ახალი ამბები

ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს სთხოვს, ევროპარლამენტის რეზოლუციას გაემიჯნოს

18 ივლისი, 2022 •
ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს სთხოვს, ევროპარლამენტის რეზოლუციას გაემიჯნოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს სთხოვს, გაემიჯნოს ევროპარლამენტის რეზოლუციას და ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს, 18 ივლისს გამოაქვეყნა.

წერილში ღარიბაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ოლიგარქია. პრემიერი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს და მზადყოფნას გამოთქვას, ამასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე, მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“.

რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, „განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა“.

„ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა“, — წერს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, გასაგებ მიზეზთა გამო წერილში არ შეჩერდება ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ წვლილზე 2012 წელს საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის დასრულებასა და 2012 წლიდან ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული წინსვლის უზრუნველყოფაში და ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებაზე არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც „განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“.

„საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწად-ნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, რეზოლუციის ჩანაწერები გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და შესაბამისად, ჩემი ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისითაც პრობლემურია.

ასევე, რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს“, — ნათქვამია წერილში.

ღარიბაშვილის თქმით, მოხარულია, რომ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და ამისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობას უხდის.

თუმცა, ღარაიბაშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად მნიშვნელოვანია, „ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული“.

„ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს. გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია.

ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროკომისიამ დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა. ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს.

მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას, თუმცა იმისთვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნას გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას“, — ნათქვამია წერილში.

მისი თქმით, ევროკომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შენარჩუნდეს მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში.

დანართის სახით, ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნა რამდენიმე დღის წინ მის მიერ საქართველოში გამოქვეყნებული წერილიც, სადაც, მისი თქმით, დეტალურად განმარტა ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც საქართველოში მმართველობის სისტემა ეფუძნება.

„ვფიქრობ, აღნიშნული წერილი ცხად წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რატომ ებრძვის რადიკალური ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან მისი სრული დისტანცირების შემდეგაც“, — ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი