კომენტარი

ჩანაწერები ციხიდან

11 ივნისი, 2014 • 1485
ჩანაწერები ციხიდან

 

 

მანუჩარ მეგრელიშვილი
მანუჩარ მეგრელიშვილი

სახალხო დამცველები

 

 

ჩვენი ზონის გვერდით, ახალ, თანამედროვე ზონას აშენებდნენ, რომელსაც „მერსედესის“ ემბლემის მსგავსი არქიტექტურული ფორმა აქვს ჰორიზონტალში. ერთ წელიწადში დაამთავრეს, ახლა კი პატიმრები შეჰყავთ. საღამოა, შემოწმებაზე ვართ, ყოველ დილა-საღამოს ყველა პატიმარი გადის ეზოში სპეციალურად შემოღობილ ადგილას, მორიგე კონტროლიორები იძახებენ სახელსა და გვარებს და ვბრუნდებით ბარაკში. გამოსასვლელ ჭიშკართან ზონის უფროსობა დგას და ხალხს არჩევს ახალ ზონაში გადასაყვანად. ჩემი გვარიც დაიძახეს. გავედი, ზონის უფროსმა ხელი ჩემკენ გამოიშვირა და ისეთი სახე მიიღო, მეფე რომ სამშობლოს მოღალატეს დაინახავს. ესო, თქვა მკაცრად და იქვე მდგომი ორი კონტროლიორი მეცა. კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ დამიჭირეს, ახალი ზონის ეზოში გამიყვანეს და სახით კედლისკენ დამაყენეს, სადაც ასობით პატიმარი იყო.

 

 

მას შემდეგ, როცა პატიმართა გარკვეული რაოდენობა შეგროვდა, გაგვაკეთებინეს გრძელი რიგი, რომელიც შენობაში შედიოდა, შენობის მეორე მხრიდან კი ხელკეტების ტყაპა-ტყუპი და პატიმართა „ვაი“ ისმოდა. ჩემი რიგიც მოვიდა, ხელი მტაცეს, ცემა-ცემით მიმიყვანეს პატიმარ პარიკმახერთან. მეუბნებიან – დაიჩოქეო. უკვე თორმეტი წელი მქონდა ციხეში გატარებული და არც გამკვირვებია, ჩემ ირგვლივ პატიმრებს სცემდნენ, ყველას ეუბნებოდნენ დაიჩოქეო და ასე დაჩოქილებისთვის უნდა გადაეპარსათ თავი. ზოგი იჩოქებდა, უმეტესობა არა, მე გამოცდილება გამოვიყენე და მაშინვე დავჯექი ასფალტზე. რამდენიმე კიდევ მომარტყეს და შემეშვნენ. გადამხოტრეს.

 

 

მერე წაგვიყვანეს გასაჩხრეკად, რომელიც იქვე, მინიმოედანზე ტარდებოდა, მთელი მოედნის სიგრძეზე წრეები ჰქონდათ პოლიციელებს გაკეთებული, თითო წრეში თითო პატიმარი შეჰყავდათ, თან სცემდნენ, თან ჩხრეკდნენ, თან იცინოდნენ და ერთობოდნენ. მე იქვე მყოფმა ასაკოვანმა პოლიციელმა მიმიხმო, უკან კი ახალგაზრდები იდგნენ და ბრძანებას ელოდნენ, როდის ვეცემე. გაიხადეო – მითხრა. სულ გამაშიშვლეს, ყველაფერი დეტალურად გაჩხრიკეს და შარვალი და მაისური დამიბრუნეს, დანარჩენი გადაყარეს. კისერზე ბზის კულონი მქონდა, ეს რა არისო მკითხა, საფლავის ქვაა-მეთქი ვუპასუხე, რატომღაც დამიტოვა და გამიშვა. აქ არ დაურტყამთ, თავი გაანებეთო – ახალგაზრდებს უთხრა. ასე შიშველმა გადავჭერი მთელი მოედანი და მეორე მხარეს ჩავიცვი, შემდეგ სურათი გადაგვიღეს და საკნებში დაგვანაწილეს.

 

 

მესამე სართულზე მოვხვდი, ხუთნი ვიყავით, ჩაგვიკეტეს კარები და გვიბრძანეს არ გვეხმაურა, თორე უარესი მოგვიწევდა, ცოტა ხანში კარები იღება და შემოდის ორი სანდომიანი ქალბატონი და ერთი რესპექტაბელური შესახედაობის სათვალიანი მამაკაცი. ხელში ფურცლები ეჭირათ, ჩვენო – გვითხრეს, „სახალხო დამცველის აპარატიდან ვართო და ხელი მოგვიწერეთ ამ ფურცლებზე რომ გადმოყვანის დროს `სერიოზული დაზიანებები“ არ მიგიღიათო. რა თქმა უნდა, იქვე რამდენიმე პოლიციელი იყო და, რა თქმა უნდა, ხელი მოვუწერეთ, ან და რა აზრი ჰქონდა მათთან საუბარს, როცა მოედნიდან ცემის ხმები ჯერ კიდევ ისმოდა.     

 

 

 

რომელს გინდათ ექიმი?!

 

ახალ, „ევროდონის“ ციხეში ახალი გადაყვანილები ვართ, ერთი შეხედვით, მშვენიერი, თეთრი საკანია – სამი ორსართულიანი საწოლი, სამი ორადგილიანი კარადა, ერთი მაგიდა, ხოლო ცხოვრებისეული დეტალების ნაწილი ასეთი იყო: კედელი ისე იყო შელესილი ეგრეთწოდებული „ბრიზგით“, ჯობდა არ მიკარებოდი, თორემ გაგჭრიდა. პატიმრებმა „ხულიგანი“ კედელი შეარქვეს. საწოლი რკინის იყო, რკინისავე თხელი ფირფიტები ისე შორი-შორს იყო, ისედაც თხელი და უხარისხო, მთაგორიანი ლეიბი ვარდებოდა და, ფაქტობრივად, ზურგზე ზოლებით ვიღვიძებდით დილით. უხარისხო ნათურა თითქმის ყოველდღე იწვებოდა და ჩვენ უნდა გვეყიდა „მარკეტლარიოკში“ და ჩვენვე შეგვეცვალა. ზამთარ-ზაფხულ გვქონდა ერთი ყავისფერი გადასაფარებელი, რაღაც ნაბადის მსგავსი, რომელსაც აშკარად ძროხის სუნი ასდიოდა.

 

 

საკანში ექვსნი ვიყავით, ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის თბილისელი გვყავდა და იმ მშვენიერ დილით კბილი სტკიოდა, როცა მორიგე კონტროლიორის ხმა გაისმა დერეფანში: აბა, რომელს გინდათ ექიმი?! კორპუსზე ჩვენს ფლიგელში ორასამდე კაცი ვიყავით, არავის ხმა არ გაუცია, იმდენად დაბალი იყო ნდობის ფაქტორი. ჩვენ პატარა ბიჭს, გამოცდილების უქონლობას რომ თავი გავანებოთ, კბილი ისე სტკიოდა, იმედს ჩაეჭიდა და გასძახა: „მე მჭირდება ექიმი!„ გაჭახუნდა რკინის კარები და შემოვიდნენ ორნი, ცალ ხელში ხელკეტები ეჭირათ და მეორე ხელზე ირტყამდნენ, ნასიამოვნები სახით, რომ ვიღაც მაინც გააბეს მახეში. ორივე იყო ასე 23-25 წლის, ერთი საშუალო სიმაღლის უკისერო მურკეტი (რომელიც შემდეგ გაირკვა რეგბისტი ყოფილა), მეორე –  დაბალი, გამხდარი.

 

„აბა, რომელმა დაიძახეთ ექიმი?!“ –  იყო კითხვა საკმაოდ ირონიული.

პატარა ბიჭმა უკან არ დაიხია და მე დავიძახეო – უპასუხა.

 

მურკეტმა მაშინვე ხელკეტი გადაუჭირა თავზე, რომელიც მოიღუნა და ზურგზეც გადასწვდა. ბიჭს ხმა არ ამოუღია, კიდევ გადაარტყა რამდენიმეჯერ ოპერატიულად, მეორე გამხდარმა იყვირა: „ჰა, ბიჭო არავინ გაინძრეთ!„ და ხელკეტი იქვე მდგარ მაგიდას დაარტყა. როცა შეგვატყო, აშკარად არ მოგვეწონა სიტუაცია, „ექიმი გინდათ არა?!“ დამცინავი ღიმილით შებრუნდა მურკეტი და კამერიდან გავიდნენ. ჩაკეტეს კარები და გააგრძელეს დერეფანში ძახილი: „აბა, კიდე ხომ არ გინდათ ვინმეს ექიმი?! არ მოგერიდოთ, თუ დაგჭირდეთ აქა ვართ.“

 

ყვავი

 

ყვავი იყო ასე 25-50 წლის, უფრო ზუსტად, ასაკს ვერ შეატყობდი, წლობით გაუპარსავი თმა და წვერი ჰქონდა, არც უბანავია, არც ტანსაცმელი გაურეცხია როდისმე. გიჟი ჩანდა, მაგრამ ამბობდნენ, თავს იგიჟიანებსო.

 

დადიოდა ზონის ეზოში, შენობაში არ უშვებდნენ პატიმრები. ღამით კი იქვე, მიწაზე ეძინა. როცა ციოდა, ცეცხლს ანთებდა ხოლმე ძირითადად ძველი, სანაგვეზე ნაპოვნი ჩუსტებითა და ბოტასებით, ჰოდა, ასეთ ცეცხლს ისეთი კვამლი ასდიოდა, სულ გაშავებული ჰქონდა სახე, თმა, წვერი, ტანსაცმელი, ყვავიც ამიტომ შეარქვეს.

 

ზონის ეზოში ნაგავის დიდი ბუნკერი იდგა, საჭმელს იქ ჭამდა, ჩამოჯდებოდა ბუნკერის კიდეზე, ამოქექავდა პურის ნატეხებს, ძვლებს, საზამთროს ქერქები უყვარდა განსაკუთრებით და თუ რამეს ნახავდა საინტერესოს, დააწყობდა ბუნკერის კიდეზე და იქვე ჭამდა იმ საშინელ სუნში, რომელიც კვირაობით გაუტანელ ნაგავს ასდიოდა, ჭამდა და თან იღიმებოდა, თან თავისთვის ლაპარაკობდა, თუ ვინმე ყურადღებას მიაქცევდა, ეტყოდა რესტორანში ვზივარო.

დადიოდა ყვავი ეზოში და თავისთვის სახელებსა და გვარებს ამბობდა გაუთავებლად, შეეძლო ასობით სახელი და გვარი ეთქვა მიყოლებით, თან ერთსა და იმავეს არ გაიმეორებდა. როცა ვიკითხე რატომ არის ასეთ დღეში-მეთქი, საინტერესო ისტორია მომიყვნენ:

 

 

ყვავი ადრე „პრესავშიკად მუშაობდა“ ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში. თვითონ პოლიციელი არ იყო, უბრალოდ იმ უბნელი და დაახლოებული პირი იყო გარკვეული ინტერესების გამო, რომელსაც ეძახოდნენ, როცა ვინმე გასატეხი და ასალაპარაკებელი იყო. ასობით კაცი ჰყავდა ნაწამები, ერთხელაც პოლიციელებს ბიჭი შემოაკვდათ ცემაში, საქმე ვერ ჩაფარცხეს და ყვავი გაწირეს.

 

 

ზონაში ყვავი იცნეს. ან როგორ უნდა დავიწყებოდათ. თავიდან სცემდნენ, ჯავრი იყარეს, შემდეგ თავი მოიგიჟიანა და შეეშვნენ. ჰოდა, დადიოდა ყვავი ზონაში და გაუთავებლად იმეორებდა სახელებსა და გვარებს. 

 

 

 

ქსანში

 

ქსანში ზაფხულში ძალიან ცხელა ხოლმე, 600-კაციან კოლონიაში 3000 კაცია, 6 კვადრატულ ოთახში 9 კაცი ვცხოვრობთ, იქვე ვჭამთ, იქვე ვიძინებთ, რას იზამ, ერთმანეთი უნდა გავიტანოთ. ეზოში ერთი მაღალი, მხარბეჭიანი გურული დაძრწის შეშლილი სახით, კარგა ხანია აღარ ურთიერთობს ჩვენთან, საკუთარ თავში ჩაიკეტა, მარტოობა უყვარს, ნერვიულობამ წაიღო და ვერაფრით მოვაბრუნეთ. ახლაც ცუდ დღეშია. უცებ ქვებს დასტაცა ხელი, მივარდა ყარაულის კოშკს, ესროლა რამდენიმე და უღრიალა: მესროლე ერთი ტყვია, დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი და დავისვენებ!

 

 

ყარაულმა ხმა არ გასცა, შემდეგ მუდარაზე გადავიდა: კაცი არ ხარ?! მესროლე, ერთი ტყვია გენანება?!

 

იქვე ასობით პატიმარი ჩუმად იყო.

 

უღმერთოდ ცხელოდა ქსანში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი