კომენტარი

მითები და რეალობა ედუარდ შევარდნაძეზე – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან

14 ივლისი, 2014 • • 6218
მითები და რეალობა ედუარდ შევარდნაძეზე – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან

ბევრი მოსაზრება არსებობს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ედუარდ შევარდნაძის საქმიანობის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ის იყო პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცივი ომის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლის საქმეში. გადაჭარბებული ხომ არ არის ეს შეფასება?


მას საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ მმართველობაში იმ პერიოდში მოუწია ყოფნა, როდესაც ცივ ომს საკუთარი თავი უკვე ამოწურული ჰქონდა და დგებოდა მომენტი, როცა საჭირო იყო ახალი პოლიტიკის გატარება. ცივი ომის მთავარი შედეგი საბჭოთა კავშირის კუთხეში მიმწყვდევა, დასუსტება და მისი დანგრევის პროცესის დაწყება იყო, ამან შედეგი მოიტანა და როდესაც საბჭოთა პოლიტიკურ მმართველობაში ასეთ პერიოდში მოდიხარ, უნდა გეყოს გამბედაობა, რომ ის ნაბიჯი გადადგა, რასაც შენგან რეალობა ითხოვს. მაშინ არჩევანი იყო გასაკეთებელი ორ ნაბიჯს შორის: ან უნდა გაგრძელებულიყო ის პოლიტიკა, რომელსაც გორბაჩოვამდელი საბჭოთა მმართველობა აწარმოებდა და მეორე, გორბაჩოვის პოლიტიკა, რომელიც უფრო ლოიალური და იმაზე ორიენტირებული იყო, რომ საბჭოთა სივრცე თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი გამხდარიყო. მათ დაიწყეს საზღვრების გახსნა, აღარ შეუშალეს ხელი ლიბერალური ღირებულებების შემოსვლას, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ჭრილში. დაიწყეს საჯაროობის პოლიტიკა, რომელსაც მოქალაქეებისათვის საშუალება უნდა მიეცა, რომ სათქმელი ღიად ეთქვათ, გაიხსნა არქივები, რასაც შესაბამისი რეაქციები მოჰყვა. ანუ დაიწყეს იმ პოლიტიკის წარმოება, რომელიც საბჭოთა კავშირს თანამედროვეს გახდიდა, მაგრამ მათ ან ვერ გაითვალისწინეს, ან ჰქონდათ გათვალისწინებული, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს იმას, რომ ეს იმპერიის საბოლოო დაშლას გამოიწვევდა, რადგან თანამედროვე სახელმწიფო და ღირებულებები ვერ ცნობს და არ აღიარებს იმპერიას. 1988-1990 წლებში გორბაჩოვსაც და შევარდნაძესაც საბჭოთა იმპერიის ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა ჰქონდათ, მაგრამ ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, რადგან ინტეგრაციული პროცესი იმდენად გაიშალა საბჭოთა კავშირში, რომ მას უკან ვეღარ შეაბრუნებდნენ, აქ არა მარტო ცალკეული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის კასკადს ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ ადამიანებს გაუჩნდათ იმის განცდა, რომ მათზე ვეღარავინ იძალადებდა და ვეღარ დააბრუნებდა იმპერიაში. 


მიმაჩნია, რომ შევარდნაძეს, ისევე როგორც გორბაჩოვს, გაუმართლა, რადგან ისინი სწორედ ასეთ დროს აღმოჩნდნენ იმპერიის სათავეში. ბუნებრივია, იმპერიალისტებისთვის, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლას შეცდომად მიიჩნევენ, გორბაჩოვი და შევარდნაძე მიუღებელი ფიგურები არიან. ამიტომ, როდესაც ხდება დაპირისპირება პრო-სა და კონტრა-ს შორის, იქ აუცილებლად ჩნდება მითები. მით უმეტეს, შევარდნაძეს ყოველთვის ჰქონდა იმის მცდელობა, რომ მის გარშემო მითები შექმნილიყო. ის საკმაოდ ეფერებოდა მითებს, მანამდეც, საბჭოთა საქართველოს მმართველობის დროსაც და მერეც, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში… ჩემი აზრით, ეს მხოლოდ შევარდნაძის პრობლემა არ არის, ეს ზოგადად ქართული საზოგადოების პრობლემაა, რადგან ეს არის საზოგადოება, რომელიც მითოლოგიზმებით აზროვნებს, მოქმედებს, ამიტომ აქ ყოველთვის უნდათ მითოლოგიზებული ლიდერი. 25 წელია ჩვენ სწორედ ასეთი ლიდერები გვყავს.


კონკრეტულად რა მითებზე საუბრობთ შევარდნაძესთან დაკავშირებით?


პირველი მთავარი მითი, რაც შევარდნაძესთან დაკავშირებით არსებობდა, არის მისი ვაჟკაცური, შეუპოვარი და მედგარი ხასიათი. ის ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში მილიციიდან მოვიდა ძალიან კონკრეტული მესიჯით, რომ ებრძვის ნეგატიურ მოვლენებს… ნულოვანი ტოლერანტობა _ ეს არ არის 2006 წელს გაჩენილი ტერმინი, ეს არის 1972 წელს [როდესაც შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად აირჩიეს] ჩასახული ტერმინი. მაშინაც დაუნდობელი ბრძოლა იყო გამოცხადებული ნეგატიური მოვლენების მიმართ. იმ პერიოდის თანამედროვეებს რომ ჰკითხოთ, ვინ ასოცირდებოდნენ მაშინ ნეგატიურ მოვლენებთან, ვერ გიპასუხებენ, ან დაგისახელებენ კონკრეტულ ადამიანს და მერე გაგიკვირდება, რატომ შეიძლება ნეგატიური მოვლენა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც საბჭოთა ეკონომიკის მიღმა პროდუქციას აწარმოებდა, რატომ შეიძლება ყოფილიყო ნეგატიური მოვლენა ადამიანი, რომელიც საგარეუბნო აგარაკს აშენებდა ცხვარიჭამიაში ან კიკეთში, რატომ შეიძლება ყოფილიყო ნეგატიური მოვლენა ადამიანი, რომელსაც ჯიბეში შეიძლება უცხოური ვალუტა აღმოჩენოდა… მე ორი ცნობილი საქმე მახსოვს, როდესაც ასეთი რამის გამო საპატიმრო დაწესებულებაში მოათავსეს რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი და მეორე _ საპატიმროში მოხვდა ერთ-ერთი სამეურნეო მუშაკი იუზა კობახიძე. ჩემთვის წარმოუდგენელია, კონკრეტულად რა ოპერაციას აწარმოებდა იგი, ან რა ოპერაციის წარმოება შეეძლო მაშინდელ საბჭოთა საქართველოში, თუმცა მას მიუსაჯეს დახვრეტა. იუზა კობახიძის დახვრეტის აქციამ ასეთი მითოლოგიური ანტურაჟი შეიძინა _ ის იყო ედუარდ შევარდნაძის უახლოესი მეგობარი, საზოგადოებაში ასე იყო ცნობილი. მითი, რომ შევარდნაძე დაუნდობელია საკუთარი უახლოესი მეგობრების მიმართაც კი, მას ძალაუფლებისთვის სჭირდებოდა და ძალიან კარგად გამოიყენა.

კიდევ ერთი თემა _ კორუფცია. საბჭოთა ეკონომიკის მანკიერი თვისებებისადმი ქართული საზოგადოება საკმაოდ მიდრეკილი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ვასილ მჟავანაძის დროს, როდესაც კორუფცია ადამიანების პიროვნული პოზიტიური მახასიათებელი იყო… ხშირად მოისმენდი ასეთ ფრაზას: `ფულს შოულობს, მაგრამ კარგი კაციაო”. საბჭოთა ეკონომიკაში გარდა ხელფასისა, ფულს როგორ იშოვი? _ თუ შავ ეკონომიკას განავითარებ და კორუფციაში ჩაერთვები, ამიტომ კორუფცია იქცა პიროვნულ-პოზიტიური თვისების განმსაზღვრელ ინდიკატორად საზოგადოებაში. ეს იმდენად იყო ფესვებში გამჯდარი, რომ როდესაც შევარდნაძე მოვიდა, მას ორი გზა ჰქონდა: ან უნდა დაჰყოლოდა პროცესს და ვასილ მჟავანაძის პოლიტიკა გაეგრძელებინა, ან ახალი ტიპის პოლიტიკური რეალობა შეექმნა. გაგრძელება ცოტა გაუჭირდებოდა, რადგან მჟავანაძე ძველი ყაიდის ლიდერი, ომის გენერალი იყო და მას სხვა ტიპის ურთიერთობები ჰქონდა საბჭოთა მმართველობასთან, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 1970-იან წლებში მოსკოვში მმართველობის ფორმაც შეიცვალა და იქ სხვა ტიპის პოლიტიკოსები მოვიდნენ, სხვა ფორმით უნდა დაემკვიდრებინა თავი შევარდნაძეს. მან გადაწყვიტა, რომ ეს შეუვალი პოლიტიკური ლიდერის იმიჯით გაკეთებინა. ეს იყო მისი მმართველობის პირველი ეტაპი. საჭირო გახდა ორი აქციის განხორციელება. შეიძლება ეს შევარდნაძისაგან დამოუკიდებლად მოხდა, მაგრამ მან ორივე სიტუაცია გამოიყენა, რათა საზოგადოებისათვის ეჩვენებინა, რომ ის არის უშიშარი მებრძოლი. 1977 წელს თბილისის დინამოს სტადიონზე “ზარიასთან” გამართულ მატჩში მოვლენები დრამატულად განვითარდა. გაღიზიანებული მოქალაქეები სტადიონზე შეიჭრნენ და მოწინააღმდეგე გუნდს, უფრო მეტად კი მსაჯს, უპირისპირდებოდნენ, რის გამოც მღელვარება შეიქმნა. შევარდნაძე შევიდა მოედანზე და სტადიონიდან ხალხის გაყვანა მოახერხა. არ ვიცი, ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის იმ ხმის გაგონება იყო არსებითი, რომლითაც მათ შევარდნაძემ მიმართა, თუ იქ უშიშროების “გადაცმულმა აგენტებმა” იმუშავეს, რათა ხალხი უსისხლოდ გაეყვანათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა. რაც შეეხება მეორე საქმეს: 1978 წლის 14 აპრილი _ ენის ამბები, როდესაც ასევე აღელვებული ხალხი მივიდა შევარდნაძესთან. მან ძალიან დიდი რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ეს ადამიანები უნივერსიტეტიდან მთავრობის სახლთან არ მისულიყვნენ, ამისათვის თავის მეგობარ მწერლებს და პოეტებს იყენებდა, რომლებმაც იმ პერიოდის სტუდენტებსა და “ამბოხებულებს” საკმაოდ ნეგატიურად აჩვენეს თავი, მაგრამ რაკი შევარდნაძე დარწმუნდა, რომ ამ რესურსმა ვერ გაჭრა, მერე უკვე დაიწყო სრულიად დამოუკიდებელი თამაში და სწორედ იმის მითოლოგიზება, რომ მას ესეც კი შეუძლია. რთული იყო მოსკოვისთვის ამის გადაყლაპვა, რადგან მოსკოვმა ორი სახიფათო რამ მიიღო: 1. მოკავშირე რესპუბლიკაში მოხდა იმის პრეცედენტი, რომ სახელმწიფო ენად გამოცხადდა ადგილობრივი დომინანტი ნაციის ენა და მეორე, მათ ხელთ შერჩათ ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც გარდა პარტიული რეგალიებისა, ნაციონალისტური შეფერილობაც შეიძინა, რასაც ყოველთვის უფრთხოდა საბჭოთა კავშირი.


ზვიად ქორიძე/ფოტო: ონიკ კრიკორიანი
ზვიად ქორიძე/ფოტო: ონიკ კრიკორიანი

რაც შეეხება უშუალოდ კორუფციას?


შევარდნაძემ კორუფციის დამარცხება ვერ მოახერხა, მაგრამ მან ერთი ტიპის ნეგატიური მოვლენები მეორე ტიპის ნეგატიური მოვლენებით ჩაანაცვლა. ბუნებრივია, გრადაცია შეიცვალა, უფრო თანამედროვე მართვის ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანები მოვიდნენ. თუ მისთვის მიუღებელი იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერი, როგორც ცეკას მდივანი გეგეშიძე იყო, აბსოლუტურად მისაღები იყო ცეკას მდივანი სულიკო ხაბეიშვილი, რომელიც არაფერს აკეთებდა. ის, ერთი მხრივ, იყო არალეგალური ფინანსური ნაკადების დამრეგულირებელი და მეორე მხრივ, აღმშენებელი, რომელიც ხელს უწყობდა ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს. ეს ხომ ჩვენთვის ნაცნობია? 2000-იან წლებს რომ გადავხედოთ, იმავე პოლიტიკას დავინახავთ. ცხოვრება წინ მიდის, მაგრამ რჩება კლიშე; გვაქვს საბიუჯეტო სახსრები, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შანსი, ის ბოლო წვეთამდე უნდა ამოვიღოთ, რაღაც ჯიბეში ჩავიდოთ, ხოლო ნაწილი მეურნეობაში გავუშვათ. ამის ტიპური ნიმუშია, თუ როგორ აშენდა სპორტის სასახლე ისე, რომ ეს საკავშირო ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა, პრაქტიკულად მოპარული ფულით აშენდა სასახლე. თუ სპორტის სასახლე ვასილ მჟავანაძის მმართველობის პერიოდის აღმშენებლობითი საქმიანობის პიკი იყო, შევარდნაძისთვის სასტარტო წერტილი დინამოს სტადიონი გახდა. ძალიან უცნაური იყო ის, რომ დინამოს სტადიონისთვის განკუთვნილი ასიგნებები საკავშირო ბიუჯეტში არ ჩანდა. ეს არის ის ნაგებობა, რომელიც პრაქტიკულად კორუფციის პირმშო იყო, ამიტომ იმის თქმა, რომ შევარდნაძე კორუფციას ებრძოდა ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის კონტექსტში, არის სწორედ ის მითი, რომლის დაჯერებაც უნდათ იმ მოქალაქეებს, ვისთვისაც კორუფცია ცხოვრების წესია. შევარდნაძემ საზოგადოებას დააჯერა, რომ ის ებრძვის ნეგატიურ მოვლენებს, მაგრამ მაშინ კორუფცია ყვაოდა.

1978 წელს მას გავლენიანი ლიდერის, ბაზალეთის ტბის ძირას ნაპოვნი ოქროს ბიჭუნას იმიჯი უკვე მოპოვებული ჰქონდა. ახლა საჭირო იყო მოსკოვის მხარდაჭერა. ამ პერიოდში, 1979-1984 წლებში, ის უკვე გამოირჩევა არა ნაციონალისტური მიდგომებით, არამედ კრემლზე ორიენტირებული პოლიტიკით. ის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი გახდა, 1981 წელს მან საქართველოს გასაბჭოების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი პომპეზური ზეიმიც ჩაატარა და მომაკვდავი ბრეჟნევიც კი ჩამოიყვანა თბილისში, ანუ, ასე ვთქვათ, სრული ლოიალობა გამოუცხადა [მოსკოვს]. 1983 წელს მას ჰქონდა იმის მცდელობა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები მოეწყო. ამ მიზნით დარიალის ხეობიდან თბილისამდე მეგაპროექტი განახორციელა _ ზურაბ წერეთელმა უამრავი ქანდაკება დადგა _ ე.წ. ანდროპოვის ყურები, რომელიც უკვე აღარ არსებობს და კარგია, რომ ნელ-ნელა ივიწყებს თბილისი ამ გაუგებარ ნაგებობას რესპუბლიკის მოედანზე. ეს არის პერიოდი, როდესაც მთელი ინფრასტრუქტურული პროექტები მუშავდებოდა სწორედაც რომ საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი კომუნიკაციების განვითარებისათვის. ამ დროს მთავრდება როკის გვირაბის მშენებლობა, ამ დროს იწყება ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობა. ანუ, პოლიტიკური ხაზი ამ ადამიანმა უკვე ძალიან მკაფიოდ გაავლო _ მოსკოვის მიმართ ლოიალობა. სხვათა შორის, დრამატულად განვითარდა ეს პროცესი 1983 წლის ნოემბერში, როდესაც თვითმფრინავის გატაცების მცდელობა იყო. მაშინ თვითონაც ამბობდა, რომ ის წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, თუმცა არ აზუსტებდა, ვის ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას. უნდა გვევარაუდა, რომ უშიშროების სამსახურებს ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ ფაქტია, რომ მან არ გამოიყენა ის ბერკეტი, რომელიც იყო მის ხელში _ შეწყალება, და უმკაცრესად დასაჯეს ის ადამიანები. იმიტომ კი არა, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არამედ იმიტომ, რომ სწორედაც ასეთი უმკაცრესი სასჯელით მან სცადა კიდევ უფრო მეტად მოეპოვებინა ლოიალობა კრემლში.


თქვენი აზრით, ამ პოლიტიკის მეშვეობით მოახერხა მან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავება 1985 წელს?

ბუნებრივია, როდესაც ის მთლიანად ორიენტირებული გახდა მოსკოვზე, შემდეგ იქ ეძებდა პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისთანაც გარკვეულ პოლიტიკურ თამაშებს დაიწყებდა, მით უმეტეს, მოსკოვში 1982 წლიდან უკვე დაიწყო დიდი ღელვები. ბრეჟნევის პერიოდი საკმაოდ დამაუძლურებელი იყო ქვეყნისთვის, ამას მოჰყვა ანდროპოვის სასტიკი, მაგრამ ხანმოკლე მმართველობა. შემდეგ იყო ჩერნენკოს პერიოდი _ არაფრისმთქმელი და უფრო მოკლე. ბუნებრივია, ამ დროს ის ეძებდა იმ დასაყრდენს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვის. პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბევრი რამ დასჭირდა ედუარდ შევარდნაძეს. მაგალითად, როგორი კონტრავერსული მომენტია, რომ ყველაზე სასტიკად ალბათ დისიდენტურად განწყობილ ადამიანებს საქართველოში მოეპყრნენ. პრაქტიკულად, მთელი დისიდენტური სივრცე აღმოჩნდა ციხეში, სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა ფორმითა და პრესინგით, მაგრამ ყველა ციხეში. ამ დროს, როდესაც 1985-1986 წლებში არქივი მთელ საბჭოთა კავშირში გაიხსნა, მოსკოვში, კიევში, მინსკში, ბალტიისპირა ქვეყნებში უზარმაზარი აკრძალული ლიტერატურა, ფილმები და სპექტაკლები გამოჩნდა. საქართველოში აღმოჩნდა, რომ ასეთი არაფერი ყოფილა, ანუ, ერთი შეხედვით, პოლიტიკურ დისიდენტებს ებრძოდა, მაგრამ მეორე მხრივ, დავიჯეროთ, რომ ინტელექტუალური დისიდენტები არ გვყავდა? გვყავდა, მაგრამ ისინი სხვანაირად წერდნენ. ამიტომ მეტყველებდა 1970-1980 წლების ქართული კინო თუ ლიტერატურა ეზოპეს ენით. პირდაპირ ვეღარ ამბობდნენ სათქმელს, მაგრამ ამას აკეთებდნენ შეფარვით და თან ისე, რომ ედუარდ შევარდნაძეს ძალიან არ სტკენოდა გული და თან წადგომოდა მის მითოლოგიზებას. მისი მიდგომა იყო სწორედ ასეთი, რომ ის ჯგუფები, ვინც ჩამოვთვალეთ- მწერლები, რეჟისორები, მსახიობები, პოეტები, მხატვრები, ყველა იყო მის ორბიტაზე. პრაქტიკულად, მისი ორბიტის გარეთ ვერ გადიოდა ვერავინ. ის ცდილობდა, რომ წაეხალისებინა ეს ეზოპეს ენა, წაეხალისებინა მათი შემოქმედება და როდესაც ის ყველა რესურსს ხარჯავს იმაში, რომ დანიშნული მწერლები და რეჟისორები ჰყავდეს, შემდეგ ისინი უკვე ვეღარ ქმნიდნენ ვერაფერს, თორემ სად წავიდა, სად გაქრა ეს შემოქმედებითი პათოსი? შეიძლებოდა, რომ ერთ პატარა ტრანსფორმაციას, მით უმეტეს, დიდ ტრანსფორმაციას, არ გამოეწვია ის, რომ ისინი არ გამქრალიყვნენ. თუ 1989-1990 წლამდე იღებდი ფილმს, 1991-ში რატომ ვეღარ გადაიღე, მარტო იმიტომ, რომ ფული არ იყო? ეს იერარქიულობის ღერძი მოიშალა და მერე უკვე შევარდნაძეს აღარ აინტერესებდა ეს თემა. ისინი იმ ფორმით აღარ აინტერესებდა, მათზე იმდენი ინფორმაცია ჰქონდა, იმდენად დამოკიდებული იყვნენ ისინი მასზე, რომ როდესაც იგი 1992 წელს დაბრუნდა საქართველოში, ეს ხალხი აღარ სჭირდებოდა. მეტიც, ეს ხალხი თვითონ იყო მზად, რომ, მაგალითად, მისულიყო, დაეჩოქა მისთვის, გნებავთ, აეროპორტში, როდესაც ჩამოვიდა, გნებავთ, მერეც. ის, რა თქმა უნდა, სამადლოდ გადაუგდებდა სიტყვას _ `მადლობა ქართველ ინტელიგენციას, რომელმაც, როდესაც დასჭირდა სამშობლოს, იარაღიც აიღო ხელში”. როდესაც ამას ამბობდა, შევარდნაძემ კარგად იცოდა, რომ ის პრაქტიკულად ამ ინტელიგენციის დისკრედიტაციას ახდენდა, მაგრამ გააკეთა სწორედ იმიტომ, რომ შეახსენა ამ ინტელიგენციას _ არ მოიქცევით ისე, როგორც მე მჭირდება, მაშინ მე მოგექცევით ისე, როგროც თქვენ დაიმსახურებთ, თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, რომელიც იარაღსაც აიღებს ხელშიო. შევარდნაძე _ ეს არის მართვის სკოლა, რომელიც უნდა დავინახოთ ამ ფორმით, საბჭოთა მართვის სკოლა და შემდეგ უკვე პოსტსაბჭოთა მართვის სკოლა, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან _ მეთოდები იგივე იყო.

რაც შეეხება ბერლინის კედლის დანგრევის თემას… გასაგებია, რომ ედუარდ შევარდნაძე ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში, თუმცა რამდენად მართებული იქნება იმის თქმა, რომ კედელი შევარდნაძემ დაანგრია?

მითი არ იყო, ეს იყო ფაქტი _ ედუარდ შევარდნაძემ ჩაქუჩი მიარტყა ბერლინის კედელს. ამ კედლისთვის ჩაქუჩი საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს უნდა მიერტყა, იმიტომ, რომ ის საბჭოთა მმართველობამ ააშენა. ამიტომაც იყო ის 4+2 მოლაპარაკებების ფორმატში ჩართული და, ბუნებრივია, ჩაქუჩის პირველი მირტყმის სიმბოლური ჟესტი წილად შევარდნაძეს ხვდა. მან ეს წარმატებით შეასრულა. რა თქმა უნდა, იქ დიდი რისკები იყო გერმანიის გაერთიანების, ვარშავის პაქტის დაშლის, ზოგადად საბჭოთა საზღვრის მოშიშვლების საფრთხე, როგორც ამას მაშინ რუსი ანალიტიკოსები ამბობდნენ _ `გავეშებული დასავლეთის წინაშე მარტოები დავრჩითო”. ეს შიშები ჰქონდათ რუსეთში და ამას დღემდე ვერ პატიობენ რუსეთში შევარდნაძეს. ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში სხვადასხვა რუსი ანალიტიკოსის კომენტარებს ვკითხულობ _ შევარდნაძის მაღალ პოლიტიკურ გამოცდილებას ისინი არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ის, რაც მან გააკეთა, რუსული იმპერიული პოლიტიკის დასამარება იყო. პრინციპში მან რეალური მდგომარეობა შეაფასა როგორც მოცემულობა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფდა, რადგან ამის საპირწონე იყო ომი, რისთვისაც საბჭოთა კავშირი მზად არ იყო.


2000 წელი - ედუარდ შევარდნაძე სანთლებით ხელში/ფოტო:EPA
2000 წელი – ედუარდ შევარდნაძე სანთლებით ხელში/ფოტო:EPA

ანუ, თქვენი აზრით, ეს იყო არა კეთილი ნება საბჭოთა კავშირისა, რომელსაც შევარდნაძე წარმოადგენდა მოლაპარაკებებში, არამედ იძულებითი ნაბიჯი?

დიახ, იძულებული იყვნენ. საბჭოთა კავშირს ომის წარმოება აღარ შეეძლო, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათ ვერ გააანალიზეს რა პროცესში მონაწილეობდნენ. ბევრ კარგ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ არ გამოუტყდნენ საკუთარ თავს და თავისი უმოქმედობით მოახდინეს იმის პროვოცირება, რაც შემდეგ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდებოდა: ყარაბაღის ომი, კონფლიქტი მოლდოვაში, საქართველოში… იქ, სადაც ეს პროცესები განვითარდა, ყველგან მთავარი მამოძრავებელი ძალა ნაციონალიზებული კომუნისტური ელიტა იყო. მე მაინც მაქვს განცდა, რომ რადგან მათ პროცესების მართვა ვერ შეძლეს, ისინი უბრალოდ მიუშვეს დაახლოებით ასეთი პათოსით: `ჩვენ შემდეგ თუნდ წარღვნაც ყოფილა”. ამ ტალღაზე სცადეს შემდეგ თავის გადარჩენა, გორბაჩოვმა _ ბელოვეჟის შეთანხმებით, ხოლო შევარდნაძემ _ 1991 წლის აგვისტოში ტანკზე შემოხტომით და იმის ხაზგასმით, რომ დიქტატურა არ გავა. იგი 1990 წლის დეკემბერში გადადგა მინისტრის პოსტიდან და თქვა, რომ დიქტატურა მოდის. 1991 წლის აგვისტოში კი ელცინთან ერთად შემოხტა ტანკზე, როგორც უკვე თანამედროვე ახალი დემოკრატიის ბურჯი. მან ეს ტრანსფორმაცია მოახერხა, მაგრამ ყველაზე ტიპური ნიმუში ამ ყველაფრისა არის ფილმი “მონანიება”. ეს იყო “ეზოპეს ენისეული” ნაწარმოები, რომელიც მას უნდა მოსწონებოდა, როგორც თანამედროვე პოლიტიკური პლაკატი, რადგან ის უკვე იმ პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელსაც გორბაჩოვთან ერთად აწარმოებდა, მაგრამ მას ასევე არ უნდა მოსწონებოდა ეს ფილმი, რადგან არავიძეების სამივე თაობაში საკუთარი თავის ამოცნობა შეეძლო. ეს არის პლაკატური ფილმი, რომელიც სწორად იმას უსვამს ხაზს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს გარდაქმნა, მას ასეთი გარდაქმნა მოსწონდა და იმიტომაც მოხდა, რომ “მონანიება” დარჩა ამ ეპოქის ფილმად. თუმცაღა ამ ფილმში ყველაზე დეფიციტური სწორედ მონანიებაა. ამ ფილმში მონანიება არ ხდება, სინანულის განცდა არავის აქვს. სწორედ ამ ფორმულის შესატყვისი მესიჯი გაუგზავნეს შევარდნაძემ და გორბაჩოვმა ტრანსფორმირებულ საზოგადოებას, რომ აი, ჩვენ მოვინანიეთ, მაშინ, როდესაც რეალურად არაფერი მოუნანიებიათ. ყველას ჰქონდა მცდელობა, რომ საჯარო პოლიტიკაში დარჩენილიყო, თუმცა სხვა ღირებულებები დაუდეს ამას საფუძვლად. ამის მაგალითია ის, რაც ვიკიპედიაში შევარდნაძის გვერდზე ეწერა, რომ ის 1992 წლამდე ათეისტი იყო, ხოლო 1992 წლიდან _ მართლმადიდებელი. შემდეგ, როგორც მითხრეს, ეს წაუშლიათ ვიკიპედიიდან. ერთ წელში არ იცვლება ხომ რელიგიური მრწამსი ან მსოფლმხედველობა, თუნდაც პოლიტიკური მიდგომები, საკმაოდ სერიოზული ტრანსფორმაცია უნდა განიცადო ამ დროს. 


სიკვდილის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე CNN-მა ასე დაახასიათა, მსოფლიოში მას მიესალმებიან როგორც ადამიანს, რომელმაც ცივი ომის დასრულებას შეუწყო ხელი, ხოლო სამშობლოში ის იყო კაცი, რომლის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომაც ფოიერვერკებითა და ტაშით აღნიშნეს. კორუფცია, უშუქობა, გაყალბებული არჩევნები, გაუმართავი სახელმწიფო მანქანა _ არაერთი ადამიანი აფასებს საქართველოში პრეზიდენტის პოსტზე მის მოღვაწეობას ასე. თქვენ როგორ შეაფასებთ მის მოღვაწეობას საქართველოში 1992 – 2003 წლებში?

როდესაც 1992-2003 წლების პროცესს განვიხილავთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ მანამდე იყო ერთი პატარა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას შევარდნაძე გასული იყო საქართველოს სივრციდან, ის აღიქმებოდა, როგორც ქართველ ლიდერად საბჭოთა ტახტზე, მაგრამ მას საქართველოსთან შეხება აღარ ჰქონდა. ამ პერიოდში, ანუ ჯუმბერ პატიაშვილის ხელმძღვანელობისას, შევარდნაძის მმართველობის ტოტალური რევიზია ხდებოდა. ნულოვანი ტოლერანტობით ებრძოდნენ შევარდნაძის მიერ დატოვებულ ნეგატიურ მოვლენებს, იჭერდნენ ადამიანებს, მის რაიკომის მდივნებს, აღმასკომის თავმჯდომარეებს, მათ შორის დააკავეს სულიკო ხაბეიშვილი. მაგრამ ეს ყველაფერი პირადად შევარდნაძეს არ შეხებია. მან მოახერხა საქართველოში დატოვებული სინამდვილისაგან დისტანცირება. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რასაც მე შევარდნაძის პოლიტიკურ არსენალში პირველ ადგილზე დავაყენებდი, არის მოთმინების უნარი. ის ამ ყველაფერს ითმენდა, მაგრამ ვერ დამალა 9 აპრილის მოვლენებზე, როცა ცნობილი რეპლიკა ჰქონდა _ `მე ასეთი თბილისი არ დამიტოვებია”. აღმოჩნდა, რომ მას სამშობლოსთან რომანტიზებული განცდები და იდუმალი ძაფები ერთბაშად მოაწვა და საზოგადოებას სწორედ ასე წარუდგინა თავი: 9 აპრილი მოაწყვეს ამ მტარვალმა კომუნისტმა ლიდერებმა, რომელიც საქართველოში გყავდათ და მე აქ ჩამოვედი როგორც მხსნელი. 5 დღეში კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ამას შეეწირა პატიაშვილის მმართველობა, ჯუმბერ პატიაშვილის დეკვალიფიკაცია მოხდა, ის უბრალოდ არ დააპატიმრეს მაშინ და ასე გაგრძელდა პროცესი. 9 აპრილს შევარდნაძემ უკვე შეიქმნა პლაცდარმი საქართველოში. 1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას მმართველობას კრიზისული პერიოდი ეწყებოდა, გამსახურდია პარლამენტში გამოსვლისას შევარდნაძეს მოუწოდებდა, რომ ჩამოვიდეს, ჩადგეს სამშობლოს სამსახურში, ნუ დაუპირისპირდება ქვეყანას… ანუ ამ დროს შევარდნაძე უკვე შემოვიდა საზოგადოების ცნობიერებაში, როგორც პოლიტიკური ოპონენტი და 1992 წელს ადამიანი, რომელიც ფორმალურად თბილისის ომს არ გაჰკარებია, თუმცა ყველას ჰქონდა განცდა, რომ ის ამ ომში მონაწილეობდა: დაბრუნდა საქართველოში როგორც მმართველი და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ.

რა დახვდა მას საქართველოში და რა პოლიტიკა გაატარა მან?

აქაც არის იგივე მითოლოგიზებული აზროვნების პრობლემა და რაში მდგომარეობდა შევარდნაძის პერსონის მითოლოგიზება. “ეს არის საერთაშორისო აღიარების მქონე პოლიტიკოსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ”. სააკაშვილის მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება იყო, თუ გახსოვთ, სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართაც იგივე დამოკიდებულება არსებობდა _ უნდა გამოვიყენოთ, მდიდარი კაცია და თუ გაგვიჭირდა, თავის ფულს დადებს. შევარდნაძის მიმართ სწორედ ასეთი ხაზი გაჩნდა მაშინ, გამოვიყენოთ მისი საერთაშორისო სტატუსიო. ედუარდ შევარდნაძე არ იყო პოლიტიკოსი, რომელიც ვიღაცას თავს გამოაყენებინებდა. მართალია, მას სჭირდებოდა ეს საერთაშორისო გამოცდილება, აქ ჩამოდიოდნენ ცნობილი პოლიტიკოსები, საქართველო აღიარა ბევრმა სახელმწიფომ, გარკვეული ასიგნებები წამოვიდა, რათა ქვეყანას ამოესუნთქა და კრიზისიდან ამოსულიყო. მაგრამ, როდესაც 1993 წელს შევარდნაძეს პოლიტიკური კრიზისი დაუდგა, სოხუმის შტურმამდე ორი დღით ადრე იგი თანამდებობიდან პრაქტიკულად გადადგა. მერე იყო ის ცნობილი აქციები: დავუჩოქოთ, მას დაბრუნება სთხოვეს დაჩოქილმა ადამიანებმა, შემდეგ მან ,მისივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, გადაფურთხებული ალოკა და დაბრუნდა. მაშინ მან ასეთი ფრაზა თქვა: “მე არ მეშინია გადადგომის, მე უფრო მაღალი თანამდებობიდანაც გადავმდგარვარ”. მის, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურის ცნობიერებაში, არსებობდა კიდევ უფრო მაღალი თანამდებობა, ანუ იმპერიის მინისტრობა მისთვის უფრო მაღალი თანამდებობა იყო, ვიდრე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურობა. ეს იყო მისი ყველაზე მთავარი პრობლემა, როდესაც ქვეყანას მართავდა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც თრგუნავდა წარსული, იმპერიის მინისტრის რანგში ის ხვდებოდა რეიგანს, მიტერანს, წყვეტდა ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკის ისეთ პრობლემებს, როგორიც არის ბირთვული შეიარაღება და ასე შემდეგ, უცბად ის საქართველოში ვერ აგვარებდა პრობლემას არძინბასთან, ჯაბა იოსელიანთან და სიგუასთან. მასზე ასევე ძალიან მოქმედებდა ის მომენტი, რომ ცალკეული დეპუტატები, რომლებიც მისი აზრით უმაქნისები იყვნენ, ბედავდნენ და რაღაცას უკრიტიკებდნენ. ის ფიქრობდა, რომ იმ სივრცეში თვითონ იყო ზვიგენი, მას უნდა ემართა იქ ყველაფერი და პატარა თევზებს არ უნდა შეეშალათ ხელი. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა. მას ხელს უშლიდა წინა გამოცდილება, როგორც საბჭოთა საქართველოს მმართველობის, ისე იმპერიის მინისტრობის. თუმცა უფრო კონტრავერსულად თუ შევხედავთ საკითხს, ეს იყო საქართველო, რომელსაც არაფერი გააჩნდა. 1992 წლის მარტში, როცა იგი ქვეყანაში ჩამოვიდა, ფულის ნიშანიც კი არ არსებობდა და ნატურალურ მეურნეობაზე იყო ქვეყანა გადასული. მან გამოიყენა მმართველობის ის მეთოდები, რომელიც ახსოვდა და ვითარებას ასე შეხედა: “პროცესს ხელს შეუწყობს ის, რომ მე მართვაში არ ჩავერიო”, ანუ ისევ მიუშვა პროცესი. ამან გააცოცხლა მეურნეობა, მაგრამ ამას თან სდევდა მეორე პარალელური პროცესი _ კორუფცია. ვინ აღმოჩნდნენ ედუარდ შევარდნაძის ირგვლივ? ისევ სულიკო ხაბეიშვილი და დემურ დვალიშვილი, ანუ ის ადამიანები, ვინც მას ახსოვდა და რომლებიც ბიუჯეტით განსაზღვრული ფულის სწორად დახარჯვასა და არალეგალურად შემოსული ფულის სწორად განაწილებას უზრუნველყოფდნენ, პარალელურად აღმშენებლობის პროცესი უნდა დაწყებულიყო. აღმშენებლობისთვის რესურსი არ აღმოაჩნდათ, მაგრამ როგორც კი ეკონომიკური ზრდა დაიწყო, რაც დამატებით ასიგნებებს ნიშნავდა, ეს ადამიანები ჯერ კიდევ შევარდნაძის გვერდით იდგნენ, მაგრამ ვიღაცებისთვის მიუღებლები აღმოჩნდნენ და ისინი მოიშორეს, ერთი მოკლეს, მეორემ თავი მოიკლა.

კორუფციულმა რვაფეხამ თვითონ შევარდნაძე ჩაითრია, საიდანაც მას გამოსვლა ძალიან გაუჭირდა. ბევრ თარიღს ასახელებენ ხოლმე ამ მითოლოგიზების კონტექსტში, მაგალითად, როგორ ჩადიოდა იგი სამეგრელოში მიუხედავად იმისა, რომ იქ შერაცხყოფას აყენებდნენ, როგორ ჩადიოდა ფრონტის ხაზზე, მედგრად იდგა ჯაბა იოსელიანის წინააღმდეგ, ასეთი ბევრი მომენტის გახსენება შეიძლება, მაგრამ ამ 11-წლიანი მმართველობის დროს მე ორ თარიღს გამოვყოფდი: 1995 წლის 29 აგვისტო და 1998 წლის 9 თებერვალი. ეს არის შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილი ორი ტერაქტის თარიღები. ორივე ტერაქტი გამოწვევა იყო შევარდნაძის პოლიტიკის მიმართ, თუმცა პირველმა ტერაქტმა პოზიტიური შედეგი მოიტანა, რადგან შევარდნაძე უფრო მობილიზებული გახდა. ამის შემდეგ ქვეყანამ მიიღო სამეწარმეო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, სისხლის სამართლებრივი რეფორმა დაიწყო, აიკრძალა სიკვდილით დასჯა, საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი, პირველად დააკაკუნა ნატოს კარზე. ამ პერიოდში დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, ერზრუმის პროექტი, ანუ შევარდნაძე ჰიპერაქტიური გახდა პოლიტიკაში. ტერაქტის მომწყობთათვის პირველმა თავდასხმამ უკუეფექტი გამოიწვია.
მეორე ტერაქტმა პირიქით, დაამთავრა ის პოლიტიკოსი, რომელსაც ქართული საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური როლის თამაში შეეძლო. მეორე ტერაქტის შემდეგ იწყება პოლიტიკური სხეულის რღვევა. თუ ამ ორ ტერაქტს შორის პერიოდში შევარდნაძე სერიოზული ინოვაციებით გამოვიდა ქართულ-ოსურ ურთიერთობებში და ამის ნიმუშია ბორჯომის დეკლარაცია, როდესაც პრაქტიკულად აღარაფერი გვაშორებდა სამხრეთ ოსეთის რეინტეგრირებასთან ერთიან ქართულ სახელმწიფოში, პოზიტიური მესიჯები იქნა გაგზავნილი აფხაზეთის მიმართულებითაც. ურთიერთობა მეტნაკლებად დარეგულირებას იწყებდა, თუმცა 1998 წლის ტერაქტის მერე მოხდა “გალის ამბები”. გალის ამბებს ვეძახით, თორემ ეს იყო სამდღიანი ომი აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე მარცხით დამთავრდა. შემდეგ იყო კორუფციის ბუმი, რომელმაც მეტასტაზებივით შეაღწია ყველაფერში, იქ იყო საკმაოდ გაუგებარი პოლიტიკური ფლირტი და შემდგომ უკვე კრიზისი ასლან აბაშიძესთან, რამაც გამოიწვია ის, რომ დღის წესრიგში დადგა საქართველოს დეზინტეგრაციის ახალი, გაუგებარი პროექტი _ აჭარის ლამის დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულად ჩამოყალიბება. ამას მოჰყვა კონფრონტაცია ცხინვალის მიმართულებითაც, ამას მოჰყვა ის, რომ შევარდნაძემ 1998 წლის ადგილობრივი არჩევნებიც წააგო და 2002 წლის ადგილობრივი არჩევნებიც. მას ძალიან მკაცრი რეაქციები ჰქონდა ამაზე, მაგალითად, მახსოვს, როგორ ეუბნებოდა შალვა ნათელაშვილს, “ჩემო შალვა, ყველა გამარჯვებას მარცხი მოსდევსო”. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტული პარტია საერთოდ ვერ მოხვდა პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს თვითმმართველობის არჩევნები მოიგო, მათ შორის თბილისშიც. პროცესს უკვე არა შევარდნაძე, არამედ კორუფცია მართავდა. ეს აღარ იყო ის შევარდნაძე, რომელმაც 1970-იან წლებში ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის ლოზუნგით კორუფციული სქემის მართვის სადავე აიღო ხელში. 1990-იანი წლების ბოლოს გვყავდა შევარდნაძე, რომელიც თვითონ აღმოჩნდა მძევალი საკუთარი კორუფციული სქემებისა და უკვე ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას.

1998 წლის ტერაქტის შემდგომ იწყება მისი პოლიტიკური დაისი და ქართული სახელმწიფოებრიობის კრიზისი. ერთადერთი წარმატებული აქცია, რომელიც მას მეორე ტერაქტის შემდგომ ჰქონდა, საერთაშორისო აქტივობას უკავშირდება, მაგრამ აქ უკვე შევარდნაძე აღარ იყო მთავარი აქტორი, შევარდნაძე იყო იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც უთხრეს, რომ დასავლეთი: ეუთო, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის სივრცე, მზად არის დაარწმუნოს რუსეთი, რომ იგი საქართველოდან გაიყვანს ბაზებს. ეს დიდი ხელშეკრულება გაფორმდა სტამბულში 1999 წლის შემოდგომაზე, რითაც პრაქტიკულად ახალი რეალობის წინაშე უნდა დამდგარიყო ქვეყანა, მაგრამ შევარდნაძე უძლური იყო. შევარდნაძემ, რომელმაც 1995 წელს დაიწყო წესრიგის დამყარება და ის იყო მონაწილე ამ პროცესის, 1998 წლის შემდეგ აღმოჩნდა ხელის შემშლელი ფაქტორი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამთავრდებოდა “პატრიარქის შემოდგომით”.

რისი მიღწევა სურდა იმ ძალას, რომელმაც 1998 წელს შევარდნაძის წინააღმდეგ მოაწყო ტერაქტი?

დაინტერესებული იყო იმით, რომ საქართველო რუსეთის ორბიტას არ მოსწყვეტოდა. საქართველო რეალურად იდგა უკვე იმ გზასაყარზე, რომ ის წყდებოდა რუსეთის ორბიტას და თანამედროვე ევროპული სახელმწიფო ხდებოდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ შევარდნაძეს ეს უნდოდა. მას განსაკუთრებით ხიბლავდა ის, რომ ევროპელ პოლიტიკოსთა ბომონდში უკვე სხვა სტატუსით შევიდოდა. ის გაცილებით კარგად გრძნობდა თავს გაეროს ტრიბუნაზე ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ვიზიტის დროს, ვიდრე მთავრობის სხდომაზე. იქაური ენა უფრო გასაგები იყო მისთვის და იქ საუბარი უკეთ შეეძლო, ვიდრე აქ. ეს გასაგებიც არის, საქართველოს მოქალაქეებს უშუალოდ შეეხო იმ პოლიტიკის შუქ-ჩრდილები, რომლითაც გამოირჩეოდა შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობა და ამიტომაც უფრო იმპულსური იყო შეფასებები. ზოგადად, ჩვენი საზოგადოების ინფანტილობის პრობლემაა. დღესაც, გარდაიცვალა შევარდნაძე და ისევ იმპულსებით ვსაზღვრავთ და ვაფასებთ მისი პოლიტიკის პლუსებს, მინუსებს და არ ვსაუბრობთ იმაზე, რა მოუტანა ქართულ სახელმწიფოს მან და რა დააკლო სახელმწიფოებრიობას.

საგარეო პოლიტიკაშიც ალბათ ბევრი რამაა ურთიერთსაწინააღმდეგო. ის იყო ადამიანი, რომელმაც დაიწყო ურთიერთობების გაღრმავება ევროპულ სტრუქტურებთან, შეერთებულ შტატებთან, თუმცა ამავე დროს ქვეყანა გაწევრიანდა დსთ-ში…

თავიდან მისი საგარეო პოლიტიკა იყო გზააბნეული, რადგან საქართველო იყო სახელმწიფო, სადაც წინა პრეზიდენტი საუბრობდა ნაციონალისტური სლოგანებით, გადატრიალება მოაწყო ჯაბა იოსელიანმა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო ნეიტრალური ქვეყანა უნდა გახდესო, სადაც ძალიან აქტიურობდნენ ავთო მარგიანი, ვახტანგ რჩეულიშვილი, ვახტანგ გოგუაძე (პარლამენტის თავმჯდომარე), რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოს ხსნა რუსეთთან ყოფნააო. იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველო უნდა წავიდეს დასავლეთისკენ. ეს იყო ქვეყანა, სადაც არ არსებობდა კონსოლიდაცია იმ იდეის გარშემო, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ბუნებრივია, ამ დროს მმართველს უწევს ისეთივე გზააბნეული მოძრაობების შესრულება, როგორი გზააბნეულიც არის საზოგადოება. ამიტომაც საქართველო იწყებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, საქართველო საუბრობს ნატოზე, მაგრამ შედის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ის პრაქტიკულად იძულებული იყო იმ მარცხის გამო, რომელიც იწვნია აფხაზეთში. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. 1995-1997 წლებში საგარეო პოლიტიკა ჩაჯდა სწორ კალაპოტში. აღარ იყო გაუთვალისწინებელი მოქმედებები, უკვე გარკვეული იყო პრიორიტეტები. მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ტერაქტი და აირია ყველაფერი. იმის მერე ისევ შემოვიდა რუსეთის ფაქტორი. ამ დროს რუსეთში შეიცვალა პოლიტიკური კლიმატი. ჩვენ ამით ვერ ვისარგებლეთ. რუსეთმა საკმაოდ გაამწვავა ურთიერთობა ჩრდილოეთ კავკასიაში და ამან დაარტყა საქართველოს უსაფრთხოებას.

ამიტომაც საგარეო პოლიტიკა ცალკე აღებული არ უნდა განვიხილოთ. საგარეო, საშინაო, სოციალური და ყველანაირი პოლიტიკა მაშინ ხდება წარმატებული, თუ ის არის მწყობრი და ერთიანი. ჩვენ 1992-2002 წლებში გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ ის სამწლიანი პერიოდი, რომელიც იყო იმედის მომცემი და იმის მაჩვენებელი(შევარდნაძის მმართველობას ვგულისხმობ), რომ ქვეყანა შეიძლებოდა წასულიყო ნორმალური განვითარების გზით. აღმოჩნდა, რომ იქ რაღაცას ხელი დააკლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი