ახალი ამბები

EU-ს მოლდოვისთვის სანქციებთან შეერთება არ მოუთხოვია – მოლდოვის საგარეო მინისტრი

29 ივნისი, 2022 • 1082
EU-ს მოლდოვისთვის სანქციებთან შეერთება არ მოუთხოვია – მოლდოვის საგარეო მინისტრი

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ აცხადებს, რომ ევროკავშირს მოლდოვისთვის არ დაუყენებია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების პირობა. ამის შესახებ მან 27 ივნისს ისაუბრა.

„თქვენ ნახეთ ევროკავშირის რეკომენდაციები იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ევროკავშირის ამ სიგნალებსა და მოთხოვნებს შორის სანქციებთან შეერთება არ არის“, – განაცხადა პოპესკუმ.

როგორც ნიკუ პოპესკუ აცხადებს, მოლდოვა განიხილავს და კოორდინაციას უწევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ევროკავშირის საპასუხო ნაბიჯებს.

„სანქციებთან დაკავშირებით მოლდოვის პოლიტიკა ჩვენს პარტნიორებთან ბევრჯერ განვიხილეთ და მათთან კოორდინაციაში ვიყავით. ეს პოლიტიკა ხელს არ უშლის ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესს.

კანდიდატის სტატუსის მიღება იმის საუკეთესო დასტურია, რომ საგარეო პოლიტიკისადმი ჩვენი მიდგომით მოლდოვა თავდაჯერებულად მიიწევს  ევროკავშირის წევრობისკენ“, – განაცხადა ნიკუ პოპესკუმ.

მანამდე, 24 ივნისს, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მოლდოვა მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან  სტატუსი და ქვეყნის ევროპული მისწრაფებები  ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმართ სოლიდარობას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი