კომენტარი

რეკომენდაციები მთავრობას რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევაზე

19 სექტემბერი, 2013 • 1139
რეკომენდაციები მთავრობას რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევაზე

ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში წერია, რომ პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობის უმაღლესი წარმოამდგენლების შეფასებებში “ბორდერიზაცია” ძირითადად შეფასდა როგორც გაუგებრობა და ადგილობრივი პროვოკაცია, და არა როგორც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შეგნებულად მართული პროცესი.

 

“მართალია, 2013 წლის სექტემბრის „ბორდერიზაციის“ ტალღის შემდეგ განცხადებები უფრო მკაცრი იყო, მათშიც ჩანდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა ზედმეტად კრიტიკული ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის მიმართ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად „ბორდერიზაციის“ ამგვარი პოლიტიკისა, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებებში არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდა. GRASS-ს მიაჩნია, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“  მიზნად ისახავს საქართველოს ახალი მთავრობის პოლიტიკური ნებისყოფისა  და დიპლომატიური სიძლიერის შემოწმებას, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის ტესტირებას. პარალელურად რუსეთი ართულებს ადამიანების გადაადგილების პროცესს, რითაც დამატებითი წლებით აშორებს ერთმანეთს კონფლიქტის შედეგად გაყოფილ თემებს, რომელთაც ადამიანური, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები შენარჩუნებული ჰქონდათ კონფლიქტის ყველაზე მძიმე ფაზების დროსაც. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა ემხრობა რუსეთთან ურთიერობების დიალოგის გზით მოგვარებას, რუსეთი ცდილობს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის თავისთვის სასარგებლო რეალობით დაფიქსირებას და ქართული მხარის ჩათრევას ე.წ. „საზღვრის დელიმიტაციის“ პროცესში.”

 

GRASS, როგორც დოკუმენტში წერია, წარმოადგენს იმ დიპლომატიური მოქმედებების გეგმას, რომელთა განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რუსეთზე სათანადო საერთაშორისო ზეწოლის უზრუნველყოფა.

 

“ბუნებრივია, ამ ქმედებების გატარება არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების გარანტიას, თუმცა, მათი ერთობლიობა ნამდვილად გაამახვილებს საერთაშორისო ყურადღებას „ბორდერიზაციის“ პრობლემაზე და გაზრდის იმის შანსს, რომ რუსეთმა გადახედოს თავის მიდგომას ადმინისტრაციული საზღვრის მიმართ.”

 

GRASS მიიჩნევს, რომ ცალმხრივადან და ორმხრივ ფორმატებში განსახორციელებელი ქმედებებია საჭირო. მათ შორის: 

 

  • საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ეფექტური კოორდინაცია და დაგროვილი გამოცდილების, ინფორმაციის გაზიარება; 
 
  • საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან „ბორდერიზაციის“ თემის რეგულარულად გახმოვანება და საქართველოს პოზიციის მწვავედ დაფიქსირება, მათ შორის „ბორდერიზაციის პროცესის“ შეფასება, როგორც 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა;
 
 
  • რუსეთის ფედერაციისთვის ყოველი კონკრეტული ინციდენტის შემდეგ საპროტესტო ნოტის მიწერა;
 
 
  • რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე ორმხრივი დიალოგის ფორმატის (კარასინი-აბაშიძის შეხვედრები) ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე პროტესტის რეგულარულად დაფიქსირება და ა.შ. 
 
 
 
გარდა ამისა, რეკომენდაციებია შემუშავებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებებთან დაკავშირებით

  • ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების  და იპრმ-ების ფორმატში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხის დაყენება;
 
  • ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანა-თავმჯდომარეებთან აქტიური მუშაობა მათი მხრიდან „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის შეფასების გაკეთების მიზნით;
 
  • საგანგებო იპრმ-ის მოთხოვნა ამ საკითხის განხილვის მიზნით;
 
  • საინფორმაციო სესიის მოთხოვნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რომელიც მიეძღვნება მავთულხლართების და თავისუფალი გადაადგილების ხელისშემშლელი გარემოებების თემატიკას;

 

რაც შეეეხება მრავალმხრივ ფორმატებს, რეკომენდაციები შემუშავებულია, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, NATO-ს მიმართ. მაგალითად, NATO-სთვის ერთ-ერთ რეკომენდაციაში წერია, რომ ორგანიზაციამ რუსეთის საბჭოს სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი უნდა შეიტანოს და სხდომის შემდეგ საჯარო განცხადებაში აღნიშნული საკითხი გააჟღეროს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი