კომენტარი

ზაალ ანდრონიკაშვილი: „საქართველოში შეიძლება აგორდეს ქსენოფობიის ტალღა“

2 ნოემბერი, 2013 • 1580
ზაალ ანდრონიკაშვილი: „საქართველოში შეიძლება აგორდეს ქსენოფობიის ტალღა“

ზაალ ანდრონიკაშვილი
ზაალ ანდრონიკაშვილი

ზაალ, რა პოზიტიური და ნეგატივური შედეგები მოუტანა საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა თავისი ორწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობით?

ეს პერიოდი ორ ნაწილად უნდა გავყოთ – არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომი. პოზიტიური რა იყო იმაზე რომ ვილაპარაკოთ, უნდა შევაფასოთ სიტუაცია, რომელიც პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამდე არსებობდა საქართველოში: ფაქტობრივად ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების ყველა შტოს – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მონოპოლიზება. ამას ემატებოდა მედიაზე ფაქტობრივი მონოპოლია და ასევე ბიზნესის მნიშვნელოვანი სფეროების კონტროლი, ანუ საკონტროლო პაკეტი მედიასა და ბიზნესში. აი, ამ ფონზე ივანიშვილი აღმოჩნდა ის ბირთვი, რომელმაც შეძლო თავის გარშემო შემოეკრიბა უკიდურესად ჰეტეროგენული, განსხვავებული ფასეულობების, მსოფლმხედველობის მატარებელი ოპოზიციური ძალები.

 

უდავო მიღწევა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, იყო ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის პრეცედენტი. საქართველოს ისტორიაში პირველად მოვახერხეთ, რომ ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით.

 

მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების არჩევით შეცვლის ფონზე, ყველაფერი რაც გასაკეთებელია საქართველოში, გაკეთდა და ჩვენ დავამთავრეთ დემოკრატიის გზაზე სიარული. ბუნებრივია, ეს ასე არ არის.

 

საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა უფრო სააკაშვილის გუნდის დამსახურებაა, ვიდრე ივანიშვილის, რადგან სწორედ ამ გუნდმა არ გამოიყენა ხელისუფლების შესანარჩუნებლად ის მეთოდები, რასაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხელისუფლება იყენებს

 

ეს ნაცნობი პოზიციაა, მაგრამ ცოტა უცნაურად მეჩვენება. უცნაურია, როდესაც ვიღაცა ამბობს – მადლობა გვითხარით იმისთვის, რომ ჩვენ არ გავაყალბეთ არჩევნები, არ დავხოცეთ ხალხი ქუჩაში და ვეცით პატივი ამომრჩევლის არჩევანს. გასაგებია, რომ სააკაშვილის მთავრობა არ წავიდა არც არჩევნების გაყალბებაზე და არჩევნების შემდეგ არ გააკეთა არაფერი ისეთი, რასაც შეიძლება სიტუაცია გაემწვავებინა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საარჩევნო კამპანიას სააკაშვილის მთავრობა აწარმოებდა მაინც და მაინც სამართლიანად ან დემოკრატიული მეთოდებით.

 

მნიშვნელოვანია სტრუქტურულ ფაქტორებს გადავავლოთ თვალი. მე მგონი უდავოდ დადებითია სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება. ერთი წლის თავზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ – დიდი ნაბიჯები გადაიდგა იმისკენ, რომ სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ჩამოყალიბდეს საქართველოში. იყო მცდელობა სასამართლოზე პარტიული დარტყმის, იყო მცდელობა იმის, რომ სასამართლო დამოუკიდებლობისთვის გამოეთხარათ ძირი, მაგრამ ამ ეტაპზე რა სიტუაციაც არის სასამართლოში, მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით საქართველოს ექნება დამოუკიდებელი სასამართლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მეორე დადებით მოვლენად შეიძლება მედიის ლიბერალიზაცია მივიჩნიოთ. მედია დღეს არის ბევრად თავისუფალი, ვიდრე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს თავისუფლება პირობითია. მართალია, მედია ემსახურება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, ანუ ამ თვალსაზრისით შეიძლება არ არის დამოუკიდებელი, მაგრამ დიდწილად დამოუკიდებელია სახელისუფლო აპარატის გავლენისგან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი ტენდენციები არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული არც თუ ისე დადებითი მოვლენებისა – ბორდზე შეტევა-ზეწოლა, ბორდის წევრების მოსყიდვა, წამყვანების არამოტივირებული გაგდება – მაინც შემიძლია ვთქვა, რომ მედიაგარემო გაუმჯობესებულია.

 

ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია რელიგიური უმცირესობების გაძლიერებული დევნა ახალი მთავრობის პირობებში, რაც ნაკლებად ხდებოდა წინა მთავრობის დროს. ესეც სტრუქტურული მოვლენაა, ჩემი აზრით, და ძალიან სახიფათო იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ამ მოვლენებისგან დისტანცირდება და ადეკვატურ პასუხს ვერ სცემს აგრესორს. როგორც წესი, აგრესია მომდინარეობს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიისგან – ის უჭერს მხარს სხვა რელიგიური უმცირესობების უფლებების შეზღუდვას სხვადასხვა ფორმით. განსაკუთრებული დარტყმა კი მუსლიმებმა მიიღეს.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ საპატრიარქო ცდილობს მიითვისოს ამ კონფლიქტების არამარტო გენერატორის, არამედ მედიატორის ფუნქციაც, ანუ საპატრიარქოში გვარდება სხვა რელიგიური უმცირესობების პრობლემები და სახელმწიფო ამ პროცესისგან მთლიანად დისტანცირებულია. ეს არის უკიდურესად სახიფათო იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება საქართველომ მიიღოს რელიგიური კონფლიქტები, რასაც საქართველოში არასდროს უარსებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ხარვეზია ივანიშვილის მთავრობის.

 

ამას გარდა, შავრაზმული და ქსენოფობიური რიტორიკას, რაც ძირითადად, პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან გვესმოდა არჩევნებიდან მოყოლებული, მოყვა მკვეთრად გამოხატული საკუთარი რელიგიური მიკუთვნებულობის დაფიქსირება მთელი რიგი მინისტრებისა და პარლამენტის დეპუტატებისა. ეს ხალხი, ეტყობა თავს არ მიიჩნევენ საქართველოს არაქართველი და არამართლმადიდებელი მოქალაქეების ინტერესების გამომხატველად, რაც ძალიან საშიშია.

 

ივანიშვილისა და სააკაშვილის წასვლის შემდეგ რჩებიან სუსტი პოლიტიკური ლიდერები – თქვენი აზრით, ეს რამდენად შექმნის პრობლემას?

მე არ მგონია, რომ ძლიერი ლიდერის არსებობა, რასაც ჩვენ მივეჩვიეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, მაინცა და მაინც დადებითი რამ არის. მე პირიქით მგონია – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას უნდა ჩაეყაროს საფუძველი.

 

რაც შეეხება ივანიშვილის წასვლას, ეს პრობლემაა იმდენად, რამდენადაც ხალხმა მანდატი მისცა ივანიშვილს, მაგრამ ის ამბობს, რომ მიდის თვითონ და ტოვებს ვიღაცას. ამ ვიღაცას, ვინც არ უნდა იყოს, ლეგიტიმურობის დაბალი ხარისხი ექნება. დიახ, პრობლემა არის მომავალი პრემიერის არასაკმარისი ლეგიტიმაცია. პრობლემაა ისიც, რომ ივანიშვილს აქვს სურვილი გარედან ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესებში. ეს ცუდია დემოკრატიული ინსტიტუტებიის განვითარებისთვის.

 

თუ ჩვენ გვეყოლება ჩრდილოვანი მმართველი, ეს იქნება დიდი საფრთხის მატარებელი. ჩრდილოვანი მმართველი დღეს ჩვენ გვყავს ერთი – საქართველოს პატრიარქი, რომელიც ძალიან ბევრ პროცესზე დიდ გავლენას ახდენს. ახლა გვეყოლება რამდენიმე „მილიარდის სიმძიმის“ ადამიანი, რომელიც გავა პოლიტიკის გარეთ, მაგრამ ეს გარეთ დგომა იქნება პირობითი, რადგან მას ექნება რესურსი, აკონტროლოს ბევრი პროცესი.

 

ჩვენ ამ შემთხვევაში დამოკიდებული ვართ მის კეთილ ნებაზე, რომელზეც დამოკიდებული ვერც ვიქნებით და ვერც დავიჯერებთ, რომ შეიძლება მას ასეთი კეთილი ნება გააჩნდეს.

 

მისი გადაწყვეტილება – წავიდეს და ვიღაცა დატოვოს, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია არა იმიტომ, რომ ძალიან მინდა მაინცა და მაინც ივანიშვილი იყოს საქართველოს პრემიერი, არამედ იმიტომ, რომ ის ჩაება პოლიტიკურ პროცესში, მოიგო არჩევნები, აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა და კარგი იქნებოდა ეს პასუხისმგებლობა ეტარებინა იქამდე, მანამ ჩატარდებოდა არჩევნები და მერე ეპოვა პოლიტიკიდან წასვლის გზები.

 

თუ არსებობს იმის რისკი, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ მართვის სადავეები შეიძლება აიღოს ჯგუფმა, რომელსაც დასავლეთს ერთმორწმუნე რუსეთი ურჩევნია?

კოალიციაში შემავალი პარტია – „ქართული ოცნება“ მაინცადამაინც არ არის დასავლური, ევროპული ღირებულების მატარებელი, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი მომხრე. მაგრამ მე მიჭირს დავინახო ამ პარტიის პოტენციალი გადაიქცეს წამყვან ძალად კოალიციის შიგნით. მათი რესურსები მთლიანად დამოკიდებულია პირადად ივანიშვილზე. ის, რომ პარტია „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ ძალად განვითარდება, ამის დიდ შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ. თვითდინამიკას ეს ძალა ძალიან რთულად მოიპოვებს, ამიტომ მგონია, რომ ეს ხიფათი არ არის დიდი. უფრო დიდი ხიფათი არსებობს იმისი, რომ ახალი პრემიერის მთავრობის ნაკლები ლეგიტიმაციის ფონზე, შეიძლება რაღაც პროცესები უმართავი გახდეს.

 

რას გულისხმობთ?

თუკი კოალიციამ ვერ მოახერხა თავისი საარჩევნო დაპირებების შესრულება ძალიან დიდი მოლოდინის ფონზე, შეიძლება ქვეყანა განვითარდეს იმ მიმართულებით, რაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელს შეგვიშლის. იმას ვგულისხმობ, რომ ქსენოფობიური გამოსვლები (არ შემიძლია არ აღვნიშნო სააკაშვილის ბოლო გამოსვლა. ისიც კი, რომელიც დასავლური ღირებულებების მატარებლად მიიჩნეოდა, იაფფასიანი პოპულიზმის ტალღას აეტორღიალა) არის დიდი ხიფათი. მთავრობის მიერ ვალდებულებების ვერშესრულებაზე ქსენოფობიური გამოსვლებით ყურადღების გადატანამ ეთნიკურ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებზე, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რამ, რაზე ლაპარაკიც კი არ მინდა. ეს, ჩემი აზრით, რეალური და ყველაზე დიდი საფრთხეა.

 

საფრთხე, რომ საქართველო გაერთიანდეს ევარზიულ კავშირში, ჩემი აზრით, ნაკლებადაა, მაგრამ იმის საფრთხემ, რომ საქართველოში შეიძლება აგორდეს ქსენოფობიის ტალღა, იმის ფონზე, რომ სოციალური პრობლემები ვერ გადაწყდება და მთავრობას აღარ ექნება ლეგიტიმურობა, შეიძლება ძალიან შეგვაფერხოს. მე მიჭირს იმის დანახვა, როგორ მოახერხებს მთავრობა, რომელსაც ივანიშვილი დატოვებს, ამ პრობლემების გადაჭრას. მე არ ვარ ეკონომიკის სპეციალისტი, მაგრამ რაც მესმის ეკონომიკურ ზრდასა და ივანიშვილის დაპირებების შესრულებაზე, ვერ ვიტყვი, რომ მთლად გადასარევად არის საქმე. აქედან გამომდინარე უმცირესობის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება ფეთქებადსაშიში ხსნარი გახდეს.

 

საქართველო სულ მალე მიიღებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას. ეს არის ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი?

ივანიშვილმა აქაც შეასრულა კატალიზატორის როლი. რომ არ ყოფილიყო მშვიდობიანი ცვლა ხელისუფლების, ევროპასთან დაახლოების პერსპექტივა იქნებოდა უფრო შორი. მაგრამ ეს ივანიშვილის პირდაპირი დამსახურება არ არის, – ევროპა ნაბიჯს ჩვენკენ იმიტომ დგამს, რომ საქართველოში ხედავს ახალ შესაძლებლობებს. დავანებოთ პროპაგანდისტულ კლიშეებს თავი, რითაც ძირითადად წინა მთავრობის მხარდამჭერები მუშაობდნენ, სინამდვილეში ევროპული პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ბევრად უფრო რთული და კომპლექსური, ვიდრე ამას ჩვენ წარმოგვიდგენენ ხოლმე.

 

საქართველო არასდროს განიხილება როგორც ერთი ქვეყანა. საქართველო ყოველთვის განიხილება რეგიონულ კონტექსტში და მაინცადამაინც კავკასიის რეგიონზე კი არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია აღმოსავლეთის პარტნიორობაზე, ლაპარაკია თურქეთზე. თუ შევხედავთ პოლიტიკას, თურქეთთან დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკება ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. საქართველოს ევროპული მომავლისთვის ამ მოლაპარაკებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თურქეთს, ალბათ, ევროკავშირის სრულ წევრად არ მიიღებენ, მაგრამ მაქსიმალურად  იქნება სრულ წევრობასთან დაახლოებული. საქართველოს კი ექნება შანსი ამ ურთიერთობაში არ იყოს ბევრად უარეს მდგომარეობაში ევროკავშირთან, ვიდრე, მაგალითად, თურქეთი. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ეს ევროპელი პოლიტიკური ექსპერტების აზრია.

 

აქედან გამომდინარე ივანიშვილის დამსახურება ალბათ მინიმალურია, მაგრამ ახლა ჩვენთვის კონიუნქტურა არის დადებითი და ეს დადებითი კონიუნქტურა შარშანდელმა არჩევნებმა განაპირობა. საქართველოსთვის, მაგალითად, გერმანიაში ხედავენ, რაღაც შესაძლებლობებს, რასაც არ ხედავდნენ წინა მთავრობის პერიოდში, რადგან მაინცადამაინც დიდი ნდობა ჩვენი პრეზიდენტის მიმართ არ ჰქონიათ. ჩვენთან ამას, როგორც წესი, აღიქვამდნენ რუსეთის გავლენად, მაგრამ როგორც ჩვენთან აღწერენ, ასეთი მარტივი არ არის ევროპული პოლიტიკა.

 

ახლა კონიუნქტურა ჩვენთვის დადებითია და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გამოვიყენებთ ამ კონიუნქტურას. ივანიშვილის წასვლის შემდეგ კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მის დატოვებულ მთავრობაზე, რომელიც დასუსტებული იქნება, რაც ერთმნიშვნელოვნად ცუდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი