რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მაღალჩინოსნები კვლავ საუბრობენ ჩეჩნეთიდან საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნის საჭიროებაზე, – ამჯერად რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო „შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების“ გათვალისწინებით.
ეს იდეა არახალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი წლებია, ამ გზის საჭიროებაზე საუბრობს, საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების ოკუპაციისა და დამატებითი სამხედრო რისკის ფონზე, შემხვედრი ნაბიჯები არასოდეს გადაუდგამს.
გზა ჩეჩნეთის მხარეს უკვე წლებია არსებობს, თუმცა კეთილმოწყობილი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე კი შემხვედრი გზის ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს.
„ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში იხსენებს გზის ისტორიას 1990-იანი წლებიდან მოყოლებული და მიმოიხილავს, რა მნიშვნელობა აქვს მას გროზნოსთვის, რა პოზიცია აქვს ამაზე რუსეთს და რა პოზიცია აქვს და უნდა ჰქონდეს საქართველოს.
რა არის სიახლე?
ჩეჩნეთ-საქართველოს გზის საკითხზე ხელახალი საუბარი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ვიზიტს მოჰყვა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, პატრუშევი 2022 წლის 15 მარტს ჩავიდა გროზნოში საგანგებო ვიზიტით. გროზნოს აეროპორტში მას დახვდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, იური ჩაიკა და ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი.
კადიროვისეული ტრადიციის დაცვით, ახმატ კადიროვის საფლავის მონახულების შემდეგ, მაღალჩინოსნებმა ვლადიმერ პუტინის სახელით გამართეს შეხვედრა უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით. სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის საკითხი განიხილეს.
რაც შეეხება საქართველოს, კერძოდ კი საქართველოსკენ ჩეჩნეთიდან მიმავალ გზას, ამ საკითხზე საბჭოს ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა, მუსლიმ ხუჩიევმა ისაუბრა. მან განაცხადა, რომ:
- „ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით მიღებულია ყველა აუცილებელი ღონისძიება“;
- „სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ჩეჩნეთის რესპუბლიკა ინარჩუნებს დადებით დინამიკას ძირითად მაჩვენებლებში, თუმცა ანტირუსული სანქციების გამო ამ მიმართულებით ახალი გამოწვევები ჩნდება“.
ხუჩიევის თანახმად, „არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია აჩვენებს აუცილებლობას, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა გაძლიერებულად იმუშაონ ახალი შესაძლებლობების მოსაძიებლად, რათა დამყარდეს ახალი ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, ამ ტერიტორიებთან ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით“.
სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან საქართველო და საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზა:
„ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს საკუთარი ტერიტორიიდან საქართველოს რესპუბლიკასთან სასაზღვრო გადასასვლელის ორგანიზებისთვის. ეს საკითხი დიდ პრესკონფერენციაზე წამოჭრეს პუტინთან, რაზეც ვლადიმერ ვლადიმერის ძემ განაცხადა, რომ ეს კარგი იდეაა და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის სამინისტროში პრაქტიკული გეგმა არ არსებობს, მიზანშეწონილობა ნამდვილად დგას“.
მუსლიმ ხუჩიევის განცხადებით, „გზის მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ 90-იან წლებში, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამ შეაფერხა“ და „საქართველოსთან გზას აქვს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის ფედერაციისთვის“:
„ეს გზა უზრუნველყოფს გასასვლელს დამოუკიდებელ მეზობელ ქვეყნებთან, – საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ირანთან, – რომლებსაც უკვე აქვთ განვითარებული სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა მან.
მუსლიმ ხუჩიევის თქმით, – რომელიც წარსულში გროზნოს მერი იყო, – „იმის გათვალისიწნეიბთ, რომ რთული მდომგარეობაა ჩვენი სახელმწიფოს გარშემო, ეს საკითხი იძენს უფრო მეტ აქტუალობას“.
გზის ისტორია
ჩეჩნეთის რაიონ იტუმ-კალესა და შატილის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე საუბარი ათწლეულების წინ დაიწყო, – საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის ინფორმაციით, „ჯერ კიდევ 1970-იან თუ 1980-იან წლებში“.
გზის მშენებლობა ჩეჩნეთის მხარეს 1998 წელს დაიწყო, იმ პერიოდში, როდესაც ჩეჩნეთის მთავრობისთვის, მოსკოვთან დაპირისპირებისა და მის მხრიდან ჩეჩნეთის ბლოკადის ფონზე, საქართველოსთან გზის გაჭრა სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო.
ამ დროისთვის ჩეჩნეთის პირველი (1994-96 წლების) ომი დასრულებულია, ჩეჩნეთის რესპუბლიკას, იჩქერიას ექვსი წელია გამოცხადებული აქვს დამოუკიდებლობა, პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი მოკლულია, ძალაუფლებას კი არჩევნებში გამარჯვებული ახალი პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი ფლობს და უკვე ხელმოწერილი აქვს სამშვიდობო ხელშეკრულება (1997 წლის მაისში) პრეზიდენტ ბორის ელცინთან. საქართველოში ამ დროს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა.
„შევარდნაძეს საინტერესო პოლიტიკა ჰქონდა ჩრდილოკავკასიელების მიმართ. მან საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა ამ საკითხში“, – იხსენებს კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი, კავკასიის საკითხების სპეციალისტი.
„ჩეჩნები ბევრად უფრო მეტად ემხრობოდნენ ზვიად გამსახურდიას, და მათ ამ ფაქტორის გათვალისიწნებითაც იომეს აფხაზეთში უკვე შევარდნაძის ყოფნის დროს. თუმცა [შევარდნაძის პოლიტიკის ცვლილების შემდეგ] ჩეჩნეთის პირველი კამპანიის შემდეგ და მეორე ომის გარიჟრაჟზე ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობები იცვლება. შევარდნაძემ, ფაქტობრივად, თითქმის აღიარა კიდეც ჩეჩნეთის ხელისუფლება, დაამყარა კონტაქტები ასლან მასხადოვთან და სხვადასხვა მიმართულებით იყო პროგრესი“, – გვეუბნება გიორგი კანაშვილი.
1997 წელსვე მასხადოვი ჩამოდის საქართველოში, – თბილისსა და პანკისში, – და ხვდება პრეზიდენტ შევარდნაძეს. პანკისში სტუმრობისას მას ქისტები მგლის ლეკვს ჩუქნიან.
ეს მასხადოვისთვის განსაკუთრებული საჩუქარია: ნაცრისფერი მგელი ჩეჩენი ერის ერთგვარი სიმბოლოა [ჩეჩნურ მითოლოგიაში მგელი არის თურფალის [პრომეთესა და ამირანის ანალოგის] აღმზრდელი, ასევე მგელს თავისუფლების სიმბოლოდაც მიიჩნევენ, ზოგჯერ მგელი გამოსახულია იჩქერიის დროშაზეც].
გიორგი კანაშვილი იხსენებს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების გაფუჭება ჩეჩნეთის კონტექსტსაც უკავშირდება:
„რეალური პრობლემები და პოლიტიკის გადახედვა საქართველოსთან მიმართებაში 90-იანი წლების შემდეგ იწყება, მათ შორის იქიდან, როდესაც შევარდნაძე უარს ეუბნება რუსეთს, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული თავისი შენაერთები იმისთვის, რომ აქედან გადავიდნენ და ჩეჩნებს, ფაქტობრივად, ზურგიდან დაარტყან“.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 1998 წელს ჩეჩნეთში დაწყებული გზის მშენებლობა ქართულ მხარეს აღარ გაგრძელებულა.
„რადიო თავისუფლების“ ჩრდილოკავკასიური სამსახურის, „კავკაზ რეალიის“ ცნობების თანახმად, 1998 წელს, „თბილისისთვის და მოსკოვისთვის მოულოდნელად, ჩეჩნურმა გზის გამყვანმა ტექნიკამ მდინარე არღუნი გადაკვეთა და უკვე ქართულ მხარეს დაიწყო ქართულ სოფელ შატილამდე გზის დასრულება“.
გამოცემის თანახმად, ამას მოჰყვა თბილისის მიერ გროზნოსთვის სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნა. მეტიც, გამოცემის თანახმად, ამ ამბის შემდეგ ქართველმა მესაზღვრეებმა ადგილზე ბლოკპოსტი განათავსეს.
ეს ამბავი ასე დასრულდა.
ერთ წელიწადში რუსეთის ფედერაცია გროზნოში შეიჭრა და დაიწყო „ანტიტერორისტული ოპერაცია“ – ჩეჩნეთის მეორე ომი, რომლის მიმდინარეობის დროსაც ჩეჩნეთის მხარეს ახლად გაყვანილი გზა მნიშვნელოვნად დაზიანდა რუსული ჯავშანტექტნიკის გადაადგილებისა და რუსეთის საჰაერო ძალების შეტევების გამო.
კადიროვის სურვილი წლების განმავლობაში
გადის წლები და რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებული ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი, ამ გზის აღდგენისა და საქართველოსთან ჩეჩნეთის დაკავშირების საჭიროებაზე აქტიურად იწყებს საუბარს.
ჩეჩნეთის 2012 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს გროზნო-შატოი-იტუმ კალე-შატილის 66-კილომეტრიანი სამანქანო გზის მშენებლობას და მისი მშენებლობის საბოლოო თარიღად 2025 წელს ასახელებს.
კადიროვი თვითონაც ხშირად საუბრობს ამ გზაზე. მაგალითად, 2018 წლის იანვარში ის აცხადებდა:
„დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც ნანგრევებისგან გავწმენდთ ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალ გზას, გადავაქცევთ მას თანამედროვე, მეგობრობის გზად საქართველოსა და რუსეთს შორის, საბოლოოდ კი, არღუნის ხეობაში ავაშენებთ რკინიგზას, რომელიც გროზნოს გავლით დააკავშირებს მოსკოვს, თბილისსა და თურქეთს“.
გიორგი კანაშვილის თქმით, „დღეს აღმოსავლეთ ჩრდილოკავკასიის მოსახლეობას სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში გადმოსასვლელად, პორტებზე წვდომის თვალსაზრისით, თურქეთში გასასვლელად უწევს ლარსიდან შემოსვლა, ახალი გზა კი ნამდვილად შეამცირებდა მათ მარშრუტს, გაზრდიდა მობილობას და რიგ დეპრესიულ რეგიონებს, – ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნის ნაწილს, – გამოაცოცხლებდა“, რის გამოც ჩეჩნეთი აქტიურად ლობირებს ამ საკითხს.
რატომ სურს ეს ჩეჩნეთს?
ჩეჩნეთის რესპუბლიკა ტერიტორიულად მოქცეულია საქართველოს, სხვა ჩრდილოკავკასიურ რეგიონებსა და რუსეთის სხვა ტერიტორიებს შორის. კერძოდ,
- დასავლეთით მას ესაზღვრება ჩრდილოეთ ოსეთი და ინგუშეთი;
- ჩრდილოეთით – სტავროპოლის მხარე;
- აღმოსავლეთით – დაღესტანი;
- სამხრეთით კი – საქართველო.
ამჟამად რუსეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლა სახმელეთო გზით მხოლოდ ლარსის გამშვები პუნქტიდან არის შესაძლებელი, თუმცა ეს გზა ხშირად არის დაკეტილი უამინდობისა და დიდთოვლობის გამო და, კანაშვილის სიტყვებით, „როცა დაკეტილი არ არის, დიდი ნაკადების გამო საცობებია“.
ლარსის გამშვები პუნქტი საქართველოს აკავშირებს ჩრდილოეთ ოსეთთან. გროზნოდან ლარსამდე გზას, – ვლადიკავკაზის გავლით, – 2.5 სთ მაინც სჭირდება. კადიროვის 2019 წლის განცხადების თანახმად კი, იტუმ კალე-შატილის გზა 40 წუთში შეიძლება ავტომობილმა გაიაროს.
ამ გეოგრაფიული სირთულეების გათვალისწინებით, გიორგი კანაშვილი ამბობს:
„იმის გათვალისწინებით, რომ რამზან კადიროვი ცდილობს, იყოს არა მხოლოდ ჩეჩნეთის ლიდერი, არამედ იყოს რეგიონული ლიდერი, ლოგიკურია მისი ეს სურვილი, გაჭრას გზა საქართველოსკენ და მეტი კონტაქტები ჰქონოდა ქართულ მხარესთან. ეს გაზრდიდა მის წონას რუსეთშიც, მის გავლენას საქართველოზე, ჩეჩნეთის წვდომას იმავე თურქეთზე, საქართველოს აეროპორტებზე“.
„საქართველოს აეროპორტებთან [თბილისი, ქუთაისი] წვდომა სერიოზული მნიშვნელობისაა მისთვის, რადგან ეს გზა რომ გამოიჭრას, 2-3 საათში იქნება შესაძლებელი გროზნოდან თბილისში ჩასვლა. გროზნოში კი არ არის საერთაშორისო რეისები, ძირითადად შიდა რეისებია. ეს ჩეჩნეთისთვის სრულიად სხვა სახის პერსპექტივას გააჩენდა“, – ამბობს იგი.
ამასთან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩეჩნეთს საქართველოს გავლით გაუჩნდებოდა გასასვლელი ზღვაზე: „ტექნიკის შეტანა, ტრანსპორტის შეტანა, ფოთი-ბათუმის პორტების გამოყენება მნიშვნელოვანი იქნებოდა მათთვის და, ცხადია, მათი პერსპექტივიდან სტრატეგიულად სწორი ნაბიჯია. თუმცა მეორეა, ჩვენ გვინდა თუ არა. და ამაზე პასუხი ცალსახაა: ნამდვილად არ გვსურს“, – გვეუბნება გიორგი კანაშვილი.
საქართველოს მთავრობა წლებია ჩეჩნეთთან დამაკავშირებელ გზაზე უარს აცხადებს.
2018 წელს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ რუსეთის მხარესთან არცერთ ფორმატში არასოდეს არ ყოფილა ამ საკითხზე საუბარი.
„ნეტგაზეთი“ მას ახლაც დაუკავშირდა, თუმცა ამ დროისთვის კომენტარი არ ისურვა.
რას ამბობს კრემლი
გიორგი კანაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს გარდა, „არც მოსკოვია დიდად დაინტერესებული ჩეჩნების და ჩეჩნეთის გზების დივერსიფიკაციით“:
„მათ სჭირდებათ კადიროვი ზუსტად იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა ის არის. მისი განსაკუთრებით „დატოტილი“ კავშირები, თუნდაც საქართველოსთან, არ აწყობთ. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ინიციატივას მოსკოვშიც არ უყურებენ დიდი ენთუზიაზმით“.
კანაშვილი იხსენებს 2019 წლის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინისთვის დასმულ კითხვას ამ საკითხზე, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „კარგი იდეაა“, თუმცა ჯერჯერობით გეგმებში არ შედის:
„საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს პრობლემა, განსაკუთრებით- ზამთრის პერიოდში, თოვლის გამო. რა თქმა უნდა, ეს ვიცით. ეს, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ [ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა], კარგი იდეაა, მაგრამ ჯერჯერობით ტრანსპორტის სამინისტროს გეგმებში არ შედის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ცნობილი იდეაა და მისი განხორციელება რაციონალურია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
გიორგი კანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახლა, – უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, – გზის საკითხი კვლავ წამოსწია ჩეჩნეთის ხელისუფლებამ:
„შესაძლოა, რომ არსებულ კონტექსტში, – როდესაც რამზან კადიროვი თავად ძალიან აქტიურად ეხმარება რუსეთს უკრაინასთან ომში, მის გვერდში დგას ამ აგრესიაში და აგზავნის თავის შენაერთებს, – მან ეს თემა წამოსწიოს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობასაც კი სთხოვეს, რომ საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობა ეკისრათ, მასზე წნეხი გაეზარდათ“.
საქართველოს პოზიცია
17 მარტს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პატრუშევის ვიზიტისა და უშიშროების საბჭოზე მუსლიმ ხუჩიევის განცხადება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს საკითხი არასოდეს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში:
„[გვსურს] ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას“. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია არის მცდარი“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
17 მარტსვე ამ საკითხზე საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და განაცხადა:
„საქართველო არასოდეს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. ჯერ რაც გაგვყავს „პერევალზე“ და სხვაგან, იქ დავაგოთ და გავაკეთოთ“…
გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ „საქართველოს ხელისუფლება გულწრფელია იმაში, რომ ამ გზას ყოველთვის განიხილავდა პრობლემად და დამატებითი დესტაბილიზაციის შესაძლო საშუალებად“:
„ახლა განსაკუთრებით ცხადია, რომ დამატებითი გზების გაყვანა შეიცავს დამატებით რისკებს, პოლიტიკურადაც არასწორი მესიჯი იქნება. ამასთან, ჩრდილოეთიდან მომდინარე გზები ბევრჯერ გამხდარა თავის ტკივილი და ტრავმულ გამოცდილებებს ამოატივტივებს ხოლმე“.
კანაშვილი გულისხმობს როკის გვირაბს, – რომელიც ცხინვალის რეგიონს ჩრდილოეთ ოსეთთან აკავშირებს, – საიდანაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას შემოიჭრა რუსეთის ფედერაციის ძალების ნაწილი.
საქართველოსთვის ახალ გზასთან დაკავშირებული ძირითადი რისკი სწორედ აქ იკვეთება: სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ამ გზის არსებობა შექმნის დამატებით რისკს, რომ რუსეთი სამხედრო ტექნიკას მარტივად შემოიყვანს.
„ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ქართული ხელისუფლებისგან ასეთ ინიციატივაზე [საუბარი ან თანხმობა] თვითმკვლელობა იქნებოდა“, – გვეუბნება გიორგი კანაშვილი.
ჩეჩნეთ-საქართველოს გზის საკითხზე 17 მარტს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა:
„სანამ რუსეთი დაიწყებს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე საუბარს, მანამდე მან უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რაც 2008 წლის შეთანხმებით ეკისრება და გაიყვანოს [შეიარაღებული] ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვფიქრობ, რომ თუ რუსეთის გულწრფელობის განსჯა გსურთ, – ნებისმიერი განცხადებისა თუ პირობისა, – შეხედეთ, როგორ ასრულებენ 2008 წლის ვალდებულებებს. მათ არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებიათ“.