კომენტარი

ჯანდიერი: მიწის დანიშნულების შეცვლის ახალი რეგულაციები კორუფციას შეუწყობს ხელს

6 აგვისტო, 2015 • 2052
ჯანდიერი: მიწის დანიშნულების შეცვლის ახალი რეგულაციები კორუფციას შეუწყობს ხელს

“იუსტიცის მინისტრის რამდენიმე დღის წინანდელი ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში, ხელს შეუწყობს კორუფციას და მორიგ დაბრკოლებად იქცევა ბიზნესის განვითარებისთვის. კერძოდ:


1. ცვლილების მიხედით, მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე დასკვნის მომზადების მიზნით, სააგენტოს თავ-რე ჰქმნის სამუშაო ჯგუფს კომისიის სახით, რომლის წევრთა შერჩევის კრიტერიუმები ბრძანებით გაწერილი არ არის. აქედან გამომდინარე, სააგენტოს თავ-რეს ეძლევა შესაძლებლობა კომისია დააკომპლექტოს ერთპიროვნულად სუბიექტური შეხედულებით წევრთა (რომლის რაოდენობა დადგენილი არ არის) პროფესიული და სხვა საჭირო თვისებების გვერდის ავლით.


2. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრატეგია და თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნები უშუალოდ იმ ნაკვეთთან მიმართებაში, რომელზეც მოთხოვნილია ცვლილება,“ შესაბამისი სამართლებივი ბაზა არ გააჩნია. კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებისას, ზემოაღნიშნული მიზნით შებოჭვას იუსტიციის მინისტრის ბრძანება არ ითვალისწინებს, რათა ამ კრიტერიუმს დაეყრდნოს განმცხადებელი, რომელიც მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას მოითხოვს და არც კომისია გადაწყვეტილების მიღებისას. აღსანიშნავია, რომ ბრძანება არ ითვალისწინებს ეკონომიკური პროფილის მქონე პირების მონაწილეობას კომისიის მუშაობაში, რათა შეფასდეს მისაღები გადაწყვეტილება „მეწარმეობის განვითარებასთან“ მიმართებაში.


3. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრძანებით საერთოდ არ არის განსაზღვრული, თუ რა მიზნით შეუძლია კომისიას მიიღოს გადაწყვეტილება, იგი არ აკმაყოფილებს ნორმის განსაზღვრულობის პრინციპს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.


4. კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის სააგენტოს თავ-რესთვის, რაც ჰქმნის თვითნებობის და უფლების ბოროტად გამოყენების რისკს (ე.წ. “ნაცნობის გამონახვა”).


5. ბრძანების მიხედვით, მიწის კატეგორიის შეცვლა შეიძლება განხორციელდეს თუკი სახეზეა: ა) საზოგადოებრივი საჭიროება ან ბ) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების დასაბუთებული აუცილებლობა. მესაკუთრის ინტერესი არის მოგების, სარგებლის მიღება. ამიტომ თუკი ვსაუბრობთ „საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობაზე, ეს ნიშნავს მესაკუთრის და სახელმწიფოს განსხვავებული ინტერესის თავსებადობაზე (მაგ. ეს შეიძლება მოხდეს თუკი მესაკუთრეს სურს ააშენოს ნაგებობა და მიიღოს სარგებელი, ხოლო სახელმწიფოს – ასაშენებელი საცხოვრებელი სახლით გადაწყდეს ბინით უზრუნველყოფის პრობლემა). აღსანიშნავია, რომ ეს ბრძანება, რომელიც ეფუძნება გადაწყვეტილების მიღებას „საზოგადოებრივი საჭიროების“ და არა ორი კონკურენტული ინტერესის ბალანსის (თანაზომიერების) საფუძველზე, არ ადგენს „საზოგადოებრივი საჭიროების“ შეფასების ობიექტურ კრიტერიუმებს, რის გამოც იგი ატარებს საკუთრების უფლებით თავისუფლად სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის ხასიათს.

დავით ჯანდიერი
დავით ჯანდიერი

მოკლედ ფაქტები ბოლო წლებში მიწასთან დაკავშირებულ რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე :


1. „სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქრთველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, სასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ სახელმწიფოს მიერ მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბებამდე, 2014 წლის 31 დეკემბრამდე, შეჩერდა იმ საკანონმდებლო ნორმის მოქმედება, რომელიც უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ანიჭებდა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებას. 

2. მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობას დაეკისრა 2014 წლის 30 ნოემბრამდე სასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ვალდებულება. მორატორიუმის მოქმედების პერიოდში უნდა მომზადებულიყო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებდა უცხოელებზე სასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების კატეგორიის მიწების გასხვისების საკითხს.

3. 2013 წლის 6 სექტემბერს კანონში („სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“) შეტანილი ცვლილებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე განსაზღვრული დროებითი რეგულირებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის გადაწყვეტილებას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, იღებდა საქართველოს მთავრობა. ეს ვადა გაგრძელებული იქნა 2015 წლის 1 ივლისამდე. 

4. 2014 წლის 24 ივნისის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ნორმა, რომლითაც უცხოელებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი