კომენტარი

პეტიცია შინაგან საქმეთა მინისტრს: საქართველოში ქალებზე ძალადობენ

3 ივნისი, 2014 • • 1219
პეტიცია შინაგან საქმეთა მინისტრს: საქართველოში ქალებზე ძალადობენ

“ბოლო დროს ქალებზე ძალადობა უკიდურესად გამწვავდა საქართველოში. სულ უფრო ხშირად გვესმის, თუ როგორ მოკლა ან დაასახიჩრა ქმარმა თუ ყოფილმა ქმარმა ქალი; როგორ მოიტაცეს, იძულებით გაათხოვეს ან გააუპატიურეს გოგონები.

პოლიცია უუნარო რჩება ოჯახში ძალადობის დანაშაულთან ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ათასობით ზარი შედის პოლიციის ცხელ ხაზზე ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით, შემაკავებელი ორდერების გაცემის სტატისტიკა საეჭვოდ დაბალია – 2013 წელს 5447 გამოძახებიდან 212 შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. პოლიციელები თავს არიდებენ დაარეგისტრირონ დანაშაული და დაიწყონ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით. შსს-ს რეაგირება მხოლოდ სიტყვიერი ან წერილობით გაფრთხილებით შემოიფარგლება. ოჯახში ძალადობის პრობლემა კი სულ უფრო მწვავდება.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ მას აქვს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ადამიანები ძალადობისგან, მათ შორის ოჯახში ძალადობისგან. როდესაც სახელმწიფომ იცის ოჯახში ძალადობის შესახებ და ეფექტურად ვერ ახდენს მოსალოდნელი დანაშაულის პრევენციას, ის უშუალოდ პასუხისმგებელი ხდება მომხდარ დანაშაულზე.  

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერი ადამინები, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ შემდეგი კონკრეტული ქმედებების განხორციელებას:  

– შეიქმნას გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დანაშაულს გამოავლენს და გაითვალისწინებს მსხვერპლი ქალების მდგომარეობას და საჭიროებებს;

– შეიქმნას სპეციალური განყოფილება შსს-ში, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობაზე;

– პოლიციელებმა აქტიურად გამოიყენონ შემაკავებელი ორდერები, როგორც დანაშაულის პრევენციის და მსხერპლის დაცვის ერთ-ერთი საშუალება;

– დანაშაულის ნიშნების არსებობისას, გამოიყენონ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა და 11 პრიმა მუხლები და დაიწყონ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება. ნუ შემოიფარგლებიან სიტყვიერი გაფრთხილებებით;

– უბნის ინსპექტორებმა ყურადღება მიაქციონ ოჯახურ კონფლიქტებს და მოახდინონ პრევენციული ჩარევა დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით;

– შსს-მ შეიმუშაოს ყველა ის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც დეტალურად გაუწერს პოლიციელს, თუ როგორ მოახდინოს ოჯახში ძალადობის დანაშაულის იდენტიფიცირება და როგორ გამოიყენოს შემაკავებელი ორდერი ან სხვა ეფექტური საშუალება”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი