კომენტარი

ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია

15 მარტი, 2022 • 1934
ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის აზრით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

საქართველოს მთავრობა აპირებს, საკონსტიტუიციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ დავა დაიწყოს. ხმალაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კომპეტენციის თაობაზე სარჩელით მიმართვით „ქართული ოცნება“ თავად აღიარებს, რომ საკითხი არის სადავო. შესაბამისად, იმის თქმა, რომ დავის რომელიმე მხარემ დაარღვია კონსტიტუცია, სამართლებრივად არასწორია.

ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელში უნდა მიუთითოს კონკრეტული ნორმა და ამ ნორმის ინტერპრეტაცია, რომელსაც სადავოს ხდის.

„საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მხოლოდ ის, რომ ის ჩანაწერი, რაც კონსტიტუციაშია, გულისხმობს იმასაც, რომ მაგალითად, პრეზიდენტს უფლება არა აქვს, თუნდაც არაოფიციალური ვიზიტი განახორციელოს მთავრობის თანხმობის გარეშე. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უცხოეთში ვიზიტისა და სხვა სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრისა და იქ თავისი შეხედულებების გამოთქმის უფლება, ამის შემდეგ, თუ პრეზიდენტი მსგავს რამეს გააკეთებს, ის უკვე ჩაითვლება კონსტიტუციის დარღვეად, მაგრამ მანამდე, ეს ვერ იქნება აღებული როგორც კონსტიტუციის დარღვევის განმარტება. შესაბამისად, ვერც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძვლად გამოიყენება, და თუ მაინც შეეცდებიან გამოყენებას და თუნდაც კენჭისყრამდე მივიდეს საქმე, ძალიან ეჭვი მეპარება, პარლამენტში მოიძებნოს 100 დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ხმალაძემ.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებული „მთელი რიგი ახალი თამაშის წესები“ მიუთითებს მის სურვილზე, კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. მმართველი გუნდი მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას  მთავრობას ანიჭებს, ხოლო პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტად ასახელებს ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნას და ამბობს, რომ პრეზიდენტს ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს, მიუხედავად ამისა, გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.

მმართველი გუნდის წევრებმა კონსტიტუციის დარღვევად შეაფასეს პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტები მთავრობის ნებართვის გარეშე. თუმცა „ქართული ოცნების“ განცხადებიდან ბუნდოვანი რჩება, კონკრეტულად რა ნაწილში და რომელი ნორმის დარღვევას ედავება მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს — ეხება ვიზიტების და განცხადებების სახით საერთაშორისო  ურთიერთობებში წარმომადგენლობას, ელჩების დანიშვნაზე უარის თქმას თუ სხვა.

ვახტანგ ხმალაძე არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციოში სადავოდ გახდის ელჩების დანიშვნის საკითხს, რადგან კონსტიტუციაში არსად წერია, რომ პრეზიდენტს ამ პროცესში მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია აქვს.

„არსებითად ვერ გავიზიარებ „ქართული ოცნების“ იმ პოზიციას, რომ ელჩების დანიშვნისას პრეზიდენტის როლი არის ცერემონიული. პრეზიდენტი არ გახლავთ ნოტარიუსი, რომელიც ამოწმებს ხელმოწერას. პრეზიდენტის ფუნქცია ამ საკითხში ზუსტად არის განსაზღვრული კონსტიტუციით, კონსტიტუცია კი ამბობს, რომ პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს მთავრობის წარდგინებით. ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად პრეზიდენტი ვერ დანიშნავს მათ, ისევე, როგორც მთავრობა ვერ დანიშნავს დამოუკიდებლად.  ორმაგი კონტროლი ჩვეულებრივი რამ არის, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ხდება და მისი მიზანია შეცდომის ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა. ისე თუ მივუდგებით, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, მაშინ გასცენ პასუხი კითხვას: საგანგებო ან საომარი მდგომარეობას როდესაც აცხადებს პრეზიდენტი მთავრობის წინადადებით და უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, პრეზიდენტი აქაც ცერემონიულია? თუ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მიზანშეწონილი არაა, მაინც უნდა მოაწეროს ხელი? ცხადია, რომ ასე არ არის და სამმაგი კონტროლი ნიშავს, რომ სამივე ინსტიტუტი უნდა იყოს თანახმა. პრეზიდენტის ცერემონიულობაზე და ვალდებულებაზე საუბარი, რომ გინდა თუ არა მოაწეროს ხელი, უბრალოდ კონსტიტუციის ნორმის არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაციაა“, — აცხადებს ხმალაძე.

რაც შეეხება პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტებს და მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრებს, ხმალაძე განმარტავს, რომ კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს.

„ეს ნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისთვის პრეზიდენტს აუცილებლად სჭირდება მთავრობის წინასწარი თანხმობა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოს სახელით,- იქნება ეს განცხადება, რაიმე საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა, გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე, საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა, — თუ ეს კეთდება საქართველოს სახელმწიფოს სახელით, პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის ნებართვა. რაც შეეხება პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტებს, ამის თაობაზე კონსტიტუცია არაფერს ამბობს, ე.ი. ეს არ არის აკრძალული და ამაზე თანხმობა არ სჭირდება“, — ამბობს ხმალაძე.

მისივე ცნობით, სულ რამდენიმე სახელმწიფოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება, დატოვოს სახელმწიფო მთავრობის ან პარლამენტის თანხმობის გარეშე.

„ჩვენთან ასეთი რამ არ წერია. ე.ი. პრეზიდენტს აქვს სრული უფლება, როდესაც უნდა და სადაც უნდა, იქ წავიდეს. პრეზიდენტის მიერ პირადი აზრის გამოთქმა არც აკრძალულია და არც მთავრობის თანხმობა სჭირდება.  კონსტიტუციას რომ გადაეწყვიტა, რომ ამას სჭირდება მთავრობის თანხმობა, პირდაპირ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი კონსტიტუციაში. მაშასადამე, პრეზიდენტს აქვს უფლება, განახორციელოს ვიზიტი, სადაც იგი ამას მიიჩნევს საჭიროდ, და გამოთქვას თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, თუნდაც ეს შეხედულება არ ემთხვეოდეს საქართველოს მთავრობის შეხედულებას. ეს არის მისი პირადი აზრი, პირადი შეხედულება და ეს აკრძალული არ არის“, — ამბობს ხმალაძე.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან დაირღვა სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლში აღნიშნულ ორგანოებს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები.

საქმეში მოპასუხეა ის სახელმწიფო ორგანო, რომლის ნორმატიულმა აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი