ახალი ამბები

მთავრობა ხუდონჰესის კონტრაქტის გაუქმებას გეგმავს, შემდეგ კი აშენებას განიხილავს

28 ივნისი, 2021 •
მთავრობა ხუდონჰესის კონტრაქტის გაუქმებას გეგმავს, შემდეგ კი აშენებას განიხილავს

საქართველოს მთავრობა ხუდონჰესის ინვესტორ ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის გზებს განიხილავს, ამის შემდეგ კი ჰესის აშენებას გეგმავს — დამოუკიდებლად ან თანამონაწილეობით.

კონტრაქტის გასაწყვეტად სამართლებრივი გზების საპოვნელად მთავრობას საერთაშორისო ფირმა ჰყავს დაქირავებული, რაშიც 118 000 ევროს იხდის, აშენების დეტალებზე კი ჯერჯერობით არ საუბრობს.

ხუდონჰესის პროექტი და პროტესტი

სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო, თუმცა ადგილობრივების წინააღმდეგობის ფონზე, არ განხორციელებულა. მრავალწლიანი მოსამზადებელი პროცესის შემდეგ ხელშეკრულება ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკასთან“ 2011 წელს გაფორმდა.

პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მის დადგმულ სიმძლავრე იყო 702 მგვტ, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად სახელდებოდა დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი.

ხუდონჰესი

პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 528 ჰექტარი იყო. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდებოდა ხაიშისა და ჭუბერის თემების 14 სოფელი და 584 საფლავი.

ხუდონჰესს ძლიერი სოციალური წინააღმდეგობა შეხვდა. ჰესის აშენების წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. მოწინააღმდეგეების თქმით, ეს პროექტი სვანეთის ეკოლოგიაზე დამღუპველად იმოქმედებდა. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საპროექტო ტერიტორიიდან გადასახლებას არ აპირებდა.

2013 წელს მთავრობამ ნიდერლანდის გარემოზე ზემოქმედების კომისია (NCEA- Netherlands Commission on Environmental Assessment) მოიწვია ხუდონჰესის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შეფასების დოკუმენტზე სამუშაოდ. ორგანიზაციამ პროექტთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა გამოკვეთა.

რა მოხდა შემდეგ

იმის მიუხედავად, რომ პროექტის განხორციელება შეჩერდა და საკითხმაც უკანა პლანზე გადაიწია, კონტრაქტი მთავრობასა და ინვესტორს შორის არ გაუქმებულა.

წლების შემდეგ, 2020 წლის მაისში საქართველოს მთავრობის სახელით ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Hogan Lovells-ი დაიქირავა, რათა მას მოემზადებინა „ტრანსელექტრიკასთან“ კონტრაქტის მოშლის იურიდიული პირობები.

ხელშეკრულების ღირებულება 118 000 ევროა. ხელშეკრულების ვადად თავდაპირველად 2020 წლის დეკემბერი იყო, თუმცა დეკემბერში ეს ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა.

2021 წლის 28 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ საკონსულტაციო კონტრაქტი კვლავ გახანგრძლივდა, — 2021 წლის ბოლომდე.

ვინ არის კონსულტანტი?

Hogan Lovells ამერიკულ-ბრიტანული სამართლებრივი ფირმაა, რომელიც სამთავრობო რეგულატორულ, კომერციულ, საარბიტრაჟო და სხვა ტიპის დავებში სპეციალიზდება. საქართველოს მთავრობას და მასთან დაკავშირებულ სუბიექტებს „ჰოგან ლოველსთან“ სხვა კონტრაქტებიც აკავშირებს. მაგალითად:

  • ნავთობმომპოვებელ კორპორაცია „ფრონტერასთან“ დავისას სწორედ ეს კომპანია წარმოადგენდა სახელმწიფოს (ნავთობისა და გაზის კორპორაციას) არბირტაჟში, რაშიც, სულ მცირე, 7.4 მილიონი აშშ დოლარი მიიღო ქართული მხარისგან [ვრცლად: ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე];
  • 2020 წლის ივლისში ეკონომიკის სამინისტრომ იგივე კომპანია დაიქირავა ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიული პირობების მოსამზადებლად. ამაში ხელისუფლება 342 200 ევროს იხდის (1.28 მლრდ ლარს);
  • მასთან ლობისტური კონტრაქტი ჰქონდა მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებასაც“; ეს კონტრაქტი 2020 წლის 30 იანვარს გაფორმდა 2021 წლის 31 დეკემბრამდე ვადით. ამას წინ უძღოდა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები მთავრობის მიმართ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 900 ათასი აშშ დოლარია (თითქმის 2.6 მილიონი ლარი);

„აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას 28 ივნისის განცხადებიდან იკვეთება, რომ მთავრობას სურს, ხუდონჰესის აქტივები მფლობელობაში დაიბრუნოს, შემდეგ კი მშენებლობაზე იზრუნოს.

„ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ვხედავთ, რომ უკვე 10 წელი გავიდა [კონტრაქტის გაფორმებიდან] და პროექტი ვერ განხორციელდა“ ,- თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, პროექტის განუხორციელებლობის „ერთი კონკრეტული მიზეზი“ არ არსებობს და სახეზეა „სხვადასხვა მიზეზის ნაკრები“; ამ მიზეზებს შორის მან დაასახელა „პროექტის სირთულე“, „მოსახლეობის თემა“, „პროექტის სწორი სტრუქტურირება და ა.შ.“.

თურნავამ განაცხადა, რომ აქედან გამომდინარე, 2020 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, „მოვშალოთ თანდათან ის შეთანხმება“:

„ორივე მხარემ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის და იმ აქტივების, რაც აქამდე იყო გადაცემული ინდუსებისთვის, სახელმწიფოსთვის დაბრუნება“. მინისტრის თქმითვე, „ინვესტორსაც აღარ აქვს ინტერესი“.

„პირველ ეტაპზე, ჩვენ ამ კონსულტანტების დახმარებით, — ვისთანაც ვახანგრძლივებთ ახლა უბრალოდ წლის ბოლომდე საკონსულტაციო შეთანხმებას, — ვიზრუნოთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი დაუბრუნდეს სახელმწიფოს. შემდეგ ვისმჯელებთ, თუ რა სტრუქტურით არის უმჯობესი ამ ძალიან დიდი სტრატეგიული პროექტის განხორციელება“, – განაცხადა მან.

მინისტრის თანახმად, „ბოლო დროის მოვლენებმა და განვითარებამ დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის მეგაპროექტების განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს მეტი მონაწილეობა და გახდეს თუ არა ერთადერთი მფლობელი, პარტნიორი მაინც, მსგავს პროექტებში“.

ნათია თურნავას აღარ დაუზუსტებია, თუ საიდან ფიქრობს მთავრობა ხუდონის $1 მლრდ-იანი ინვესტიის მოზიდვას და განაცხადა: „ამაზე ვიმსჯელებთ… ჯერჯერბით ნაადრევია ამაზე საუბარი. ახლა რასაც ვაკეთებთ ამ ეტაპზე, ვაკეთებთ იმას, რომ კომპანიასთან გვინდა მოვშალოთ ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით და დავიბრუნოთ აქტივები. შემდეგ გვექნება საშუალება, ძალიან გამჭვირვალედ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე“.

ნამახვანჰესის პროტესტის ფონზე

ბოლო პერიოდში, — უკვე რამდენიმე თვეა, — ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება კიდევ ერთი ჰესის, ნამახვანჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში. ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი გრუფი“).

რიონის ხეობის მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე თითქმის ერთი წელია, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება [ამჟამად ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მედიაციის პროცესი მიმდინარეობს].

პროტესტის პარალელურად, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის აუცილებელია რამდენიმე მსხვილი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომელთა შორის დაასახელა ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი.


გარეკანის ფოტოზე: სვანეთში, სოფელ ხაიშისკენ მიმავალი გზა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი