“თბილისელობა” მხოლოდ ურბანული დასახლების მოქალაქეობა არ არის, ალბათ, სოციალური მოვლენაა, არა?
რა თქმა უნდა, სოციალური მოვლენაა. თუმცა ახლა ვმსჯელობთ იმ კონკრეტულ შემთხვევაზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დავით ნარმანია მერობის კანდიდატად დაასახელა და ამას მოჰყვა გარკვეული კომენტარები „ხოხბის შთამომავლების“ მხრიდან, რომელმაც თბილისურ-სნობური ქსენოფობია აჩვენა. მახსოვს წინა მერებთან დაკაშირებული შეხედულებები ე.წ. თბილისელების. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, როგორი სიძულვილი აქვთ ყველაფერი იმის მიმართ, რაც არ ერთიანდება მათ ამ სნობურ წარმოდგენებში. ამ აზრით, ეს სოციალური ფენომენია, თუ ამ ჯგუფს ვახასიათებთ, მაგრამ ახასიათებთ მხოლოდ ამ სნობებს.
თბილისში 30 წელია ვცხოვრობ და ვიცნობ უამრავ თბილისელს და ვიცი მათი შეხედულებები მერთან დაკავშირებით, ქალაქთან დაკავშირებით. ასეთი ჩამორჩენილი აზრები მე არ მომისმენია მათგან არც ერთ საკითხზე. მათ შროის, ქალაქზე და პოლიტიკის სხვა საკითხზე.
უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ამგვარი განწყობები ახასიათებთ არა თბილისის მოქალაქეობას, არამედ კონკრეტული ჯგუფის, ელიტის, წევრებს?
ამ ჯუფს, არ ვიცი, რა სახელი შეიძლება დავარქვათ, მაგრამ „თბილისელი სნობები“ არის ყველაზე კარგი დახასიათება. სნობი არის კეთილშობილებას მოკლებული ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ვიწრო კლანური ინტერესები და ყველა, ვინც ამ ინტერესებს და ამ ჯგუფს მიღმა არის, მტრად და არასასურველ ადამიანად აღიქმება.
როგორ შეიქმნა “თბილისელობის” ამგვარი გაგება?
საერთოდ, საქართველოში ბევრ სხვა ჯგუფსაც ახასიათებთ საკუთარი ჯგუფის მითოლოგიზაცია. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს რომ ვკითხოთ თბილისის ისტორიაის შესახებ – რა ხდებოდა მე-19 საუკუნის თბილისში, ვინ იყვნენ ქალაქის თავები, დაასახელონ, რომელი არქიტექტურული თავისებურებები ახასიათებს თბილისს, ან როდის აშენდა ესა თუ ის უბანი, ვერ გვიპასუხებენ.
საკუთარ უბანზე კი გეტყვიან – ვერა-ვაკე… თავიანთი საძმოს ისტორიებს მოგიყვებიან, მაგრამ რაც არის სპეციფიკურად ქალაქთან დაკავშირებული, რაც ცოდნას მოითხოვს, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს შენი მიკუთვნებულობა ჯგუფისადმი, ეს მათ არ ახასიათებთ.
ეს არის სრულიად მისტიკური, მითოლოგიზირებული, სუფრული და ჰარი-ჰარალე წარმოდგენა ამ ქალაქზე; სრულიად არასერიოზული, აქედან გამომდინარე.
რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ამგვარი დისკუსიის წარმოწყება?
არ იყო მოულოდნელი, რადგან ამ ხალხის აზრები ჩვენ შოუებში მოსმენილი გავქვს. როგორც ცნობადი სახეები, ხომ მონაწილეობენ “ნანუკას”, “ნანიკოს”, “ნინიკოს” შოუებში. ჩვენ არასოდეს გაგვიანალიზებია ეს შოუები, რომლებიც სავსეა ქსენოფობიითა და სიძულვილით.
ტელევიზია ახსენეთ, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ამ კლანის გავლენა დიდია დანარჩენ მოსახლეობაზე?
ვერ ვიტყვი, რომ დიდ გავლენას ახდენს ამგვარი შოუები. ამ ტიპის სანახაობებით ერთობიან ძირითადად. ყოფაში ასეთი სიძულვილი არ არის. მე როგორც დავკვირვებივარ, ეს არის ტელევიზორში, ანუ იმ „რეალობაში“, რომელსაც გვთავაზობენ, როგორც რეალობას.
„სოფლელს“ დამამცირებელი მნიშნელობით ხშირად გამოიყენებენ. ეს არაფერს ნიშნავს?
მეც გამიგია ასეთი გამონათქვამები. რიტორიკის დონეზე გაიგებთ, რომ ვიღაც მეგრელია, ვიღაც სვანია, ვიღაც გურულია. წარმომავლობას მიეწერება რაღაც ნიშნები, რომ ყველა გურული ასეთია. ახასიათებთ ადამიანებს ამგვარი განზოგადებები. მე ვსაუბრობ იმაზე, რამდენად აისახება ეს მის ხელახალ კომუნიკაციაში, მის ზოგად განწყობაში. მაინც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ეს არ ახდენს. მაგრამ გაუცხოების რაღაც იმპულსი ნამდვილად არის.
თქვენ მიერ ნახსენებ “თბილისურ სნობიზმთან” დაკავშირებულია თუ არა ის ფაქტიც, რომ ენაში არ არსებობს “თბილისური კილოს” დეფინიცია, მაშინ, როცა ყველა ქალაქს აქვს საუბრის საკუთარი მანერა, რაც იდენტობის შემადგენელი ნაწილია?
ვფიქრობ, რომ თბილისური კილო არის. მეც ქუთაისიდან ჩამოვედი თბილისში. ქუთაისური კილო სხვა არის. წმინდა იმერული აქცენტის კილო არასოდეს არ მქონია, რაც თავი მახსოვს, მაგრამ ვცდილობდი თბილისურ კილოზე გადასვლას, რაც ნიშნავდა უფრო ლიტერატურულ, გამართულ მეტყველებას. ასეთი განწყობები მე მახსოვს პირადად ჩემთანაც და იმათგანაც, ვინც სხვა რაიონებიდან ჩამოვიდნენ. მაგრამ ეს იყო იმ სურვილით ნაკარნახევი, რომ უფრო წიგნიერი, განათლებული გამოჩენილიყავი. ეს არ იყო დაკავშირებული იმასთან, რომ შენ ვინმეს არ ჰგონებოდი რომელიმე კუთხის წარმომადგენელი.
ისეთი ურბანიზაციის პროცესი წავიდა 1980-იანი წლებიდან დღემდე, რომ სპეციფიკურ თბილისურ კილოზე საუბარი, რომელსაც მივაწერთ აქ მცხოვრები ადამიანების 70%-ს, ამაზე საუბარი ზედმეტია. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კილოა თბილისში. შეიძლება ეს იწვევს ამ კლანის გამხეცებას და შიშების გაძლიერებას. ალბათ მაგიტომაც გაჩნდა შიში რბილი „ლ“-ს მიმართ, რადგან სხვა რეგიონებში არსად არ შევხვედრივარ ამგვარ განწყობას.
ბიძინა ივანიშვილმა მერობის კანდიდატი შეარჩია, როგორც “კარგი მეურნე”, ხაზი გაუსვა ნარმანიას პიროვნულ თვისებებს. ეს პრეცედენტი შეასუსტებს თუ არა კლიშეებს?
წინა წლებში თბილისელობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ კლანის აზრით, ცენტრალურ უბანში უნდა ეცხოვრა. ზურაბ ჭიაბერაშვილის შემთხვევა გახსოვთ ალბათ: ის რომ გარეუბანში ცხოვრობდა, ესეც ხშირად განიხილებოდა. ნარმანიას შემთხვევაში დაემატა, რომ საერთოდაც თბილისში დაბადებული არ არის და საგონებელში ჩააგდო ეს ხალხი. პრეცედენტი რაღაც გავლენას მოახდენს.