყო წერილის მიწერა? მაგრამ საუბარი სასამართლოსთვის მტკიცებულება არ არის. ამიტომ მიაწერინეს პრემიერ-მინისტრს წერილი — ეტიკეტის საკითხია, რომ პრემიერის წერილი საერთოდ უპასუხოდ ვერ დარჩება. ფიქრობენ, რომ ევროკომისიის ნებისმიერ პასუხს გამოიყენებენ შვეიცარიულ ბანკთან დავაში, რადგან პასუხში ნათქვამი იქნება, რომ ივანიშვილის დასანქცირების საკითხის განხილვა ჯერ არ დგას დღის წესრიგში. ეს საკმარისი იქნება, წარუდგინონ სასამართლოს და ბანკს მოსთხოვონ, — თქვენ რა უფლებით გვიჩერებთ გადმორიცხვას, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ სანქცირება არ განიხილებაო. ურსულა ფონ დერ ლაიენი, რა თქმა უნდა, არ გამოხატავს დამოკიდებულებას რეზოლუციისადმი, შეიძლება არც უარყოფა იყოს და არც დასტური არ იყოს, მაგრამ საკმარისი იქნება სასამართლოსთვის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს გადარიცხვების შეჩერების შესახებ ბანკის არგუმენტაცია“, — ამბობს გოგოლაშვილი.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის კერძო დავაზე სწერს ევროკომისიას, ამყარებს ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების დასაბუთებულობას დეოლიგარქიზაციის ნაწილში.

„ევროკავშირში სულელები არ არიან და კიდევ ერთხელ მიხვდებიან, რომ მართლა ბიძინა ივანიშვლს აქვს გავლენა პრემიერ-მინისტრზე“, — ამბობს გოგოლაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილის დასაცავად, ჯამში, 7-ფურცლიან ორ წერილს უგზავნის ევროკომისიის პრეზიდენტს, თავის მხრივ, ამბობს, რომ მისთვის „შეურაცხმყოფელია საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწად-ნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება“.

18 აპრილის წერილის დანართის სახით, ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნა რამდენიმე დღის წინ მის მიერ საქართველოში გამოქვეყნებული წერილიც, სადაც, მისი თქმით, დეტალურად განმარტა ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც საქართველოში მმართველობის სისტემა ეფუძნება.

„ვფიქრობ, აღნიშნული წერილი ცხად წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რატომ ებრძვის რადიკალური ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან მისი სრული დისტანცირების შემდეგაც“, — ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს სთხოვს, ევროპარლამენტის რეზოლუციას გაემიჯნოს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი