ახალი ამბები

პროტესტი “ხუდონჰესს” – ხაიშში აქციაზე პროექტის საბოლოოდ შეჩერება მოითხოვეს

20 მაისი, 2018 • 2584
პროტესტი “ხუდონჰესს” – ხაიშში აქციაზე პროექტის საბოლოოდ შეჩერება მოითხოვეს

მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში “ხუდონჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა, ასევე თბილისიდან და სამეგრელოდან ჩასულმა აქტივისტებმა თემის ცენტრში პროექტის საბოლოოდ შეჩერება მოითხოვეს.

როგორც აქციის მონაწილე ზურაბ ნიჟარაძემ “ნეტგაზეთს”განუცხადა, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა ადგილობრივებს აქვთ ეჭვი, რომ მისი განახლება იგეგმება.

“მოდიან ჩუმად, იკვლევენ ისევ იმავე არეალს, სადაც მშენებლობა იყო განსაზღვრული და ითქვა, ეს აღარ განხორციელდებაო. ჯერ ვიზუალურ კვლევებს ახორციელებდნენ და რა მოყვება მერე ამას, ვიცით. გასულ ორშაბათს იყვნენ მოსულები და იმ არეალში დადიოდნენ. რომ ვკითხეთ, რისთვის იყვნენ მოსულები, ერთმა თქვა – გზა უნდა გავიყვანოთო, მეორემ – სადენები უნდა გავიყვანოთო, მესამემ – ქვა რომ არ ჩამოვარდეს და ტურისტს არ დაეცესო. თავადაც არეულები იყვნენ”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ადგილზე არეალის შესასწავლად ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ მისულნი. უწყების პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” ინფორმაციის გადამოწმებას დაპირდნენ.

პროექტის შეჩერების გარდა, ძალაში რჩება აქციის მონაწილეთა სხვა მოთხოვნებით.

“აქციის მთავარი მოთხოვნაა, კანონის ძალით შეჩერდეს “ხუდონჰესის”, ასევე სხვა დიდი ჰესების მშენებლობა; ასევე, დაუბრუნდეს ხაიშის თემს 1 400 ჰექტარი 1 დოლარად გადაცემული მიწა, სათემო და კერძო მიწები და აღიარებულ იქნას ზემო სვანეთის მოსახლეობა ავტოქტონურ მოსახლეობად; შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გარეშე, არ განხორციელდეს არცერთი პროექტი სვანეთში”, – აცხადებს ზურაბ ნიჟარაძე.

სოფელ ხაიშში კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური აქცია ჰესების წინააღმდეგ 3 ივნისს იგეგმება.

პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 528 ჰექტარი იქნება. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდება შემდეგი სოფლები: ხაიშის თემიდან – ხაიში, იდლიანი, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ნაკი, დაკარი, შგედი, ლაჯრა, გაღმა ხაიში და ციცხვარი. ჭუბერის თემიდან – სოფელი ლახანი. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ხვდება 584 საფლავი. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება, მშენებლობის დროს გაწეული ფინანსური ხარჯების ჩათვლით, 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი