კომენტარი

მინსკის ხელშეკრულება: მოგებულები, წაგებულები და ამ პროცესის გავლენა საქართველოზე

13 თებერვალი, 2015 • • 3834
მინსკის ხელშეკრულება: მოგებულები, წაგებულები და ამ პროცესის გავლენა საქართველოზე

ბატონო გიორგი, პირველ რიგში ასეთი ზოგადი კითხვა მინდა დაგისვათ, რომელი მხარე დარჩა მოგებული მინსკის ხელშეკრულებით?

ჩემი აზრით, ამ ხელშეკრულებაში გარკვეულწილად ყველა მხარის ინტერესები აისახა. აშკარაა, რომ უკრაინა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით  ვერ უმკლავდებოდა იმ წნეხს, რომელიც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა ადგილობრივი სეპარატისტებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან.  მაგალითად, სერიოზული საფრთხე არსებობდა დებოლოცოვოს გარშემო, რომ დაახლოებით 6-7 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ალყაში მოხვედრილიყო. ამიტომ,  ამ პროცესისი გაჩერება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იყო მშვიდობის გარკვეული ფორმულის მოძიება, თუნდაც ეს შუალედური იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები უნდა დაემატებინათ რუსეთისთვის. რუსეთისთვისაც აუცილებელი იყო ეს შეთანახმება, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, რადგან [ევროკავშირის მხრიდან] უკვე გაკეთდა განცხადება, რომ დამატებითი სანქციების საკითხს აღარ განიხილავს. ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა სანქციები, ანუ ყველა მხარის ინტერესში იყო ეს ხელშეკრულება. მე მგონია, რომ ეს მხოლოდ შუალედური მდგომარეობაა და არ ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტის დარეგულირების საბოლოო ფორუმულა იყოს.

 

ყველაზე პრობლემატურად რომელი პუნქტი შეიძლება იქცეს უკრაინისთვის. აქ საუბარია განსაკუთრებულ სტატუსზე, რომელიც ლუგანსკსა და დონეცკში ცალკეულ რაიონებს უნდა მიენიჭოს. თქვენ როგორ კითხულობთ ან ჩანაწერს? მართალია ტექსტში საუბარი არ არის ამ სტატუსზე, თუმცა საკმაოდ ბევრი უფლებამოსილება უნდა გადაეცეს იმ რაიონებს, რომელსაც დღეს პრორუსული ძალები აკონტროლებენ…

 

დოკუმენტში მოცემულია შენიშვნების გრაფა, სადაც განმარტებულია თუ რას ნიშნავს ეს სპეციალური სტატუსი და რა უფლებები უნდა მიენიჭოს ამ ტერიტორიებს. პრინციპში, თავის სახელს თუ არ დავარქმევთ, ეს არის ფედერალიზმის გარკვეული ნიშნების მატარებელი ავტონომიაზე უფრო მაღლი სტატუსი. იქ საუბარია იმაზე, რომ მილიცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დააკომპლექტოს, ასევე ამ რაიონებს უფლება აქვთ გარკვეული ურთიერთობები იქონიონ რუსეთთან დამოუკიდებლად, თუმცა ამ ყველაფრის კონტროლი კიევიდანაც მოხდება. რა თქმა უნდა, ეს არის საკამოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დეცენტრალიზაციისკენ ზოგადად, თუმცა უკრიანაში ამაზე საუბრი ისედაც მიდიოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც არ არის გადამწყვეტი. თუ ეს ფორმულა, რაც ტექსტშია ჩადებული, საკმარისი პირობა გახდება მშვიდობისა და იმისათვის, რომ რუსეთმა მართლაც გიაყვანოს შეიარაღებული ძალები, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ყველაზე დიდი საფასური, რისი გადახდაც უკრაინას შეეძლო, რადგან ხელშეკრულებაში არაფერი წერია ზოგადად ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, რუსეთისთვის მთავარი საკითხი არის, რომ უკრაინას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი ათქმევინოს. ეს მას შეეძლო ზუსტად ამ ფედერალიზაციასთან მიება, მაგრამ იქ არ წერია ის, რომ ამ სუბიექტებს, დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ ოლქებს აქვთ ქვეყნის საგარეო ორიენტირის განსაზღვრის უფლება. კიევს არ აქვს ვალდებულება, რომ მათთან შეათანხმოს საგარეო ორიენტირი. ეს თუ მართლა ასე დარჩა როგორც არის, მე ცოტა ეჭვი მეაპრება… თუ ამ დოკუმენტს ასე წავიკითხავთ, თითქოს ისეთი რეალობა იკვეთება, რომ რუსეთს მართლაც მხოლოდ დონბასას მოსახლეობის უფლებები აინტერესებდეს, რაც მე მგონი არ შეესაბამება რეალობას.

 

დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება დოკუმენტს დახურული ნაწილიც ჰქონდეს, როგორც წინა შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ დახურული ნაწილიც არსებობდა, რაც საზოგადოებისთვის უცნობია.

ზოგადად ეს ხელშეკრულება იმპლემენტაციის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა, იგივე საზღვრის კონტროლის თვალსაზრისით, იქ საუაბრია, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ შეძლებს კიევი საზღვარზე კონტროლის აღდგენას, საკმაოდ გაწელილი პროცესია. მე მგონია, რომ ძალიან ცოტა ხანში გამოჩნდება რამდენად ქმედეთია ხელშეკრუელბა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დათქმებია და მათი დარღვევაც ძალიან მარტივად შეიძლება. ისევ ვიმეორებ, არ ვიცი, რამდენად ასახავს ეს რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს იმიტომ, რომ დოკუმენტით ის ვერ აჩერებს უკრიანის მსვლელობას დასავლეთისკენ, შესაბამისად რამდენად გულწრფელი იყო რუსეთი, როცა ხელშეკრულებაზე აწერდა ხელს,  დრო გვაჩვენებს.

დოკუმენტის იმპლემენტაციას გულისხმობთ?

დიახ. თუ რუსეთი მის შესრულებას არ აპირებს და წინასწარ აქვს განსაზღვრული დამატებითი ტერიტორიების მიტაცება, მისთვის ეს იდელაური დოკუმენტია, რადგან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს და იტყვის, რომ იქ არც არასდროს მყოლია ვინმეო, რასაც აქამდეც აცხადებდა, ანუ სუსტი წერტილები ამ ხელშეკრულებაში არის. როგორ უნდა გაირკვეს ვინაა დაქირავებული, ვინ არა, ვინ უნდა გავიდეს, როგორ უნდა გავიდეს, სად უნდა გავიდეს? ეს ყველაფერი განსაზღვრული არ არის. ცოტა ამორფული ჩანაწერებია და ინტერპრეტაციისა და შესაბამისად აღსრულების სხვადასხვა საშუალებას იძლევა. ეს არის პრობლემა.

 

ეს არის შუალედური დოკუმენტი, რომელიც ყველა მხარეს აძლევს იმის საშუალებას რომ ცოტათი ამოისუნთქონ და ალბათ და ცოტა ხანში გავიგებთ რამდენად აქვს რუსეთს ამის შესრულების მოტივაცია. პრინციპში თუ არ იქნება რაიმე დაფარული შეთანხმება უკრაინის საგარეო პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით, მეეჭვება, რომ დოკუმენტმა ზუსტად იმუშაოს. საგარეო პოლიტიკას ვგულიმობ. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მოტივაცია მხოლოდ დონბასში მშვიდობა არ არის.

 

რამდენად მყარია ამ ხელშეკრულების გარანტიები? როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება 2008 წელს, იქ ევროკავშირი იყო ჩართული და სარკოზიმ ხელი ევროკავშირის სახელით მოაწერა, მიუხედავად ამისა საქართველოს პოზიციაა, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს დოკუმენტს, რა გარანტიები არსებობს უკრაინის შემთხვევაში?

გარანტიებთან დაკავშირებით მე მგონი საუბარი ზედმეტია. სამწუხაროდ არანაირი გარნატიები რუსეთთან მიმართებაში არ მოქმედებს. ჩვენი შემთხვევაც ცხადყოფს ამას და არამხოლოდ ჩვენი. იგივე უკრიაინას თუ ავიღებთ, როცა უკრაინის მხრიდან ბირთვული შეიარაღებაზე ითქვა უარი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტად რუსეთიც ჩაუდგა და  თვითონ რუსეთმა დაარღვია ეს დოკუმენტი ყირიმის ანექსიით.

მინსკიში გაფორმებული ხელშეკრულებაში ნახსენები არ არის ყირმი, როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო პუტინის მიზანი, რომ დონბასი ექცია სავაჭრო თემად კიევთან და დასავლეთთან იმ მიზნით, რომ ყირმი “შერჩენოდა”?

მე ვფიქრობ, რომ ეგ მხოლოდ მინიმალისტური მიდგომაა. თუ დავაკვირდებით როგორ იწყებოდა ეს კონფლქიტი, ჯერ მოხდა ყირიმის ანექსია და შემდეგ დაახლოებით იგივე პროცესები ადმინისტრაციული შენობების დაკავება, მიტინგების მოწყობა და ასე შემდეგ უკრაინის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც დაიწყო: ხარკოვში, ოდესაში და ასე შემდეგ. ანუ უფრო ფართო ტერიტორიაზე იყო საუბარი, მაგრამ თითქმის ყველგან გარდა ამ დონბასისა, პროუკრაინულად განწყობილი მოსახლეობა უფრო მეტი აღმოჩნდა. კრემლში ფიქრობდნენ, რომ  ყველა რუსულენოვანი ადამიანი რუსეთის მომხრე უნდა ყოფილიყო, რაც ტყუილი აღმოჩნდა, შემდეგ დავიწროვდა ეს ხაზი და დარჩა დონბასი, რასაც ახლა აკონტროლებენ ეს პრორუსი ძალები. ერთ-ერთი ლოგიკა მართლაც არის ის, რომ დონბასი სავაჭრო, საჯილადო ქვად სჭირდებოდა, რათა ყირიმი შერჩეს, მაგრამ ჩემი აზრით, მათ ჯერ კიდევ აქვთ იმის განცდა, რომ იგივე პროცესების წახალისება კვლავ შეუძლიათ უკრაინის დანარჩენ ნაიწლებში. თუ დააკვირდებით, იგივე ოდესაში, ხარკოვში სხვა ქალაქებში ხშირად ხდება აფეთქებები, დაშინებები… მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც პრორუსულად შეიძლება იყოს განწყობილი, არც ისე მცირეა და მორიგი ავანტიურის შემთხვევაში ამ ჯგუფების გააქტიურების საფრთხე კიდევ არსებობს. ამიტომ, მე ვფიქრობ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმის განცდა, რომ სხვა რაღაცებით ვაჭრობაც შეიძლება, გაზს და ეკონომიკურ ასპექტებს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებითაც კი შეუძლია ჯერ ვაჭრობა. მე არ მგონია, ისინი ფიქრობდნენ, რომ დონბასს დავთმობთ რათა ყირიმი შეგვრჩესო, პირიქით, მე რასაც ვაკვირდები რუსი ექსპერტების მოსაზრებებს, ისინი ფიქრობენ, რომ თუ დავთმობთ დონბასს, შემდეგ ყირიმი იქნებაო, ანუ უფრო ექსპანსიურად არიან განწყობილი და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი წამოიღონ.

რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ხელშეკრულებამ და ზოგადად ამ პროცესის უკრაინის სასარგებლოდ დასრულებამ საქართველოზე, რომელსაც ასევე გააჩნია ტერიტორიული პრობლემები რუსეთთან?

გააჩნია პრაქტიკულად რაში გარდაისახება მინსკის ხელშეკრულება. თუ რუსეთმა ვერ მოახერხა უკრიანის საგარეო ვექტორზე პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა და უკრაინის კურსი არ შეიცვლება, მაშინ ეს პოზიტიური პროცესი იქნება საქართველოსთვისაც, თუმცა თუ იმგვარ სურათს მივიღებთ, რომ მოსკოვი უკრაინაზე და დასავლელ პოლიტიკოსებზე ზეგავლენას შეძლებს და ევროინტეგრაციულ სწრაფვა შეჩერდება, მაშინ სამწუხაროდ ეს ფორმულა შეიძლება ამოქმედდეს საქართველოსთან მიმართებაშიც, გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

რას გულისხმობთ, რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გაძლიერებას?

 

ეს ერთია და მეორეა, თვითონ ფორმულა… თუ ფორმულა ამ ფონზე იქნა ისეთი, რომ მოხდა შეთანხმება (რომელიც არსად იქნება გაწერილი) დასავლეთსა და რუსეთი შორის, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან ტერიტორიული პრობლემა აქვთ, ნატოს და ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან, მაშინ შეიძლება, რომ ძალიან ნეგატიურად იმოქმედოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ანუ საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლი ამ შეთანხმებისა, რომ რუსეთთან პრობლემების მქონე ქვეყნებს ნატო და ევროკავშირი არ განიხილავენ საკუთარი წევრებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი