კომენტარი

რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას მხარს იტალიაც უჭერს – ზელენსკი

26 თებერვალი, 2022 • 1144
რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას მხარს იტალიაც უჭერს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იტალიისგანაც მიიღო დასტური, რომ ქვეყანა ემხრობა რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას.

„ეს უკრაინისა და იტალიის სახელმწიფოთა ისტორიაში ახალი გვერდის დასაწყისია. [პრემიერ-მინისტრმა] მარიო დრაგიმ სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირა რუსეთის გათიშვას SWIFT-იდან“, – წერს იგი.

ზელენსკის თანახმად, დრაგიმ ასევე მისცა პირობა, რომ თავდაცვის სფეროში დაეხმარება. „უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს“, – წერს ზელენსკი.

ცოტა ხნით ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას.

„კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს რუსეთის გათიშვის გადაწყვეტილებას. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს 24-საათიან მუშაობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და უკრაინის დასაცავად რუსი დამპყრობლებისგან “, – აცხადებს კულება ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

SWIFT-ის გარეშე ვეღარ მოხდება რუსეთიდან და რუსეთში თანხების გადარიცხვა სხვდასხვა ტრანზაქციისთვის.

დასავლეთს ჯერ არ მიუღია ფინანსური გაერთიანებიდან რუსეთის გამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ და მოკავშირეები რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებას განიხილავენ, რომელთა შორის SWIFT-ის  სისტემიდან მისი ამოგდებაცაა.

როგორც NBC-ს ფინანსური ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დაახლოებით ისეთი მასშტაბის ფინანსური სანქციაა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტისას ბირთვული იარაღის გამოყენება და უპრეცედენტო ნაბიჯად ფასდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი