კომენტარი

“ეს შენ გეხება” ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ცვლილებების მიღებას ეხმიანება

4 აგვისტო, 2014 • • 1063
“ეს შენ გეხება” ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ცვლილებების მიღებას ეხმიანება

“კამპანია “ეს შენ გეხება” მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების მიღებით  მნიშვნელოვნად უმჯობესდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიები, მოქმედი კანონმდებლობა მეტად დაუახლოვდება ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სტანდარტებს.

 

ახალი საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად:

 

  • თვალთვალი და მიყურადება განხორციელდება მხოლოდ  დანაშაულის ჩამდენი პირების და იმ პირების მიმართ, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი პირისაგან იღებენ ან მას გადასცემენ დანაშაულის შესახებ ინფორმაციას; იმ პირების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ასევე, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ, რომელთა ქმედება მიმართულია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ან წარმოადგენს ეკონომიკური ტიპის დანაშაულს;
  • შეიზღუდება ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ხანგრძლივობის ლიმიტი და იგი ვერ გაიცემა 6 თვეზე მეტი ვადით (1+2+3);
  • ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების, მის შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და ამ მასალის განადგურების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება;
  • ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონთან შესაბამისობაში განხორციელების ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს. მისი უფლებამოსილება ასევე გავრცელდება მონაცემთა სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის იმ ნაწილზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას;
  • პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს დანიშნავს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატიდან. პრემიერ-მინისტრი არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კანდიდატს არჩევს ხელისუფლების სამივე შტოს, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოებისაგან შემდგარი კომისიის მიერ წარდგენილი სიიდან;
  • პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს ხელი მიუწვდება დანაშაულის, ასევე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალებზე, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.   

 

საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოება, ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. განხორციელებული პროგრესული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ დაურეგულირებელი რჩება სამართალდამცავი ორგანოების მიერ კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებსა და მოქალაქეთა შორის კომუნიკაციაზე პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომის საკითხი. როგორც კანონპროექტის გარდამავალ დებულებაშია ნათქვამი, აღნიშნულ თემაზე გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა იქნეს მიღებული. 2014 წლის 1 ნოემბრამდე სამართალდამცავი ორგანოები ასევე ინარჩუნებენ რეალურ დროში კომუნიკაციის შესახებ (მაგალითად, ზარის განმახორციელებლის შესახებ ინფორმაცია, სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელების დრო და სხვა მონაცემი, რაც არ არის დაკავშირებული საუბრის შინაარსთან) კავშირგაბმულობის არხში მონაცემების კოპირების უფლებასაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეალურ დროში მონაცემთა კოპირების შეზღუდვის საკითხი, კანონპროექტის მე–3 მოსმენით განხილვის დროს იქნა შეცვლილი და ამოღებული სამართალდამცავი ორგანოების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, რასაც კამპანია „ეს შენ გეხება“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხის 1 ნოემბრამდე დარეგულირების პირობით.

 

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა 18 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ზემოხსენებულ ვადაში უნდა უზრუნველყოს, ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მეშვეობით განხორციელებული, კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის მოპოვების წესის დადგენა, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებაზე ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმის დანერგვა,  შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება, ასევე, კავშირგაბმულობის არხებში მონაცემთა რეალურ დროში კოპირების საკითხის დარეგულირება. სამუშაო ჯგუფში იქნებიან პარლამენტის წევრები, მთავრობის, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახალხო დამცველი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და  კანონპროექტის ავტორები ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ლიკა საჯაია.

 

“კამპანია ეს შენ გეხებაში” გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მყარად ინარჩუნებენ პოზიციას იმასთან დაკავშრებით, რომ კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის და კავშირგაბმულობის არხებში მონაცემთა რეალურ დროში მიწოდების საკითხი  მობილური ოპერატორების კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია სწორედ ამას ითვალისწინებდა და იგი ეყრდნობოდა კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. იმედს ვიტოვებთ, რომ სამართალდამცავი ორგანები არ შეეწინააღმდეგებიან კამპანია “ეს შენ გეხებაში” გაერთიანებული ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების რჩევებს, ხოლო საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს მოსმენებთან დაკავშრებით მანკიერი პრაქტიკის დასასრულს.”

 

პარლამენტმა 1 აგვისტოს მესამე მოსმენით, 76 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი