კომენტარი

“ოცნების” ლიდერებისა და ინტელექტ-კლუბის “რა? სად? როდის?” წევრების შეხვედრის დეტალები

24 თებერვალი, 2015 • • 1853
“ოცნების” ლიდერებისა და ინტელექტ-კლუბის “რა? სად? როდის?” წევრების შეხვედრის დეტალები

შეხვედრა დაახლოებით 10 დღის წინ შედგა. მისი გამართვის ინიციატივა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, თვითონ პარტიის ხელმძღვანელებისგან მოდიოდა. შევხვდით პარტიის წარმომადგენლობით ჯგუფს, მათ შორის იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი [ირაკლი კობახიძე]. საუბარს გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. აინტერესებდათ ჩვენი დამოკიდბულება მიმდინარე საკითხების მიმართ. გვითხრეს ისიც, რომ აპირებდნენ პარტიის სახეების განახლებას. ამაზე შორს საუბარი არ წასულა. ლაპარაკი არ ყოფილა რაიმე კონკრეტულ შემოთავაზებაზე. იყო მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.


ამ შეხვედრის ორგანიზების კუთხით ვისთან კონტაქტობდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები?

 

ვერ გეტყვით. კლუბიდან იყო ჩვენი მეგობარი და კლუბის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი საინფორმაციო ჭრილიდან დაიგეგემა ეს შეხვედრა.

 

თქვენ ვინ გითხრათ, რომ ასეთი შეხვედრა იმართებოდა?

 

გედევან ფოფხაძემ.


შეხვედრის მოტივაცია რაში მდგომარეობდა? რა იყო თვითონ პარტიის მოტივაცია და თქვენი მოტივაცია, ვინც ამ შეხვედრაზე მიხვედით…

 

ვერ გეტყვით, რა იყო მათი [“ქართული ოცნების”] მოტივაცია. გვითხრეს, რომ აპირებდნენ პარტიის განახლებას და ალბათ, თუ ჩვენი ორგანიზაციიდან ვინმეს სურვილი ექნება, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, შესაბამისი ინფორმაცია აინტერესებდათ. ყოველ შემთხვევაში, იქ არ დასმულა მაგის თაობაზე საკითხი და არც კონრეტული გეგმა დასახულა და შეთანხმება შემდგარა. ასეთი რამ არ მომხდარა.

 

თქვენი მოტივაცია რა იყო, რატომ მიხვედით შეხვედრაზე?

 

ჩვენი მხრიდან მოტივაციას რაც შეეხება, როცა კონკრეტული ჯგუფი, მით უმეტეს, ისეთი, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვანწილადაა წარმოდგენილი, გამოთქვამს ჩვენი კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრის ინტერესს ურთიერთობისა და კომუნიკაციის კუთხით… ეს იყო, [ინტერესი] მეტი არაფერი. ჩვენი კლუბი დიდი ხანია არსებობს და არაერთი შეხვედრაც ყოფილა და შემოთავაზებაც, მათ შორის პოლიტიკური წრეებიდან, მაგრამ კლუბის საქმიანობა არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და კლუბი, როგორც ასეთი, პოლიტიკისგან ცალკე დგას. კლუბს 2000-მდე წევრი ჰყავს და პოლიტიკური ინტერესები ძალიან მრავალფეროვანია.

 

ამ შეხვედრაზე რამდენი ადამიანით იყო კლუბი წარმოდგენილი?

 

დაახლოებით 20-მდე ადამიანით.

თუ მოხდა ინტერესთა თანხვედრა კლუბის ზოგიერთ წევრსა და იმ მოტივაციას შორის, რომელიც “ქართულ ოცნებას” გააჩნდა?

 

ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რა დონეზე გაგრძელდა კომუნიკაცია იმ ადამინებს შორის, თუ შეხვდა მათ ცაკლე ვინმე, ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში. არ ვიცი. ხაზგასამით აღინიშნა ორივე მხრიდან, რომ ეს იყო გაცნობითი შეხვედრა, ჩვენი ხედვების წარდგენა გაკრვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მაგალითად, რა საკითხები იყო?

 

იგივე ახალგაზრდობის პრობლემები, განათლების პრობლემები. თემატურად შეზღუდული შეხვედრა არ ყოფილა.

 

თქვენ თუ გაქვთ ინტერესი, რომ დაიწყოთ პოლიტიკური საქმიანობა?

 

მე პოლიტიკურ საქმიანობაში ვარ მას შემდეგ, რაც სწავლა-განათლება დავასრულე, იმიტომ, რომ სულ სახელმწიფო პოსტებზე ვმუშაობ 1997 წლიდან დღეის ჩათვლით. ის თანამდბეობა, რომელიც ახლა მიკავია, მიმაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკის კუთხითაც, იმიტომ, რომ დაწესებულება, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ახორციელებს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას. ასე რომ, დამატებითი მოტივაცია იმისათვის, რომ პოლიტიკაში ვიყო, არ მაქვს, რადგან ისედაც საკმაოზე მეტად ვარ წარმოდგენილი ამ სფეროში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თუ ვინმეს დააინტერესებს პოლიტიკური საქმიანობა, ის, რა თქმა უნდა, კლუბის სახელით არ ჩაერთვება ამ პროცესში, მაგრამ როგორც ინდივიდუალური ადამიანი. როდესაც პოლიტიკაში ველოსიპედისტი მიდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ველოსიპედისტი პოლიტიკაში მიდის. ეს მოცემულობა გვაქვს ამ წუთისთვის.

 

თუ ახსენა ვინმემ ვადამდელი არჩევნების საკითხი თქვენთან შეხვედრისას?

 

არა. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

 

გარდა ირაკლი კობახიძისა კიდევ ვინ ესწრებოდა “ქართული ოცნებიდან” ამ შეხვედრას?

 

კახა კალაძე იყო და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ ვერ ვასახელებ იმიტომ, რომ არ მინდა სახელი და გვარი შემეშალოს.

 

თქვენ ახსენეთ, რომ მანამდეც არსებობდა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თქვენი კლუბით დაინტერესების ფაქტები. კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ჯგუფებზე საუბრობთ?

 

გამიჭირდება გითხრათ ის პარტია, რომლისგანაც მსგავსი ინტერესი არ ყოფილა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული სიმპათიები და ანტიპათიები მთელი კლუბის სახელით იყო გამოხატული. ბევრი პარტიის წარმომადგენელთან გვქონდა საქმიანი და არა მხოლოდ საქმიანი, მეგობრულიც და ასე შემდეგ ურთიერთობა.

 

საქმიან ურთიერთობაში რას გულისხმობთ? კლუბს მისი პროფილიდან გამომდინარე რა სახის საქმიანი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა პარტიასთან?

 

ჩვენ სისტემატურად ვატარებთ ბათუმში შავი ზღვის ჩემპიონატს. შესაბამისად, გვიხდება ურთიერთობა ადგილობრივ სტრუქტურებთან და იმ პოლიტიკურ წრეებთან, რომლებიც მოცემულ სიტუაციაში იქ პოლიტიკურ ამინდს განსაზღვრავენ.

 

თუმცა “ქართულ ოცნებამდე” 9 წლის განმავლობაში იქ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა განსაზღვრავდა ასეთ ამინდს…

 

მანამდე კიდევ სხვა პოლიტიკური ძალა იყო. პარტიები მიდიან და მოდიან და ინტელექტუალური მოძრაობა კი არა რომელიმე კონრეტული პარტიის, არამედ მთლიანად სახელმწიფოებრივი საქმეა. ამდენად, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ მოძრაობა “რა? სად? როდის?” თავისი შინაარსით აპოლიტიკურია და ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლა დგას.

 

ბატონ გიორგი მოსიძეზე ითქვა, რომ განიხილება მისი გაწევრიანების საკითხი “ქართულ ოცნებაში”. ჩვენ მას მთელი დღის მანძილზე ვერ დავუკავშირდით, ამიტომ თქვენ მინდა გკითხოთ, ხომ არ ფლობთ რაიმე ინფორმაციას?

 

ვერ გეტყვით ნამდვილად. არ ვარ საქმის კურსში ამის თაობაზე. ბატონი გიორგი ამ შეხვედრას ესწრებოდა, მაგრამ როგორც ჩვენ წამოვედით, ისე წამოვიდა ისიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი