კომენტარი

კინემატოგრაფისტები საყდრისზე: მთავრობას არ აქვს უფლება ხელყოს კულტურული მემკვიდრეობა

29 დეკემბერი, 2014 • • 1415
კინემატოგრაფისტები საყდრისზე: მთავრობას არ აქვს უფლება ხელყოს კულტურული მემკვიდრეობა

“ჩვენ, საქართველოში მოღვაწე კინემატოგრაფისტები, თვალყურს ვადევნებდით ამ საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს და მთავრობის პოზიციას. იმედი გვქონდა, რომ კომპეტენტური პირები დაუყოვნებლივ ჩაერეოდნენ და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ყველა საჭირო ღონეს იხმარდნენ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მთავრობის წარმომადგენლები, დღეს, თავიანთი განცხადებებით ყველანაირად ცდილობენ 13 დეკემბერს მომხდარი ბარბაროსული ფაქტის გამართლებას.

არც ერთ მთავრობას ან ცალკეულ პირს არ აქვს უფლება ერთპიროვნულად, ასე არარეალურად სწრაფ ვადებში გადაწყვიტოს ასეთი მაშტაბის ეროვნული საკითხი. კულტურული მემკვიდრეობის საკითხი არ უნდა წყდებოდეს კერძო კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი ქმედება  სრულიად გაუმართლებელია. ეს არის საქართველო – ქვეყანა, რომლის კულტურაც და ისტორიაც ათასწლეულებს ითვლის. არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება ხელყოს კულტურული მემკვიდრეობა, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი, უგულებელყოს კომპეტენტური სპეციალისტების, მეცნიერების რჩევები და რეკომენდაციები.

საქართველოს არ გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსები. საქართველოს  სიმდიდრეს მისი ისტორიული წარსული და კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს! ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებია. ამ დარგებს უნდა ხელმძღვანელობდნენ განსაკუთრებული მორალის, განათლების, სიღრმისა და პრინციპების ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოლებენ ქართული კულტურის  დასაცავად და საჭირო დროს პრინციპულ გადაწყვეტილებას მიიღებენ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. სამწუხაროდ, საყდრისის მაგალითზე ჩვენ ასეთი დამოკიდებულება ვერ დავინახეთ.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, ჩვენ არ ვართ დარგის სპეციალისტები და არ ვერევით მეცნირულ პოლემიკაში. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ყოვლისმომცველი, ობიექტური საერთაშორისო გამოკვლევა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს საყდრისის მნიშვნელობა ისე, რომ საზოგადოებას არანაირი კითხვა აღარ დარჩეს. დაიდოს და ბოლომდე გასაჯაროვდეს კომპეტენტური კომისიის დასკვნა იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს საყდრისი და თუ ის მართლაც უძველესი ოქროს საბადოა, ყველანაირი გზა უნდა გამოიძებნოს იმისათვის, რომ საყდრისი გადარჩეს და იქ საერთაშორისო მნიშვნელობის არქეოლოგიურ – ისტორიული ძეგლი შეიქმნას.

აბსურდია ამის აღნიშვნის აუცილებლობა, მაგრამ თუ არჩევანი დგას ოქროს მოპოვებას და მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლის შენარჩუნებას შორის, მაშინ, ჩვენი ღრმა რწმენით, არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს, რადგან პერსპექტივაში, ეს უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და რეგიონში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობისთვის, ვიდრე ის ოქრო, რომელსაც დღეს ესა თუ ის კერძო კომპანია მოიპოვებს.

ამბობენ, რომ ნებისმიერ ერს ჰყავს ის მთავრობა, რომელსაც იმსახურებს და თუ  დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს ისეთი მთავრობა, რომელიც სათანადოდ არ იცავს მის კულტურას და ისტორიას. ამის მიზეზი ჩვენ, საზოგადოებამ ჩვენს ინერტულობასა და გულგრილობაში უნდა ვეძებოთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი პროტესტი დაგვიანებული არ არის და საყდრისის ბარბაროსული აფეთქებისა და დღეს იქ მომუშავე ბულდოზერების ხმა მაინც გამოგვაფხიზლებს”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ელდარ შენგელაია, რეზო ესაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ბუბა ხოტივარი, ზაზა ურუშაძე, ლევან კოღუაშვილი, ქეთი მაჭავარიანი, კოტე ჩლაიძე, ნანა ექვთიმიშვილი, ლევან თუთბერიძე, ვანო არსენიშვილი, ნინო ორჯონიკიძე, თამარ ტატიშვილი, დათო ჯანელიძე, გაგა ჩხეიძე, რუსუდან ჭყონია, ზაზა რუსაძე, თინა გურჩიანი, გიორგი შველიძე, რუსუდან პირველი, თამარ შავგულიძე, ლაშა ცქვიტინიძე, ნოდარ ნოზაძე, ნესტან კვინიკაძე, თინათინ კვინიკაძე, ტატო კოტეტიშვილი, ირაკლი მეტრეველი, თეა თელია, სალომე სხირტლაძე, მარგო ზუბაშვილი, კახა მაჭარაშვილი, გუგა კოტეტშვილი, გოგა დევდარიანი, ნატო ბაგრატიონი, ანუკა კალანდარიშვილი, ნუცა წიქარიძე, სალომე ჯაში, გიორგი მასხარაშვილი.

 

საყდრისის მაღარო არის არქეოლოგიური ობიექტი ბოლნისის რაიონში, რომელსაც 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. საყდრისი მაღაროს გარშემო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია RMG-მ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ძეგლი, რომლის მნიშვნელობა გაზვიადებული იყო, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოქროს მოპოვებაში ხელს უშლიდა.

 

ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საყდრისი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ობიექტს. მის მნიშნელობაში ეჭვი შეჰქონდა კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტს კომპანია MRG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. თუმცა მოგვიანებით, სააგენტოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ საყდრისის მაღარო უძველესია და იქ ოქროს ან სპილენძს მოიპოვებდნენ. ეს საკითხი კი შემდეგ კვლევებს უნდა გაერკვია.

 

ამის მიუხედავად, კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა

 

კომპანიის ქმედების შემდეგ განახლდა აქციებიც საყდრისის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები საყდრისში მიწის სამუშაოების შეჩერებასა და კვლევის გაგრძელებას მოითხოვენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი აცხადებს, რომ ობიექტი იმდენად დაზიანებულია, რომ კვლევის გაგრძელება შეუძლებელია.

საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014
საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი