ახალი ამბები

“შინ ევროპისკენ” – “სირცხვილია” 20 ივნისს თბილისში აქციას გეგმავს

8 ივნისი, 2022 •
“შინ ევროპისკენ” – “სირცხვილია” 20 ივნისს თბილისში აქციას გეგმავს

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” დააანონსა აქციის ჩატარება “შინ ევროპისკენ”. ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებული აქცია 20 ივნისს, 20 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან იგეგმება.

“ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.

გაივლის 1 საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება – გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია”, – ნათქვამია “სირცხვილიას” განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ სიტყვით.

გარეკანის ფოტო: FB/”სირცხვილია”

მასალების გადაბეჭდვის წესი