კომენტარი

ქალების ხოცვა, ანუ ქალების ბრძოლა თავისუფლებისთვის!

27 ივლისი, 2014 • • 2373
ქალების ხოცვა, ანუ ქალების ბრძოლა თავისუფლებისთვის!

საზოგადოება და მათი მოქმედების მაპროვოცირებელი პოლიტიკური ძალები (ეკლესია, მთავრობა, მასმედია) გიჟდებიან აბსტრაქციებზე, მკვდრებზე, გვამებსა და მისტიციზმზე. ისინი იგონებენ გრანდიოზულ, მითიურ ურჩხულებს (მაგალითად, ჰომოსექსუალებს) და „გმირულად“ ებრძვიან მას, რაც, თავის მხრივ, მათ სიცოცხლეს „ჰეროიკულ“ არსს აძლევს. იკვრებიან ეს „ურჩხულთან“ მებრძოლი მამაცი „გმირები“ ერთ დიდ, მონოლითურ გუნდად და ასე ახდენენ ერთმანეთის ლეგიტიმაციას. ანდაც, იგონებენ მითიურ ზე-გმირს, ოლიმპოს მწვერვალზე მოთავსებულ ზევსს (მაგალითად, პატრიარქს) და მისი დიდებით, მისი სიყვარულით, მორჩილებით, მასზე ლოცვით იბედნიერებენ ცხოვრებას.

 

ეს ერთი, დიდი და საშიში, თანამედროვე ქართული მითოლოგიაა, დამღუპველი ნისლი, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ქაოტურად ლივლივებს და გაურბის ნამდვილ, არამითოსურ სიცოცხლეს. მეტიც, ჭირის დღესავით სძულს სიცოცხლე, ნამდვილი, ცოცხალი ადამიანები. ძალაუფლების ვერტიკალში მყოფი რეჟისორები მახვილი ინტუიციით ყნოსავენ ამას და რჩება შთაბეჭდილება, რომ განზრახ, ეფექტურადაც ახდენენ მკვდრის, გვამის კულტის გაღვივებას. (გაიხსენეთ გაბრიელის ძვალთთაყვანისცემა, შევარდნაძის მიწაში ჩასვენების პროცესი პირდაპირ ეთერში)…

 

ეს ამბები მხოლოდ ადასტურებს ჩემს ეჭვს, რომ საზოგადოებას (მის დიდ ნაწილს მაინც) ჭირის დღესავით სძულს სიცოცხლე, ნამდვილი, ცოცხალი ადამიანები!

 

…და ძალიან ძნელია შეეშვა მითოსში ცხოვრებას მაშინ, როდესაც რეალურ ცხოვრებაში უბრალოდ, უბედური ხარ: უყურებ კატასტროფულ სოციალურ ფონს, უყურებ ქუჩაში, კარდონის ყუთზე მძინარე ასობით მომაკვდავ უსახლკაროს და ბოლოს და ბოლოს, შენი საკუთარი შემოსავალი (თუკი ბედმა გაგიღიმა და დასაქმდი), საკვების მოსაპოვებლადაც კი არ  გყოფნის. ასეთ დროს, რაღა გასაკვირია, გძულდეს სიცოცხლე.

 

ასეთ გამოგონილ აბსტრაქციებში ჩაძირული საზოგადოება ზრუნავს თავად აბსტრაქციების კვლავწარმოებასა და გაძლიერებაზე. ჯგუფ „ბანის“ ბოდიში, რომელიც მათ გოგონების ტრაკებზე შესრულებული ხალხური სიმღერის გამო მოიხადეს, სხვა არაფერია, თუ არა აბსტრაქციების კვლავწარმოება და გაძლიერება, ხოლო ცოცხალი ადამიანის უგულვებელყოფა. შეგახსენებთ, ფოლკლორის ცენტრმა მათ ბოდიშის მოხდა იმის გამო კი არ მოსთხოვა, რომ ქვეყანაში, სადაც ქმრები ცოლებს კვირაში ერთხელ ხოცავენ, ქალის წარმოჩენა დასარტყამ ინსტრუმენტად სოციალური მავნებლობა იყო, არამედ იმის გამო, რომ მათ „ქართული ფოლკლორი შეურაცხყვეს“. გამოიცანით – დაიცვეს არა ადამიანი, არამედ – აბსტრაქცია, მითოსი.

 

ეს „ჰეროიკული“ მითოსური აზოვნება მკვეთრად პატრიარქალური, მასკულინური ხასიათისაა, თუმცა, უნდათ თუ არა, აზროვნებისა და ქმედების ამ სტილში თანდათან რყევები ძლიერდება. რამდენადაც უკიდურესად პესიმისტური და ვიტყოდი, კატასტროფულიცაა ცოლების ხოცვის გამაოგნებლად გახშირებული შემთხვევები, პირადად ჩემთვის იმდენადვე ოპტიმისტური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს მას: ჯანყი! ჯანყი მონობის წინააღმდეგ, თავისუფლების სასარგებლოდ. „გმირულ“ იმიჯში გახვეული ქართველი ტირან-მაჩოები, იგივე ბაბულიკები, როგორც მითოსში ყველაზე ღრმად ჩაძირული პერსონაჟები, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ მათი ტირანიის დასასრულის დასაწყისი კარზეა მომდგარი.

 

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ იშვიათად ვუყურებ, ძირითადად, ოჯახის წევრების ხარჯზე, მაგრამ მახსოვს ერთი პერსონაჟი, მოძველბიჭო ბაბულიკა დიტო, რომელსაც ცოლი ღალატის გამო დაშორდა და აღარც შეურიგდა. ასევე გაკვრით მახსოვს ქალები – თავისუფლების მოსურნე, ან უკვე თავისუფლად მცხოვრები ქალები, რომლებმაც მამაკაცების ტირანულ კომფორტსა და თვითხიბლში სერიოზული დისონანსი შეიტანეს და დააფიქსირეს საკუთარი თავი, როგორც დამოუკიდებელმა ქალებმა… და ასევე მახსოვს არაერთი ადამიანი ჩემს გარშემო, რომელთათვისაც ამ ქალების სახე ერთგვარი ტრენდი გახდა. ვაკვირდები ადამიანებს, ნათესავებს, მეზობლებსა თუ სხვებს ჩემს გარშემო და ვატყობ, რომ ქალებს უბრალოდ აღარ უნდათ მათ გვერდით ტირანი მაჩო-ბაბულიკა იდგეს, რომელიც მათი თითოეული სიტყვის, აზრისა თუ ქმედების ბატონ-გამგებელი იქნება. ისინი იწყებენ მუშაობას, აქვთ საკუთარი შემოსავალი, საქმე და არიან ისეთივე თავდაჯერებულები, როგორიც ნებისმიერი ქალი, რომელიც საჭესთან ზის (შეგიმჩნევიათ, როგორი სასიამოვნოდ თავდაჯერებული სახე აქვს ყველა ქალს – საჭესთან?)

 

თვითკმაყოფილი და ტირანული ჰეტერონორმატიული კულტურა დასავლეთში, მათ შორის საქართველოში, დასასრულისკენ მიექანება. თუ ეს პროცესი დასავლეთში გაცილებით ადრე დაიწყო, ჩვენთან, როგორც ერთგვარ კულტურულ პროვინციაში, პროცესი, მგონია, რომ სწორედ ახლა იწყება – ქალები იწყებენ აჯანყებას თავისუფლების მოსაპოვებლად. უჭკუო, გონსა და ალღოს გარეშე დარჩენილ ტირანს კი სხვა რა დარჩენია, თუ არა ერთადერთი, ყველაზე პრიმიტიული (და იმავდროულად, ყველაზე სამწუხარო) გზა საკუთარი, ექსკლუზიურად მისთვის არსებული კომფორტის შესანარჩუნებლად, თუ არა მოწინააღმდეგის ფიზიკური განადგურება.

 

შარშანდელი 17 მაისი ჩემთვის სწორედ ამ რყევის დასაწყისი იყო. შარშანვე, ტირან-მაჩოების მიერ გამოვლენილი არნახული სისასტიკეც მხოლოდ ლოგიკური ინდიკატორი იყო იმისა, რომ მათ კომფორტში რყევები დაიწყო, იმ კომფორტულ მითოსში, რომლის მიხედვითაც ქვეყანაზე მხოლოდ ჰეტეროსექსუალ, მასკულინურ მაჩოებს აქვთ [თავის]უფლება და არავის სხვას. მეტიც, მხოლოდ თავად არსებობენ და არავინ სხვა. (ამას ჯერ კიდევ შარშანდელ 17 მაისამდე გაჰყვიროდნენ – „ქართველი გეიები არ არსებობენ!“)

 

ასე რომ, რაც უფრო სასტიკი და არაადეკვატური ხდება ტირანი, უფრო მეტად მიგვანიშნებს ტირანიის დასასრულზე. ეს უბრალოდ ისტორიის კანონზომიერებაა – არ არსებობს ძალა, რომელიც ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიოდა, თუნდაც ყველაზე ბრუტალური მეთოდებით და ადრე თუ გვიან არ დაემხო. დაემხო იმპერიები, გაქრა ინკვიზიცია, ისტორიის სანაგვეზე განისვენებენ ჰიტლერი და სტალინი და ჩამოიშალა ყველაფერი, რაც ადამიანის, ცოცხალი ადამიანის თავისუფალი, ღირსეული არსებობის წინააღმდეგ ილაშქრებდა.

 

სწორედ ეს ბედი ელის თანამედროვე ქართულ მითოსს, რომელში გახვეული „გმირი“ პერსონაჟებისთვისაც მითი და მათი როლი ამ მითში გაცილებით ღირებულია, ვიდრე ნამდვილი, ცოცხალი ადამიანი. ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე არსებობას ცოცხალი ადამიანები ვაგრძელებთ, მითები კი, უბრალოდ, კარგა ხანია ბიბლიოთეკის თაროებზე განისვენებენ თავის პერსონაჟებთან ერთად, როგორც მხოლოდ ისტორია, როგორც მხოლოდ წარსული.

 

ჩემის მხრივ, ამ წერილს ვუძღვნი ყველა ქალს, რომელსაც თავისუფლება სურს, თავისუფლებისთვის იბრძვის, ან, თავისუფლებისთვის ბრძოლას ემსხვერპლა. 

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი