სამართალი

“ოცნებას” პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ აქვს

14 მარტი, 2022 • 3665
“ოცნებას” პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ აქვს

“ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა არ აქვს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა, “ქართულ ოცნებას” კი საკანონმდებლო ორგანოში 83 დეპუტატი ჰყავს.

რა ხდება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. ამის გამო კი მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ თუ ეს სიმართლეა, ხელისუფლების ნებართვის გარეშე ევროპაში ვიზიტით წასვლით პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

“გაუგებარია პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით, გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი და ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე, ასევე ამ დროს იყო ევროპაში გააქტიურებული საკითხი უკრაინის ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით.

“ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია და მაგაში გავერკვევით… თუ მართალი თქვა და, სავარაუდოდ, მართალი თქვა, დაურღვევია კონსტიტუცია”, – განაცხადა კობახიძემ.

რას ამბობს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. შემდეგ კონსტიტუციაში დაკონკრეტებულია, რომ “პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს”. სავარაუდოდ სწორედ ამ ჩანაწერზე აპელირებს ირაკლი კობახიძე.

თუმცა კონსტიტუციაში არსებობს სხვა ჩანაწერიც, რომელზე დაყრდნობითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარლამენტის დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის ევროპაში ოფიციალურ ვიზიტებზე უარის თქმა იყო სინამდვილეში – არაკონსტიტუციური,

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნათქვამია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

“დღეს გავიგეთ მართლაც სკანდალური განცხადება პრეზიდენტის –  ისეთი ვითარება გვაქვს საგარეო ასპარეზზე, რომ პრეზიდენტი მიემგზავრება კონსულტაციებზე ევროპელ ლიდერებთან, რათა ევროინტეგრაციაში საქართველოს დაჩქარებული მიღების პროცედურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს და მას თანხმობას არ აძლევს პრემიერი. ეს არის კონსტიტუციის პირდაპირ დარღვევა, ეს არის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა და, მე ვფიქრობ, ნორმალურ ქვეყანაში ეს იქნებოდა სერიოზული პოლიტიკური სკანდალის და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი. სულ მცირე, პრემიერმა უნდა განმარტოს, რის საფუძველზე არ მისცა თანხმობა პრეზიდენტს ამ ვიზიტის განხორციელებისა“, – ამბობს ბეჟაშვილი.

შესაძლო იმპიჩმენტი? – პროცედურა

კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს [50 დეპუტატი]. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი [100 დეპუტატი]. მთავრობის წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

ამ მუხლში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენება, გარდა მთავრობის წევრისა, შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.

დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი