კომენტარი

“ივანიშვილი ცდილობს ხელოვნურად დაამკვიდროს სისტემა, სადაც გამორჩეული ლიდერები არ არიან”

28 ოქტომბერი, 2013 • • 1382
“ივანიშვილი ცდილობს ხელოვნურად დაამკვიდროს სისტემა, სადაც გამორჩეული ლიდერები არ არიან”

ბატონო კახა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ორწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობიდან რა პოზიტივი მიიღო ქვეყანამ და რა ნეგატივი?

 

პოზიტივი ის იყო, რომ მან მოახერხა მშვიდობიანად ხელისუფლების აღება და შედარებით მშვიდობიანად წარიმართა ხელისუფლების გადაცემის პროცესიც. პოზიტიური იყო ის, რომ ცვლილებები მოხდა მედია სივრცის გათავისუფლების თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების მიმართულებითაც არის სერიოზული ცვლილებები, არ გვხვდება ისეთი მასობრივი დარღვევა, როგორც წინა ხელისუფლების დროს. 

 

პრინციპში დადებითია ის, რომ მშვიდობიანად მოხერხდა ევროატლანტიკური კურსის გაგრძელება და ამ მიმართულებით არანაირი შეფერხება არ ყოფილა. დაჩქარდა კიდეც ევროპული ინტეგრაციის პროცესი. 

 

ევროკავშირთან ფორმდება ასოცირების ხელშეკრულება, ასევე, საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიდის თავისუფალი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დასამკვიდრებლად. ცხადია, ეს პროცესი არ არის მისი დამსახურება, მაგრამ პროცესის დაჩქარება ნამდვილად მისი დამსახურებაა. ამ შემთხვევაში ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ ევროკავშირთან პროცესი აშკარად გამოკვეთა. 

 

კახაბერ გოგოლაშვილი
კახაბერ გოგოლაშვილი

წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო წელს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მოლდოვა და საქართველო შესაძლოა იყოს ლიდერი ამ თვალსაზრისით, მაგრამ გარანტიები ამაზე არ გვქონდა. ახლა მოხერხდა ის, რომ ეს გარანტიები ბოლომდე ჩამოყალიბდა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველო ერთ-ერთი ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში. 

 

ძალიან დიდ პროგრესს ვერ ვხედავთ ეკონომიკის თვალსაზრისით – საქართველო წინ ვერ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა იყო იგივე სოფლის მეურნეობაში. უკეთესი მოსავალია მიღებული, ვიდრე სხვა ნებისმიერ წელიწადს, სამეურნეო აქტივობა გაიზარდა, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკური აქტივობა არ გაზრდილა. ჩვენ არ გვაქვს ნეგატიური ზრდა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი არის ძალიან დაბალი, ალბათ, 2-3 პროცენტზე მეტი არ იქნება. მე ვსაუბრობ შიდა პროდუქტის ზრდის ტემპზე. 

 

ასევე, შეიძლება დადებითია ის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის მცდელობით შემცირდა ნეგატიური და აგრესიული რიტორიკა საქართველოს მიმართ, შემცირდა ინციდენტები, კონფლიქტის განახლების საფრთხე თითქოს მინიმუმამდე დავიდა. მაგრამ მეორე მხრივ არ არის არანაირი რეალური პროგრესი, გარდა იმისა, რომ ნაწილი ღვინისა გავიდა რუსეთის ბაზარზე. ნელ-ნელა თითქოს იხსნება რუსეთის ბაზარი, მაგრამ ამავე დროს არ შექმნილა არანაირი გარანტია ამ პროცესის შეუქცევადობისა. 

 

არ არის არანაირი წინსვლა დეოკუპაციისა თუ სხვა მიმართულებით.

 

გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა პრაქტიკულად გააჩერა, როგორც ამას თავად აცხადებს, ქვეყნების გადაბირება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საქმეში. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ფულს აღარ ხარჯავენ. არ ვიცი ეს რამდენად არის შედეგი იმისა, რომ მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის და ერთმანეთს დროდადრო ხვდებიან აბაშიძე და კარასინი, არ ვიცი რისი ბრალია ეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაღიარების პოლიტიკა გამარჯვებულია – კარგახანია არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

 

ხელისუფლებას არ ჰყავს გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, არც რომელიმე პოლიტიკური პარტია გამოირჩევა ლიდერობის თვალსაზრისით. ივანიშვილი ამბობს, რომ მალე აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. ეს ხომ არ გამოიწვევს პროცესებს, რომელიც ქვეყანას დააზარალებს? 

 

რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულ ვითარებაშია ქვეყანა. საქართველო არ არის ისე აწყობილი სახელმწიფო ინსტიტუციური სისტემებით, თუ გნებავთ პოლიტიკური კულტურის მაღალი დონით ან  ჩამოყალიბებული პოლიტიკოსების სიუხვით, სადაც გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების გარეშე შეიძლება წყნარად იცხოვროს მოქალაქემ და არ ინერვიულოს იმაზე, რომ არ იცნობს კარგად პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს. 

 

ის, რომ პოლიტიკური ლიდერი არ გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით და ხიბლით, ეს საქართველოში არ იმუშავებს. საქართველო ჯერ არ არის განვითარებული იმ დონეზე, რომ მართლა საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს და მართლა პარლამენტი მართავდეს ქვეყანას. არც ჩვენი პარლამენტია დღეს  მოწოდების სიმაღლეზე, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრული ნდობა მის მიმართ…

 

მასის მმართველობა ქვეყანაში, ჩემი აზრით, ნაადრევია და ვფიქრობ, ეს კეთდება ხელოვნურად. ივანიშვილი მიდის, მაგრამ ის ცდილობს ხელოვნურად დაამკვიდროს ისეთი სისტემა, სადაც გამორჩეული ლიდერები არ არიან. თავის კოალიციაშიც კი, ის ხალხი, ვისაც შეეძლო ლიდერის როლი ეტვირთა, მაქსიმალურად ჩრდილში გადაიყვანა, თუ არ ჩავთვლით უსუფაშვილს. 

 

უსუფაშვილი ნამდვილად არ არის ჩრდილში, მაგრამ ის არის ლიდერი იმდენად, რამდენადაც ივანიშვილ მას მხარს უჭერს. ხვალ ივანიშვილმა რომ თქვას, უსუფაშვილი არ მომწონსო, მას პარლამენტში აღარ ექნება მხარდაჭერა თავისივე უმრავლესობისგან. სამწუხაროდ, ეს ესეა. მე კი ძალიან მომწონს უსუფაშვილი, მაგრამ ის არ არის თავისივე კოალიციის ლიდერი. ასე რომ, ძალიან რთული სიტუაციაა – ჩვენ არ გვაქვს იერარქია, სადაც პირამიდის სათავეში იქნება ნამდვილი ლიდერი, რომელიც ეყრდნობა ერთის მხრივ თავის პოლიტიკურ ძალას და გააჩნია ამ პოლიტიკურ ძალაზე ზეგავლენა. 

 

მეორე მხრივ, არც სისტემა არ არის აწყობილი ისე, რომ თვითონ იმუშაოს და მართლა დემოკრატია განხორციელდეს. არის სრული საშიშროება იმისა, რომ შესაძლებელია ამ ყველაფერმა არ იმუშაოს და, უბრალოდ, ცალკეულმა თანამდებობის პირებმა განახორციელონ თავიანთი ფუნქციები ნაკლები კოორდინაციით, ერთმანეთთან შეუთანხმებლად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავდით, რომ განცხადებების დონეზეც კი, ნაკლები კოორდინაცია იყო სხვადასხვა უწყებასა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის.

 

ეს კიდევ უფრო ნაკლები იქნება მას შემდეგ, როდესაც ივანიშვილი წავა, იმიტომ რომ მათ აღარ ექნებათ ორიენტირი, ვისთვის ილაპარაკონ, ვის მოაწონონ თავი, ვინ გააკონტროლებს მათ. პრაქტიკულად კონტროლის ელემენტებიც იკარგება. 

 

ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პრემიერი ჩრდილიდან შეეცდება მართოს პოლიტიკური პროცესები. ამის შესაძლებლობას თქვენ ხედავთ?

 

ეს რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს. არ ვიცი რამდენად შეძლებს ამის გაკეთებას. შესაძლოა შეძლებს. ბერკეტები, რაც მას გააჩნდა არჩევნებამდე, ყოველთვის დარჩება – ეს არის დიდი ფინანსური შესაძლებლობა. ამას ანგარიშს ყოველთვის გაუწევენ, ალბათ, იგივე პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში დარჩებიან. 

 

ფინანსურ შესაძლებლობები არ არის პატარა ფაქტორი იმისთვის, რომ პოლიტიკაში გქონდეს გავლენა. შესაბამისად, თუ მას მოუნდება ეს გავლენა, ექნება. ამიტომ არსებობს საშიშროება, რომ შეიძლება გარედან იმართოს პოლიტიკა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, ივანიშვილი კარგი ადამიანია თუ არა, მას კარგი მიზნები ამოძრავებს თუ ცუდი. მთავარია, რომ გარედან მართული სახელმწიფო სტრუქტურები არ არის ნორმალური მოვლენა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არის ჩრდილოვანი მმართველობა, რომელმაც შეიძლება დადებითი როლი ითამაშოს, მაგრამ ეს არ არის წარმომადგენლობითი დემოკრატია, რადგან ის, ვინც მართავს უნდა იყოს არჩეული ადამიანების მიერ. თუ რეალურად ვიღაცა სხვა მართავს, ვინც არ არის არჩეული ან დანიშნული ხალხის მიერ, ეს უკვე დემოკრატია აღარ არის. შეიძლება რაღაც პერიოდში შედეგი იყოს კარგი, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი არ შეიძლება კარგი იყოს, რადგან საზოგადოება არ იცხოვრებს დემოკრატიული წესებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი