კომენტარი

იქნებ პრეზიდენტისთვის ჰქონდეს მნიშვნელობა და ვეტო გამოიყენოს – ხიდაშელი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

4 იანვარი, 2022 • 1811
იქნებ პრეზიდენტისთვის ჰქონდეს მნიშვნელობა და ვეტო გამოიყენოს – ხიდაშელი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი აშშ-ის საელჩოს განცხადების  შეფასებისას იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.  აშშ-ის  საელჩომ 3 იანვარს განცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით „ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას“.

„რთულია, ვინმემ ორმაგი შეფასება მისცეს ამ განცხადებას, იმდენად ცალსახა და ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია, იმდენად მძიმეა და იმდენად დიდი დოზით ატარებს „წითელი ბარათის“ ფუნქციას. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა, რომელიც მუდმივად სახეზეა – ეს ხომ პირველი ასეთი განცხადება არ არის ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მსგავსი ტონალობის ჩვენი პარტნიორისგან..

მიუხედავად ამისა, განცხადების ბოლო ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც გვაიმედებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მიუხედავად ამისა, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, აშშ-ის მხარდაჭერა არ დაგვიკარგავს“, – ამბობს ხიდაშელი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

აშშ-ის განცხადებიდან მალევე, „ოცნება“ გააკრიტიკა ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ, რომელმაც თქვა, რომ გასაკვირი არაა ეჭვი საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკური მისწრაფების გულწრფელობასთან დაკავშირებით.

ხიდაშელი განმარტავს, რომ რთული სათქმელია ამძიმებს თუ არა კელის ეს განცხადება საერთო სურათს, მაგრამ ფაქტია, რომ რეალობა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

ის იხსენებს აშშ-ის თუ ევროკავშირის წარმომადგენლობის  ბოლოდროინდელ კრიტიკული განცხადებებს და დასძენს:

„ვხედავთ ყველანი, რომ განსაკუთრებით რაიმე გავლენა ხელისუფლების მოქმედებებზე არ აქვს.  ახლა ერთადერთი იმედი არის, რომ იქნებ ქვეყნის პრეზიდენტისთვის მაინც ჰქონდეს ამ ყველაფერს მნიშვნელობა და მისგან მაინც ვნახოთ გადადგმული ადეკვატური ნაბიჯი, რაც გამოიხატება ვეტოს გამოყენებაში“.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის და, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პასუხს, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს განცხადება არასერიოზულია:

„ადასტურებს იმ რეალობას,  რომელშიც ვართ – რომ ამ ადამიანებისთვის, მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის განსაკუთრებით, თუმცა არც პრემიერია შორს ამ ამბიდან – არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სინამდვილეში იმას, თუ რას ამბობენ, რა მოსაზრება აქვთ, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ქმედება ჩვენს პარტნიორობაზე სტრატეგიულ პარტნიორთან. არაფერი სიახლე ამაში არ არის“, – განმარტავს ის.

არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ- კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

„ახლა მთავარი ამოცანაა არის არა ის, რომ კობახიძეზე გავაკეთოთ კომენტარები ან აზრები გამოვთქვათ, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ თუ პრეზიდენტი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ვეტოს უფლებამოსილებას – და კიდევ ერთხელ მინდა დიდი იმედი გამოვთქვა და მოვუწოდო, მივმართო, ვთხოვო მას, რომ ეს უფლებამოსილება გამოიყენოს – ჩვენი, ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ უმრავლესობას სათითაოდ, თითო-თითოდ „გამოვწიწკნოთ“ ის მინიმალური რაოდენობა ხმების, რომლებიც შეუძლებელს გახდის ვეტოს დაძლევას. ეს უნდა იყოს, ჩემი აზრით, ჩვენი ამოცანა დღეს და კონკრეტული ადამიანებისთვის, გვარებითა და სახელებით მიმართვა, რომლებიც დღემდე ამოფარებული არიან მდუმარებას პარლამენტში.

მათი ხმა ჯერ არ გაგვიგია პარლამენტში და ფიქრობენ ჯერ კიდევ, როგორც ჩანს. რადგან კობახიძისავით არ საუბრობენ,  ნამდვილად არ ნიშნავს, რომ რამით განსხვავებული იქნებიან კობახიძისგან ხვალ და ზეგ, თუკი მოვლენები ისე გაგრძელდა, როგორც ახლა მიმდინარეობს“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.


3 იანვარს აშშ-ის საელჩომ საქართველოში განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებების გამო.

„გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა.საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე“, – წერია განცხადების შესავალში.30 დეკემბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო „ქართული ოცნების“ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.კანონპროექტის არც მომზადებასა და არც განხილვაში სახელმწიფო ინსპექტორი არ ჩაურთავთ. მეტიც, იმ დროისთვის ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იყო.მისივე განმარტებით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაციაა.სრულად ეს განცხადება წაიკითხეთ:

„ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას – აშშ-ს საელჩო სახ. ინსპექტორის გაუქმებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი