კომენტარი

TOA – მეტალი და ბეტ ჰარტი

10 ივლისი, 2015 • • 2105
TOA – მეტალი და ბეტ ჰარტი

ეს შიში ისედაც მქონდა, რომ Archive-ს დამანგრეველი პერფორმანსის შემდეგ ოფენ ეარზე აღარაფერი გამაკვირვებდა. აღარაფერი, რაც არ იქნებოდა Archive-ზე უკეთესი. როგორც ჩანს, ჩემი შიში გამიმართლდა. 5 ივლისს, ფესტივალის მე-3 დღეს მინდორზე ადგილი ადრევე დავიკავე. მსმენელის მცირერიცხოვნობა თავიდანვე შესამჩნევი იყო, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მეტალის დღეა – Vanilla Cage, Scratch the Floor, Black Label Society – ამ ბენდებს ისედაც ცოტა მსმენელი ყავს.

 

მთავარი სცენა მზის ჩასვლისას გახსნა გოგოების მეტალ ჯგუფმა Vanilla Cage. ამ ჯგუფთან თავის დროზე მეც მიმუშავია, ჰქონდათ კარგი სიმღერები, კარგადაც უკრავდნენ. ბოლო დროს ეს სახელი სხვადასხვა მუსიკალური ტელე-შოუებიდან მესმოდა, თუმცა, რაკიღა ასეთ შოუებს პრინციპულად არ და ვერ ვუყურებ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ახლა, ოფენ ეარზე, პირველად მოვისმენდი მათ. სამწუხაროდ, ის, რაც მათი გამოსვლისთანავე დაიწყო, ნამდვილად არ გავდა კარგ მეტალ ლაივს. არ ვიცი ვინ იჯდა პულტთან, მაგრამ ხმის აპარატურიდან წამოსულ  ე.წ პერეგრუზის შხრიალს ნამდვილად ვერ მოჰქონდა ის დრაივი, რაც მეტალ კონცერტებზე არის ხოლმე, გარშემო შემაწუხებელი ხმაური აყრუებდა გარემოს. ბენდს ვერც Rage Against the Machine-სა და ირაკლი ჩარკვიანის ქავერებმა უშველა. Vanilla-ს გამოსვლა იმედგაცრუება იყო, რომლის შემდეგაც Scratch the Floor იყო, ბენდი, რომლის მოსმენაც, შარშანდელ ოფენ ეარზე მათი შესრულების გათვალისწინებით, ნამდვილად აღარ მომინდა. ბენდმა არ დაუკრა და ჰედლაინერ Black Label Society-მდე, გამოსვლის წინ დაწყებული საუნდჩეკის ჩათვლით, დრო მნიშვნელოვნად გაიწელა, ამიტომ მინდორი დროებით დავტოვე.

 

ხანგრძლივი საუნდჩეკის შემდეგ სცენაზე ინტროდ Led Zeppelin-ისა და Black Sabbath-ის სიმღერების ნაწყვეტი გაისმა – Black Label Society სცენაზე დადგა. ოზი ოზბორნის სოლო გიტარისტის, ზაკ ვაილდის მიერ დაფუძნებული ეს ამერიკული ჰევი მეტალ ბენდი ნამდვილად ენერგიულად შეუდგა საქმეს. თუმცა, მოდით, გულახდილი ვიქნები, ამ დროს მთავარ სცენასთან დაბრუნებული უკვე იმდენად მთვრალი ვიყავი, რომ ჩემი მხრიდან ჯგუფის გამოსვლის შეფასება მარტივი უნამუსობა იქნებოდა. საუკეთესო მე-2 დღისა და უღიმღამო მე-3 დღის შემდეგ გადავწყვიტე უბრალოდ დამესვენა მომდევნო, მე-4 დღემდე.

 

ფესტივალის ბოლოს წინა დღეს, 6 ივლისს, რომლის ჰედლაინერადაც ბეტ ჰარტი იყო დაანონსებული, საფესტივალო ქალაქში ასვლისას ლამის წინასწარ ვიცოდი, რომ ამ დღის ლაინაფში აღარაფერი გამაკვირვებდა და მაქსიმუმი, რაც ბეტს და დანარჩენ ბენდებს შეეძლოთ, იქნებოდა წინა, უღიმღამო დღის განწყობის გაუმჯობესება.

 

ასეც მოხდა. ბეტ ჰარტის ლაივს თბილისში მეორედ დავესწარი და ცოტა ძნელიც კია, დარწმუნებით ვთქვა, ფილარმონიის კონცერტი სჯობდა თუ ოფენ ეარის. ალბათ უფრო მეორე. შედარებით სტერილური საკონცერტო სივრცისგან განსხვავებით ღია ცის ქვეშ ფესტივალს ყოველთვის აქვს ერთი დიდი პლიუსი – ჰაერი და სივრცე თავისუფალი გადაადგილებისთვის, ანუ საშუალება, თავად მოიწყო სასურველი საკონცერტო სივრცეც და განწყობაც. ხედიც და ტემპერატურაც. ბეტ ჰარტის სუფთად ამერიკულმა მუსიკამ და ფრონტვუმენობამ კიდევ ერთხელ მომხიბლა, მსმენელი Led Zeppelin-ის Whole Lotta Love-ს ქავერმა და თავად ჰარტის ყველაზე ცნობილმა ჰიტმა Am I the One მთლად ჰაერში აგვაგდო და დაუღლელად გახურებული შოუს ბოლოსკენ, ოფენ ეარზე აღარც კი მახსოვს, მერამდენე მუსიკოსია ბეტ ჰარტი, რომელიც თბილისში დაბრუნების იმედით დაგვემშვიდობა. მოსწონს ყველას უანგაროდ ემოციური, კულტურული და ადეკვატური ქართული პუბლიკა, რატომაც არა?

 

Kill it Kid ნამდვილად შედის იმ ბენდების სიაში, რომელიც პირველად სწორედ ოფენ ეარზე მოვისმინე. მოვისმინე არა დაგეგმილად, არამედ შემთხვევით. ბეტ ჰარტის შემდეგ ფესტივალის დატოვებასა და ფინალური დღისთვის სრულ მობილიზებას ვგეგმავდი, რომ არა სცენიდან შორს მომავალი Kill it Kid-ის მუსიკა, რომელმაც კვლავ სცენასთან დამაბრუნა. ბენდის წინ ამ დროისთვის ალბათ ათასამდე მსმენელი თუ იქნებოდა დარჩენილი, მაგრამ ამ ახალი ჯგუფის ექსპერიმენტულმა მძიმე მუსიკამ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრმა სწორედ ფესტივალზე აღმოაჩინა, იმდენად მოგვხიბლა, რომ მათი გამოსვლის დასრულებამდე სცენიდან ფეხი არ მოგვიცვლია. ათასამდე მსმენელის ხმა ლამის ერთ სტადიონს უდრიდა (ზოგჯერ მართლა კარგია ეს ე.წ. სამხრეთული ტემპერამენტი) და ასე გახურებულები დავიშალეთ მეხუთე, ფინალური დღის, Placebo-ს დამაგვირგვინებელი ლაივის მოლოდინში.

 

გიორგი კიკონიშვილი / Wer Michèlle

 

მასალების გადაბეჭდვის წესი