კომენტარი

გიგლა აგულაშვილის გეგმები და პოზიცია ხუდონჰესზე

1 მაისი, 2015 • • 1056
გიგლა აგულაშვილის გეგმები და პოზიცია ხუდონჰესზე

გეგმავთ თუ არა საკადრო ცვლილებებს გარემოს დაცვის სამინისტროში, თუ დაეყრდნობით იქ არსებულ გუნდს?


ვაპირებ, რომ არსებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად გავაგრძელო აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროში არსებულ გუნდთან, ასევე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და გარემოს დაცვის სექტორში მომუშავე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რაც შეეხება სამინისტროს და გუნდს, მე პირადად ვისურვებდი, რომ მინისტრები და პოლიტიკური თანამდბეობების პირები როცა იცვლებიან, პროფესიონალები ადგილზე რჩებოდნენ. მე ვისურვებდი, რომ ყველა პროფესიონალი იყოს ადგილზე, გააგრძელოს მუშაობა. მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ.

 

რას ფიქრობთ მსვხილ ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით, მაგალითად, ხუდონჰესზე?

 

უნდა გამოვნახოთ იმის შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, გარემოს დაცვითი ამოცანები და მეორე მხრივ, ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკრი ამოცანები (მათ შორის ენერგეტიკის საკითხები) ისე გადავჭრათ, რომ ამ ორ ლეგიტიმურ მიზანს შორის არ იყოს კოლიზია. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის მომავლისათვის და ეკონომიკური მდგრადობისათვის  საჭირო ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ენერგორესურსების გაძლიერება, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ბუნების მდგრადი განვითარების კონცეფციის საწინააღმდეგოდ, ბუნების ხარჯზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნას ისეთი გამოსავალი, რომ ორივე ლეგიტიმური მიზანი წარმატებით დავიცავთ.

 

თქვენ ალბათ იცნობთ იმავე ხუდონჰესთან დაკავშირებულ როგორც ეკონომიკურ არგუმენტებს, ასევე გარემოს დამცველების არგუმენტებსაც. მე მაინტერესებს, თქვენ თუ გაქვთ ჩამოყალიბებული ხედვა, რადგან ძალიან დიპლომატიური პასუხი გაგვეცით.

 

მე პირველ რიგში ვეცდები, რომ რაც შეიძლება მეტი დეტალის თაობაზე მივიღო ინფორმაცია, ამიტომ მე მხოლოდ ამ ზოგადი ჩარჩოდან გამომდინარე მოგახსენებთ ჩემი პოზიციის თაობაზე, დანარჩენი ალბათ მას შემდეგ, რაც მხარეებთან, დაინტერესებულ პირებთან, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად ჩამოვყალიბდებით.

 

ბოლოს მინდა გკითხოთ რესპუბლიკური პარტიის გაძლიერებულ როლზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. თუ აქამდე მხოლოდ ერთი მინისტრი გყავდათ, ახლა სამი მინისტრი გეყოლებათ. როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება?

 

ამ პროცესების ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. ვგულისხმობ იმას, რომ როცა ერთ-ერთმა მინისტრმა გარკვეულ გარემოებათა გამო გადაწყვიტა თავისი პოსტის დატოვება, შეიძლება ითქვას, რომ ის აღმოჩნდა ამ პროცესების ინიციატორი. შემდეგ ყველაფერი საკონსულტაციო რეჟმში გადავიდა.

 

ღარიბაშვილი იყო რესპუბლიკელების გაძლიერების ინიციატორი?

 

კონსულტაციებში მონაწილეობდა პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც. ინიციატივები იყო ორმხირვი და კონსულტაციების შედეგად გადაწყდა.

 

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშილს თუ ჰქონდა რაიმე როლი?

 

მე პირადად არ მქონია კონსულტაციები, ასე რომ, ამ გარემოებას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. არ გამოვრიცხავ, რომ მასთანაც ყოფილიყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ მე პირადად ამის თქმა არ შემიძლია.

 

თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს?

ბატონი დავით ხვდება ბევრი თანამდებობის თუ ყოფილი თანამდებობის პირებს, თუმცა ის ამ დღეებში ქუთაისში ბრძანდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი