საზოგადოება

მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს

15 მარტი, 2022 • 4170
მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს

საქართველოს მთავრობა აპირებს, საკონსტიტუიციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ დავა დაიწყოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო.

პარტიის განცხადებით, „საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“.

მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას, განსაკუთრებით კი, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს – პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.

„ქართული ოცნება“ ხაზს უსვამს, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობას ექსკლუზიური უფლებამოსილებებს ანიჭებს და პრეზიდენტს ამაში ჩართვა შეუძლია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით.

მათი თქმით, სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. „ოცნების“ თქმით კი, ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის დანიშვნაზე უარი არაერთხელ განაცხადა.

„ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება – პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი.

გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

გარდა ამისა, „ოცნება“ ყურადღებას ამახვილებს, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს.

მათი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება.

„ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, 14 მარტს, პარლამენტში  გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა „მთელი რიგი ახალი თამაშის წესები“ შესთავაზა, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება.

„აშკარაა, რომ მისი სურვილია, კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს“, – აცხადებს „ოცნება“.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 14 მარტს, პარლამენტის წინაშე სიტყვით წარდგა. მან გააკრიტიკა პარლამენტი და თქვა, რომ დღეს საზოგადოება პარლამენტარებზე ფხიზელი და შეგნებულია.

მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინის მიმართ მოქალაქეებმა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ერთიანობა გამოავლინეს. ამასთანავე, აღნიშნა, რომ უკრაინის დამსახურებაა „დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი“.

პრეზიდენტი დასძენს, რომ დღეს ყველასთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, გარდამტეხი მომენტია, რადგან, გამოწვევებთან და ომებთან ერთად, ასეთ მომენტებს შესაძლებლობებიც მოაქვთ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.

მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას 14 მარტს ისაუბრა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხმამაღლა საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე. პარალელურად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ ცდილობდნენ საკითხიდან დისტანცირებას.

გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ საქართველო არ შეუერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ, საქართელოს ხელისუფლება არასაკმარისი მხარდაჭერისა და საჯარო განცხადებების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკრიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი