კომენტარი

ლანა ღოღობერიძე: 20 ივნისი უნდა იყოს დიდი დღე

13 ივნისი, 2022 • 1999
ლანა ღოღობერიძე: 20 ივნისი უნდა იყოს დიდი დღე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ეხმაურება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის საფრთხეს და ამბობს, რომ ეს იქნება ქვეყნის ღალატი.

ღოღობერიძე Facebook-ში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ერის ცნობიერებაში არსებობს ერთი, გენეტიკური მეხსიერებით განპირობებული, საკრალური იდეა, რომელიც არასდროს, არავითარ სიტუაციაში არ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ. ეს დამოუკიდებლობის და მასთან შერწყმული თავისუფლების იდეაა. ის განსაკუთრებით ცხოველმყოფელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, რომელიც ისტორიულად და გეოგრაფიულად მარტოობისთვის იყო განწირული — პატარა, უნათესაო ქვეყანა, დიდი იმპერიების რკალში მომწყვდეული. ეს იდეა სისხლით არის განწმენდილი. მას საუკუნეთა მანძილზე შეეწირნენ გამორჩეული ადამიანები და ისინი ერმა წმინდანებად შერაცხა.

დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა ამ ისტორიით დეტერმინირებული და თავის არსში ყველანაირი განსაცდელის შემცველი, ტრაგიკული მარტოობის დაძლევისა: ეს არის დიდ, ცივილიზებულ, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე დაფუძნებულ ევროპულ ოჯახში გართიანება, უფრო სწორად, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა ამ ძნელ, დაბრკოლებებით სავსე გზაზე, რომელზედაც ბრძოლით, თავგანწირვით, ბორძიკით, უკანდახევებით და მაინც შეუპოვრად მივდიოდით საუკუნეთა მანძილზე“, — წერს ღოღობერიძე.

მისი თქმით, ევროპულ ოჯახში გაერთიანება ნიშნავს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცებას და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

„მე მზარავს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ შეიძლება ამ გზას გადავუხვიოთ, ანუ უფსკრულში ჩავიჩეხოთ. ამიტომ მოვუწოდებ კი არა, ვევედრები ყველას, ყველას, ვისთვისაც სამშობლო ცარიელი სიტყვა არ არის და განსაკუთრებით იმათ, ვისთანაც ერთად სულ რამდენიმე წლის წინ იმედი მქონდა, რომ სამართლიან ქვეყანას ვაშენებდით: განზე გადადონ ყველანაირი პირადი თუ პარტიული ინტერესი, ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილი და არ გადაჩეხონ საქართველო უფსკრულში, ანუ აღდგენილ თუ მოდერნიზირებულ საბჭოთა ჭაობში. იფიქრონ იმაზე, რომ იმ ჭაობიდან კიდევ დიდხანს ვეღარ ამოვალთ და ეს მათი შვილებისთვისაც დამღუპველი იქნება“, — წერს რეჟისორი.

ლანა ღოღობერიძე ამბობს, რომ ამის დაშვება არ შეიძლება.

„ეს იქნება უკიდურესი უგუნურება, ან ელემენტარულად ქვეყნის ღალატი (გარემოების უაღრესი სირთულე მაიძულებს ვიხმარო ეს სიტყვა, თუმცა ყოველთვის ორგანულად ვეწინააღმდეგებოდი მის გამოყენებას თანამოქალაქის მიმართ). დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის და 20 ივნისის! ეს უნდა იყოს დიდი დღე, დღე, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს საერთო ძარღვებში სისხლი არ დამშრალა! იმედია, მაპატიებთ წერილის პათეტიკურ კილოს — ის განპირობებულია საფრთხის სიღრმის და პირადად ჩემთვის, სიკვდილის სიახლოვის რეალური შეგრძნებით“, — ამბობს ლანა ღოღობერიძე.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ” დააანონსა აქციის ჩატარება “შინ ევროპისკენ”. ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებული აქცია 20 ივნისს, 20 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან იგეგმება.

“შინ ევროპისკენ” – “სირცხვილია” 20 ივნისს თბილისში აქციას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი