ქეთი ხუციშვილი: ნარკომოხმარების კრიმინალიზება მრავალ სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემას იწვევს

 ქეთი ხუციშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი:

„ქუჩის ნარკოტესტირება, არსებული ფორმით, უხეშად არღვევს ადამიანის მთელ რიგ ფუნდამენტურ უფლებებს. ნარკოტესტირება სახელმწიფოსთვის საკმაოდ ხარჯიანი და შედეგის თვალსაზრისით, არაეფექტური პროცედურაა. თუმცა ამ მექანიზმს სამართალდამცავი უწყებები დღემდე ვერ თმობენ.

ამის უმთავრესი მიზეზია ის, რომ  დანაშაულის პრევენციისა და მასზე რეაგირების ნაცვლად ნარკოტესტირება უდანაშაულო მოქალაქეების დასაშანტაჟებლად გამოიყენება. ეს მექანიზმი საშუალებას იძლევა, მოქალაქეს აიძულო ბიოლოგიური  მასალის ჩაბარება ღირსების შემლახავი პროცედურით, შეუზღუდო ფიზიკური გადაადგილება საკმაოდ ხანგრძლივი ვადით, აიძულო თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და სხვა.

სახელმწიფოს არ სურს ამ  რეპრესიული ინსტრუმენტის დათმობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის უწყებებს დანაშაულთან ბრძოლა განსხვავებული მეთოდებით მოუწევთ, რისი კომპეტენციაც მათ არ აქვთ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საჭიროა სამართალდამცავი უწყებების ფუნდამენტური რეფორმირება.

ჩვენ ვხედავთ, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის 15-წლიანმა პრაქტიკამ ვერ უზრუნველყ ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირება.  ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევებიც არ შემცირებულა.

ნარკომოხმარების კრიმინალიზება მრავალ სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემას იწვევს, რაც მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს და მის ოჯახს. ციხეში სასჯელმოხდილ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება „კრიმინალის“ სტიგმა, რაც მას  წარმატების და წინსვლის  ყველანაირ შანსს უკარგავს, მათ შორის, დასაქმების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, პატიმარი ციხეში არ ინკურნება, პატიმრობაზე გაწეული ხარჯი  მკურნალობისა და პრევენციის პროგრამებზე ძვირი უჯდება სახელმწიფოს.

დროა, სახელმწიფო მომხმარებელთა მიმართ ჰუმანურ მიდგომაზე გადავიდეს და  ძალისხმევა ჯანდაცვის, ზრუნვის, ზიანის შემცირებისა და პრევენციისკენ წარმართოს.  მკაცრი სადამსჯელო პოლიტიკა კი გამსაღებლებთან ბრძოლისთვის გამოიყენოს.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი