კომენტარი

ზურაბ აბაშიძე: იმედი გვაქვს, ონიშენკოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ შემადგენელს არ შეიცავს

8 ოქტომბერი, 2013 • • 1140
ზურაბ აბაშიძე: იმედი გვაქვს, ონიშენკოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ შემადგენელს არ შეიცავს

როგორ ფიქრობთ, რუსეთის სანიტარული უწყების ეს გადაწყვეტილება შეიცავს თუ არა პოლიტიკურ შემადგენელს?

 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არ შეიცავს… იქ არის რაღაც ამის ელემენტები, მაგრამ… გაარკვევს ახლა ღვინის სააგენტო. ჩვენი ღვინის ეროვნული სააგენტო მჭიდრო კონტაქტშია რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურთან და გამოჩნდება, რამდენად სიახლეს წარმოადგენს ეს განცხადება, იმიტომ, რომ, როგორც მე მითხრეს, იქ  გარკვეული დასახელებები ადრეც არ იყო რეგისტრირებული [რუსეთის ბაზარზე], ასე რომ, 600–ზე მეტი დასახელებიდან, რომელიც უკვე შესულია რუსეთის ბაზარზე, ეს მხოლოდ 28–ზე ვრცელდება და ამ 28–დან თითქოს ადრეც იყო [უარყოფითი] გადაწყვეტილება რამდენიმე დასახელების მიმართ. შესაბამისად, განსაკუთრებულ ტრაგედიას და  დრამატულს წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი შესაბამისი უწყებები ვერ ხედავენ ამაში.

 

თუმცა ონიშენკოს განცხადებაში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ 28 სახეობის ღვინის ხარისხი იძლევა იმის საფუძველს და შესაძლებლობას, რომ რუსეთმა საერთოდ გადახედოს ამ საკითხზე საქართველოსთან ურთიერთობას, არც ეს განცხადება იძლევა ‘დრამატიზმის” საფუძველს?

 

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

ჩვენ მეღვინეებს ვუხსნით და ამაზე ყოველთვის ვაკეთებთ აქცენტს, რომ რუსეთის ბაზარს აქვს თავისი რისკის ელემენტები. მათ ეს კარგად იციან, უკეთესად- ვიდრე პოლიტიკოსებმა, რადგან თვითონ აქვთ გამოცდილი და ნანახი ყველაფერი, შესაბამისად, ზედმეტი შთაგონებები მათ არ სჭირდებათ. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ამ ბაზარს გავხსნით, მოვხსნით პოლიტიკურ პრობლემებს, მაგრამ მერე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, გიღირთ, თუ არა. ასე რომ, ამ ადამიანებმა ეს თვითონვე უნდა გადაწყვიტონ. როგორც ჩანს, ჯერჯეორბით უღირთ, იმიტომ, რომ დიდი ბაზარია, მოგება დიდია და მიმზიდველია მათთვის. სხვანაირადაც მუშაობენ, ფინანსურად უფრო სწორად უდგებიან ამ ოპერაციებს. გარდა ამისა, ჩვენი ღვინის ექსპორტი დივერსიფიცირებულია და მარტო რუსეთის ბაზარზე აღარ არის მიბმული. ყოველივე ამის გათვალისწინებით შემდეგი დინამიკა გვაჩვენებს, თუ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი.

 

ბატონო ზურაბ, თქვენ კი იმედი გაქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს პოლიტიკურ შემადგენელს, მაგრამ ხომ არ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ იგივე სოჭის ოლიპიადის კონტექსტში, ვგულისხმობ რუსული მხარის გადაწყვეტილებას მედროშედ 2008 წლის ომის მონაწილის დანიშვნასთან დაკავშირებით, იგივე მავთულხლართების კონტექსტში, და ხომ არ არის ეს ყველაფერი რუსეთის ზეწოლა საქართველოზე ვილნიუსის სამიტის წინ?

 

ამაზე ბევრს საუბრობენ, ახლა ეს საიდუმლო არავისთვის არ არის, მაგრამ რა არის, იცით- ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მოვაწყოთ ისტერიული სცენები. შევიდა ჩვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე? – შევიდა… თუ [ექსპორტიორებს] პრობლემები შეექმნებათ, ჩვენ გამოსავალს ვნახავთ.

 

რა გამოსავალზე საუბრობთ?

 

ვნახავთ, მოვიფიქრებთ ისე, რომ არც ღვინის ბაზარი დაზარალდეს ზედმეტად და არც ჩვენი ექსპორტიორები. შევხვდებით ჩვენ მათ, გავესაუბრებით, კიდევ ერთხელ ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი სწორად წარმართული… რას იზამ?! ასეთი ბაზარია, კიდევ ვიმეორებ. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ეს რთული პროცესია, ბევრი სირთულე იქნება, ბევრი მოულოდნელი რისკები. ჩვენ ხომ ილუზიებს არავის ვუქმნიდით? კიდევ იქნება ასეთი სირთულეები, თან ექსპორტიორებმა ეს იციან. მათ იციან, როგორ იმუშაონ რუსულ ბაზარზე, როგორ გასწიონ ნაკლები რისკი იმისათვის, რომ არ განმეორდეს იგივე, რასაც ადგილი ჰქონდა 2006 წელს. კიდევ ერთხელ შევხვდებით უახლოეს დღეებში და კიდევ ერთხელ გავივლით ჩვენ ამას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად.

უახლოეს დღეებში მეღვინეებთან არის შეხვედრა დაგეგმილი?

 

მეღვინეებთან იქნება შეხვედრა. ღვინის ეროვნული სააგენტო ჩვენს ექსპორტიორებთან მუდმივ კავშირშია და მონიტორინგს უტარებს, ისევე როგორც რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურთან აქვს მას პირდაპირი კავშირი. კიდევ ვიმეორებ, როგორც მეუბნებიან, დასახელებული 28 სახეობის საკითხზე თითქოს ახალი არაფერია, რადგან მათზე ადრევე ჰქონდათ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული რუსეთის სანიტარულ უწყებაში. ანუ აქ საუბარია რაღაც გარკვეულ რაოდენობაზე იმ დასახელებებისა, რომელზეც ადრეც ჰქონდათ უარი ნათქვამი, რაც ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც დიდი სიახლე ამაში არაფერია. ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს მე. ისე, 600–ზე მეტი დასახელებაა უკვე შესული, ნაწილი კი ადრევე იყო დაწუნებული.

 

გასაგებია, მაგრამ საკმაოდ მწვავე ტონი აქვს ონიშენკოს თავის განცხადებაში…

 

ვნახოთ. ჩვენ [ვმუშაობთ], ეროთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაც შესთავაზა ჩვენმა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ხარისხის კონტროლის მონიტორინგისთვის. შევხედოთ. არ გვინდა ჩვენ, რომ რაღაც დიდი ხმაური ავტეხოთ ამის გამო და ისტერიკები მოვაწყოთ.

 

კარასინთან ხომ არ გეგმავთ, ვთქვათ, სატელეფონო საუბარს?

ჯერ არა, მაგრამ როდესაც შევხვდები, ალბათ, ვისუაბრებთ. ეს შეხვედრა, ალბათ, დეკემბრის დასაწისში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი