კომენტარი

გიორგი ბურჯანაძე: კონსტიტუციით მთავრობას უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს

29 აპრილი, 2015 • • 2283
გიორგი ბურჯანაძე: კონსტიტუციით მთავრობას უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს

მთავრობაში 7 მინისტრი შეიცვალა, რაც მთავრობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების აუცილებლობას აჩენს, რა პროცედურები იწყება ახლა?

 

კონსტიტუციაში თუ 811 მუხლი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს, ამ შემთხვევაში გამოიყენება მე-80 მუხლი. ეს მუხლი ამბობს, რომ ამ დროს უმრავლესობა ვისაც აქვს პარლამენტში, მასთან კონსულტაციის შედეგად პრეზიდენტი წარადგენს უმრავლესობის კანდიდატს. რეალურად პრეზიდენტს ნომინირების უფლება აქვს და მაინც გადამწყვეტი ფაქტორი უმრავლესობას ექნება და უმრავლესობა რომელ კანდიდატსაც აირჩევს, იმის წარდგენა მოხდება. თუ არ მოხდება ნდობის გამოცხადება, ჩვეულებრივ პროცედურები წავა და, საბოლოო ჯამში, შეიძლება მივიდეს პარლამენტის დათხოვნამდე, მაგრამ ჯერ ასეთი პროცედურაა, რომ ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს კანდიდატურა, რომელიც თავის მხრივ იქნება უმრავლესობასთან შეთანხმებული.

 

ვის კანდიდატურაზე იმართება კონსულტაციები – პრეზიდენტი მთელ მთავრობას წარადგენს, თუ მხოლოდ პრემიერ-მინისტრს?

 

პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა. ჩვენთან ასეთი სისტემაა, რომ პრემიერ-მინისტრი არის ნომინირებული და პრემიერ-მინიტრის მიერ არის დასახელებული, თავის მხრივ, მთავრობის კანდიდატურა და ამის შემდეგ ხდება ნდობის გამოცხადება მთავრობის მთელი შემადგენლობისთვის.

 

თუ უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად მარგველაშვილი შეთანხმდება ღარიბაშვილის კანდიდატურაზე, მაშინ პრეზიდენტი ღარიბაშვილს წარუდგენს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე და ღარიბაშვილი მთავრობას წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად?

 

დიახ.

 

გიორგი ბურჯანაძე
გიორგი ბურჯანაძე

 

თუ აქვს უფლება პრეზიდენტს, რომ არ დაეთანხმოს უმრავლესობის შეთავაზებულ კანდიდატურას და თავისი კანდიდატურა წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე?

 

ამის ზუსტი ჩანაწერი არ არის. თეორიულად რომ იმსჯელოს ადამიანმა, შეიძლება ასეთი რამ წაიკითხოს, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, არჩვენებში გამარჯვების შემდეგაც ხომ იმარჯვებს რომელიმე პოლიტკური ძალა და ვისაც უმრავლესობა აქვს, მასთან შეთანხმებით მოახდენს კანდიდატის წარდგენას. ანუ მე-80 მუხლი აპრიორი ამბობს იმას, რომ პრეზიდენტმა გარკვეული შეთანხმება უნდა მოახდინოს პარლამენტთან. ვორდინგი ისეთია, თითქოს პრეზიდენტს აქვს იმის უფლება, რომ დამოუკიდებლადაც წარადგინოს, მაგრამ კონსტიტუციის განმარტების ბევრნაირი მეთოდი არსებობს და რასაც  ყველაზე ლოგიკური და ტელეოლოგიური განმარტება ჰქვია, იმის მიხედვით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უმრავლესოსბასთან შეთანხმებით უნდა მოახდინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა.

 

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ორჯერ მოხდება პროცედურულად პარლამენტის მიერ? ჯერ ღარიბაშვილისთვის და შემდეგ მთავრობისთვის?

 

არა, ერთი პროცედურაა. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს პრეზიდენტი, მაგრამ, თავის მხრივ, ვინ იქნება ენერგეტიკის მინისტრი, ამას პრემიერობის კანდიდატი ასახელებს და არა პრეზიდენტი, პრეზიდენტი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგენას ახდენს. პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი იქნება ეს, შემდეგ პრემიერ-მინისტრი ასახელებს მთავრობას.

 

დღევანდელი მოცემულობით, 7 მინისტრი რომ შეიცვალა, ამ მთავრობას უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს თუ არა?

 

კი, უფლებამოსილება აქვს შეწყვეტილი და დღეიდან, მე-80 მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი მათ აკისრებს მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილებას.

 

პრემიერ-მინისტრსაც აქვს შეწყვეტილი უფლებამოსილება?

პრემიერ-მინისტრი არის მოვალეობის შემსრულებელი, ის არ არის პრემიერ-მინისტრი იმ ფაქტის დადგომიდან, როდესაც [ლევან ყიფიანის] განცხადებას დააკმაყოფილებს და როცა გადადგომა იურიდიულად გაფორმდება, იმ მომენტიდან ის მოვალეობის შემსრულებელია.

 

მოვალეობის შემსრულებელს აქვს უფლება, სამართლებრივად რომ წარადგინოს ახალი კანდიდატები?

 

ახალ კადნდიდატებს ვერ წარადგენს იმიტომ, რომ მას სჭირდება ნდობის გამოცხადება. ღარიბაშვილი თუ იქნება წარდგენილი მარგველაშვილის მიერ ხელმეორედ, შემდეგ მოახდენს კანდიდატების წარდგენას.

 

მარგველაშვილის მიერ ღარიბაშვილის მხოლოდ წარდგენა ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი მთელი ლეგიტიმაციით იკავებს ამ თანამდებობას?

 

თუ დაასახალებს და პარლამენტიც შემდგომ გამოუცხადებს ნდობას, რა თქმა უნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი