ახალი ამბები

“ხუდონსაც” ავაშენებთ და “ცხენისწყალსაც” – გიორგი ქობულია

25 დეკემბერი, 2018 • 2157
“ხუდონსაც” ავაშენებთ და “ცხენისწყალსაც” – გიორგი ქობულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას თქმით, ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული მიმართულება არის გენერაციის ობიექტების აშენება და ენერგორესურსების იმპორტის შემცირება, ასევე, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა.

ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მოხსენება წარადგინა “ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, მიმდინარე პროცესების, სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ”.

“ჩვენ თუ არ ავაშენეთ ჩვენი გენერაცია, ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი გვექნება, რომელიც უნდა მოვიტანოთ საიდანღაც. ელექტროენერგიის მოტანა უცხოეთიდან, იმპორტი რომ მოვინდომოთ კიდეც, ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ გვინდა თუ არა, გენერაცია უნდა ავაშენოთ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ იქონიოს თავისი ელექტროენერგიის წყარო”, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს შედგენილი აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორც აშენებს გენერაციის ობიექტებს.

“ჩვენ ვაშენებთ როგორც “შუახევი ჰესს”, ასევე, უნდა ავაშენოთ „ნამახვანი“ 2022 წლისთვის. “ნენსკრას” ვსწავლობთ. გარდა ამისა, “ენგურსაც” ვაშენებთ – დამატებით “ონი 2“-ს. “ხუდონსაც” ავაშენებთ და “ცხენისწყალსაც”.  ამ დიდი სადგურების გარდა, გვაქვს მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესების გეგმა. კერძოდ, 117 პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა, 26 – მშენებლობის ლიცენზირების ეტაპზე, 22 კი – მშენებლობის. ამ თვალსაზრისით ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ენერგეტიკა, ლოგისტიკა, მომსახურების სექტორი, სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა, წარმოების სექტორი, ბუნებრივი რესურსების მართვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტული სექტორები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი