საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

26 მარტი, 2022 • 2720
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო უკრაინაში, უწყება კავშირზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

როგორც “ტვ პირველს” უკრაინაში მყოფმა ქართველმა მოხალისეებმა განუცხადეს, მათი თანამებრძოლი ქალაქ ირპენში დაიღუპა.

“ირპენში იყო ისიც, ჩვენგან 4 კილომეტრში. უკრაინელი ბიჭებიც იყვნენ და გამოიყვანეს”, — უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა ტელეარხს სატელეფონო ინტერვიუში, მეორემ კი დასძინა:

“ძირითადად აქ თუ ვიხოცებით, ვიხოცებით საარტილერიო დაბომბვებისგან. საარტილერიო დაბომბვაში მოყვა და გარდაიცვალა”.

მანამდე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს 3 ქართველი მებრძოლი შეეწირა. დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ირპენში დაიღუპნენ, ბახვა ჩიქობავა კი — მარიუპოლთან.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი