კომენტარი

ღია წერილი კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქ ფილარეტს

9 დეკემბერი, 2013 • • 1579
ღია წერილი კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქ ფილარეტს

“თქვენო უწმიდესობავ,

 

მოგესალმებით საქართველოდან, მე და ჩემი მეგობრები გაფაციცებით ვადევნებთ თვალყურს იმას, რაც ახლა თქვენს დედაქალაქში ხდება. ახლანდელი მოვლენები მახსენებს ჩვენს შეხვედრას 9 წლის წინათ, როდესაც ჩემს მართლმადიდებელ კოლეგებთან, დეკანოზ ბასილ კობახიძესთან და მღვდელ ზაზა თევზაძესთან ერთად გეწვიეთ თქვენს რეზიდენციაში ნარინჯისფერი რევოლუციის დღეებში. მაშინ ჩვენ ყველას გვეგონა, რომ ნარინჯისფერი რევოლუცია ბოლოს მოუღებდა საბჭოურ მემკვიდრეობას. ახლა, ცხრა წლის შემდეგ,  გამოჩნდა, რომ მონობის სულისკვეთების ამოძირკვა არც ისე იოლი ყოფილა. თურმე თაობებია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გათავისუფლდეს მონობისაგან. ახლა კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი უკრაინას, რომ საბოლოოდ ჩამოიფერთხოს წარსულის ყველა უკეთური გადმონაშთი და წერტილი დაუსვას საბჭოურ მემკვიდრეობას. უკრანელი ხალხი იმსახურებს, რომ განახლებული ცხოვრებით იცხოვროს. მეოცე საუკუნის ცნობილი ანგლო–ამერიკელი პოეტის, თ. ს. ელიოტის სიტყვით: „ის, რასაც ჩვენ დასაწყისს ვეძახით, ხშირად სხვა არაფერია, თუ არა დასასრული. რაიმეს დასასრული სხვა არაფერია, თუ არა რაიმეს დასაწყისი. ხშირად დასასრულია ათვლის წერტილი.“ ჰოდა, მე მინდა მოწმე გავხდე იმ ბნელი წარსულის  მემკვიდრეობის დასასრულისა, თქვენთანაც და ჩვენთანაც, რომელიც ხელს უშლის უკრაინასა და საქართველოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ, როგორც ცივილიზებული ქვეყნები, სადაც ადამიანის ღირსებასა და სინდისის თავისუფლებას პატივსა სცემენ, სადაც განათლებას ფართო გასაქანს აძლევენ, სადაც კორუფციას ებრძვის ყველა – ერი და ბერი, სადაც საზოგადოების არცერთ წევრსა და ჯგუფს არ დევნიან განსხვავებულობის გამო. დარწმუნებული ვარ, ის, რაც კიევში ხდება, დასაბამს დაუდებს სწორეთ ასეთ მომავალს უკრაინის ხალხისთვის და არა მარტო მისთვის.

 

მე ვამაყობ იმით, რომ თქვენ, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, არა მარტო მხარი დაუჭირეთ უკრაინის ინტეგრაციას ევროკავშირთან, არამედ თავად შეიტანეთ დიდი წვლილი იმ საქმეში, რომ ევროკავშირთან უკრაინის ხელმოწერა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე შესაძლებელი გამხდარიყო. თქვენმა ვიზიტებმა ევროპასა და შეერთებულ შტატებში ნიადაგი მოუმზადეს ამ ხელშეკრულების ხელმოწერას. 

 

ძალიან ვწუხვართ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გაუძლო წნეხს და, საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, რომლის ტექსტიც უზარმაზარი რუდუნების შედეგად მზადდებოდა წლების განმავლობაში. 

 

ჩვენ სრულად ვიზიარებთ თქვენს ხედვას უკრაინის მომავალთან დაკავშირებით. უკრაინის მსგავსად საქართველოსაც ევოპული ინტეგრაციისაკენ აქვს აღებული გეზი. რა თქმა უნდა, იდეალური საზოგადოება და ერთობა არ არსებობს ცისქვეშეთში, მაგრამ ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და აღორძინებისათვის ჩვენ სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავთ.

 

ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის და მისი გამარჯვებისთვის. ღმერთმა დალოცოს ურაინელი ხალხი და მისი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, სამართლიანობისაკენ და ქვეყნის აყვავებისაკენ. ღმერთმა დალოცოს ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანი. უკრანია ღირსია უკეთესი მომავლისა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი