კომენტარი

მეთაური ჰყვება, როგორ დაიღუპა ორი ქართველი მებრძოლი უკრაინაში

10 აპრილი, 2022 • 7662
მეთაური ჰყვება, როგორ დაიღუპა ორი ქართველი მებრძოლი უკრაინაში

უკრაინაში გუშინ დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, ფეისბუკზე 9 აპრილს დაწერა, რომ კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, 5 კი დაიჭრა.

იმ 12-წევრიანი დანაყოფის მეთაურმა, სადაც დაღუპულები მსახურობდნენ, მეორე დღეს, 10 აპრილს, დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.

კერძოდ, გოჩა ხორავამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში დაადასტურა დაღუპულთა ვინაობა: დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა.

გოჩა ხორავა ამბობს, რომ როდესაც დანაყოფი 18-საათიანი წარმატებული სპეცოპერაციიდან ბრუნდებოდა, „ოკუპანტებმა ხარკოვთან უთანასწორო თავდასხმა განახორციელეს“.

გოჩა ხორავას თქმით, დაჭრილია ხუთი ქართველი მებრძოლი, ხოლო მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან მძიმეა“.

„კონტაქტურზე მოვხვდით და წინააღმდეგობა რომ ვერ გაგვიწიეს, გამოიძახეს არტილერია და არტილერიამ დაგვბომბა. ერთ კაცზე მოდიოდა 20 ჭურვი“, – განაცხადა მან.

„7 კაცი კანტუზიანი გვაქვს. ბიჭები ახლა გადაგვყავს უსაფრთხო ჰოსპიტალში. 2 დაღუპული გვყავს ჩემი მაგარი მებრძოლები, გმირები, გმირულად დაეცნენ ჩვენი ბიჭები“, – ამბობს ხორავა.

„მე ვთხოვ მთელ საქართველოს, ჩვენს ბიჭებს დახვდნენ როგორც საჭიროა ისე, გმირებს“, – განაცხადა მან.

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საბრძოლო მოქმედებებს უკვე ექვსი ქართველი მებრძოლი შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი