კომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ხიბლი და შიში

4 დეკემბერი, 2014 • • 1813
აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ხიბლი და შიში

უნდა გვეშინოდეს, თუ უნდა მივესალმოთ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენას? ხელი უნდა შევუშალოთ, თუ ხელი შევუწყოთ ამ კომუნიკაციას?


ამ კითხვაზე საპასუხის გასაცემად საკითხი სამ ქვეთავად უნდა განვიხილოთ: პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ჭრილში.


1. პოლიტიკური ჭრილი, ანუ რა პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებენ მხარეები 


რუსეთი, აფხაზეთისა და საქართველოს გავლით კავშირს ამყარებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, სომხეთთან. ასევე გზა ეხსნება მეორე, ჯერ კიდევ სტრატეგიულ პარტნიორ – ირანთან. რადგანაც ირანის საგარეო პოლიტიკა სასიკეთოდ იცვლება დასავლეთის მიმართ, სავარაუდოდ, რუსეთი მომავალში ბევრს ვერაფერს იხეირებს ირანთან თანამშროლობით. სომხეთისათვის, სამხედრო-სატრანსპორტო თვალსაზრისით, მეტად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რუსეთთან გახსნილ რკინიგზას. ყარაბაღის კონფლიქტში სამხედრო სტატუსკვოს შესანარჩუნებლად რუსეთს პერიოდულად მოუწევს სომხური სამხედრო ძალების უკეთ გადაიარაღება. აზერბაიჯანი კი, თავისი მაღალი ფინანსური შემოსავლების ხარჯზე, დამოუკიდებლად ახერხებს შეიარაღების გაუმჯობესებას. სწორედ მხარეთა გაძლიერებული შეიარაღებით ხდება რუსეთის მიერ ყარაბაღის კონფლიქტის ნელ ცეცხლზე შენარჩუნება. საშიშროება, რომ სომხეთში შესული შეიარაღება, შესაძლებელია, მომავალში გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ – ეს არახალია. ეს პრობლემა მუდმივად დგას დღის წესრიგში და მომავალშიც დარჩება. ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე მეტად  სომხეთი და რუსეთი სარგებლობენ. რკინიგზის აღდგენის პროექტის ფარგლებში, საქართველომაც შეიძლება რუსეთისგან მოითხოვოს თავისი პოლიტიკური აქტივების შევსება. ჩვენი პოლიტიკური სარგებელი ეკონომიკურ და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ჭრილში უნდა გადავიტანოთ. ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.


2. ეკონომიკური ჭრილი


ამ გზის საშუალებით რუსეთი ავითარებს ვაჭრობას საქართველოსთან, სომხეთთან და ირანთან. ასევე, ეს ქვეყნებიც ისარგებლებენ ამ კომუნიკაციით. პროდუქცია გავა რუსეთის დიდ ბაზარზე. შესაძლოა, ტვირთბრუნვის მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენზე მეტად ჩვენმა მეზობლებმა (სომხეთმა და რუსეღმა) ისარგებლონ. ამ შემთხვევაში, ტვირთბრუნვის პირდაპირპროპორციული იქნება ჩვენთვის სატრანზიტო შემოსავლები.  საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია რახანია ჩვენი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია. რამდენიც არ უნდა იკეკლუცონ აფხაზებმა, რომ მათ ეს დერეფანი არ აინტერესებთ, არაღიარებულ აფხაზეთს სატრანზიტო შემოსავალი მნიშვნელოვან ფულად მოგებას მოუტანს. სასურველი პროდუქციის ერთი ნაწილი აფხაზეთში საქართველოდან და საქართველოს გავლით შევა. ეს ის შემთხვევა იქნება, როცა საქართველოსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური ინტეგრაცია რეალურად დაიწყება. მოკლედ, ეკონომიკური თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად ყველა მხარე ისარგებლებს.


3. აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენა კონფლიქტის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით


ეს იქნება მწვანე შუქი ჩვენსა და აფხაზებს შორის ერთმანეთში პირდაპირი ურთიერთობის დაწყებისა. აფხაზებისთვის გაჩნდება ჩვენთან თანამშრომლობის  მოტივაცია და არგუმენტაცია. ამ კომუნიკაციას გამოუჩნდება ბევრი საერთო სხვა საკითხი, რაც აფხაზებთან თანამშრომლობით უნდა გადავწყვიტოთ. ანუ, ასეთმა თანამშრომლობამ შესაძლოა საფუძველი დაუდოს სხვა, ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ამასთან ერთად, ჩვენ გვეძლევა საშუალება, აფხაზებისთვის გავხდეთ პოზიტიური პარტნიორი და გავთავისუფლდეთ მტრულად განწყობილი და  საშიში მეზობლის იმიჯისაგან, რაც საბოლოოდ ჩვენს შორის ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე იმუშავებს. რაღა თქმა უნდა, თუკი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე თანხმდება ჩვენი საზოგადოება და უარს ამბობს კონფლიქტის შეიარაღებული გზით მოგვარებაზე. ამ კომუნიკაციით მოსარგებლე რუსეთს ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ჩვენი და აფხაზების საერთო ინტერესებში იქნება. სწორედ ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სარგებელი.


აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა ქართულ საზოგადოებაში იწვევს სამ შიშს: პირველი, რომ ამით ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ვკარგავთ მას. მეორე, რომ რინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენით ქართული პორტებს შეუმცირდებათ ტვირთბრუნვა. და მესამე, რომ ამ პროექტით გავანაწყენებთ ჩვენს სტრატეგიულ მეზობელ – აზერბაიჯანს.


1. ეკონომიკური თუ პოლიტიკური თანამშრომლობა სრულიადაც არ ნიშნავს კონკრეტული რეგიონის (აფხაზეთის) დამოუკიდებლად აღიარებას. ამ ვალდებულებას ჩვენ  არავინ არ გვიყენებს. ზოგადად კი, კონფლიქტის მოგვარება  ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში თანამშრომლობის გარეშე გამორიცხულია.  ეს კარგად იციან დასავლელმა დიპლომატებმა.


2. არსებობს შიში, რომელსაც ქართველი ეკონომისტები ახმოვანებენ. თითქოს რკინიგზის ამ მონაკვეთის ამოქმედებით ტვირთბრუნვა გადავა რკინიგზაზე და ჩვენი პორტები ნაკლებად დაიტვირთება. გაუგებარია, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან, ოკეანითა და ზღვით წამოსულმა ტვირთებმა რატომ უნდა გადაინაცვლოს რუსეთის ტერიტორიაზე და რატომ უნდა შემოვიდეს სოჭიდან  რკინიგზით?! საქართველოში შემოსული ტვირთის  მცირე ნაწილმა შესაძლოა მართლაც გადაინაცვლოს ხმელეთზე, და ამ მიზეზით პროექტი უნდა ჩავაგდოთ? მივკეტოთ მაშინ ლარსის გამშვები პუნქტიც და დაველოდოთ, რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ტვირთი როდის გამოჩნდება ფოთის პორტში. ევროპა იმიტომ არის განვითარებული, რომ კომუნიკაციის ბევრი ალტერნატივაა. ასე უნდა იყოს საქართველოში.   


3. აზერბაიჯანის განაწყენების შიში. ეს სრულიად უსაფუძვლოა. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად მრავალი პროექტი განვახორციელეთ. ამ პროექტებსაც არ მიესალმებოდა სომხეთი, მაგრამ ქვეყანა არ დანგრეულა. საქართველოს ინტერესი, რომ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა გამოყენებული იყოს ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისათვის, ბევრად მაღალია აზერბაიჯანის ეგრეთ წოდებულ განაწყენებაზე. არც ჩვენთვის არის მოსაწონი აზერბაიჯანის პრორუსული პოლიტიკა რეგიონის ევროინტეგრაციის ხარჯზე, მაგრამ… რას ვიზამთ.  ვიმეორებ, თუკი ამ პროექტს გამოვიყენებთ ჩვენი კონფლიქტის ტრასფორმაციისათვის (რაც სავსებით შესაძლებელია), აზერბაიჯანს არგუმენტიც კი არ დარჩება პროტესტის გამოსახატავად. მეორე მხრივ კი, ძნელი წარმოსადგენია რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ წასული აზერბაიჯანის წარმოდგენა. განსაკუთრებით დღევანდელი აზერბაიჯანული პოლიტიკური ელიტის სახით.


არის ერთი გარემოებაც, არ შეიძლება გახდე წარმატებული ქვეყანა, თუ შენი მეზობლებისათვის წარმატება არ გემეტება. რეგიონში რეალური წინსვლა არ მოხდება, სანამ ქვეყნები ურთიერთსასარგებლო პროექტებზე არ დაიწყებენ ორიენტირებას. ასეთი პროექტების განხორციელების შანსი კი მალე გვექნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ  რუსეთის დასუსტებისკენ მიმართული დასავლეთის მეცადინეობა შედეგს გამოიღებს. ეს კი, თავის მხრივ, კავკასიაში რუსეთის გავლენას შეამცირებს. რაც ჩვენ მეზობლებს პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოების საშუალებას მისცემს. საბოლოოდ, საქართველოს მაინც აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად უწერია გახდეს ევროპის ნაწილი. რაღა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთან კონფლიქტის მოგვარების ფონზე.  

მამუკა ყუფარაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება
მამუკა ყუფარაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი