გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი და გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ერთმანეთს შეხვდნენ კოვიდპანდემიისას ადვოკატის  გარდაცვლილი შვილის, ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე.

შეხვედრას წინ უძღოდა შვილმკვდარი მამის პროტესტი პროკურატურასთან და შიმშილობის გამოცხადება. ოჯახი მათი შვილის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.

შეხვედრას ესწრებოდა პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი [მკითხველს ეხსომება 4 ოქტომბრის საქმიდან], რომელიც სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარეა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ვახტანგ ჩარკვიანის საქმის შესწავლა გაგრძელდება და მასში გაიოზ ჩარკვიანიც იქნება ჩართული.

ვახტანგ ჩარკვიანი დაახლოებით 5 წლის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსზე მკურნალობისას.

გარდაცვლილის მშობლები უკვე მეხუთე წელია ელიან საგამოძიებო უწყებისგან პასუხს მათთვის მთავარ კითხვაზე, დაშვებული იყო თუ არა პაციენტისთვის იმ რაოდენობის პრეპარატების მიცემა და რა მიზეზობრივი კავშირი არსებობს აღნიშნული წამლების გაკეთებასა და დამდგარ ფატალურ შედეგს შორის.

ვახტანგის მშობლების აქციას პროკურატურა 22 სექტემბერს გამოეხმაურა განცხადებით და აღნიშნა, რომ გამოძიება 2021 წლიდან ოქტომბრიდან მიმდინარეობს და „განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ“.

ეს 3 პირია კლინიკის თერაპიული განყოფილების უფროსი ქეთევან ცერცვაძე, ამავე განყოფილების ექიმი ქეთევან ლობჟანიძე, რეანიმაციის განყოფილების უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი. სამივე მათგანმა უკვე დატოვა საპატიმრო, მათ შორის ორმა, ამნისტიით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ „არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით.“

გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. ის 2021 წლის 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.