“ის, რაც გუშინ დაფიქსირდა, არის ჩვენი აზრი. ამ განცხადებით ჩვენ გვინდოდა იმის თქმა, რომ, პირველ რიგში, ყველა მოქალაქე თავისუფალია და აქვს თავისი უფლებები”, – ამბობს პადრე გაბრიელ ბრაგანტინი, დასავლეთ საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ვიკარი.
მისივე თქმით, ამას გარდა, გუშინდელი განცხადება იყო მოწოდება მშვიდობისკენ, არა ძალადობრივი ქმედებებისკენ და გარდა ამისა, საუბარი იყო იმაზე, რომ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებსაც აქვთ საკუთარი აზრის მშვიდობიანი გზით გამოხატვის უფლება.
პადრე გაბრიელის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ სწორედ აქციის გამართვამდე ერთობლივად დაეფიქსირებინათ რელიგიურ გაერთიანებებს საკუთარი, შეჯერებული პოზიცია.
პადრე გაბრიელ ბრაგანტინი მიიჩნევს, რომ 17 მაისს ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის უფლება არ უნდა შეიზღუდოს:
“ყველა ადამიანი თავისუფალი არის და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თავისი გამოსვლები და აქციები ჩაატაროს, მაგრამ თუ მათ აქვთ უფლება, მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოხატოს თავისი პოზიცია. მთავარია, რომ ყველაფერი შესრულდეს ნორმალურად, არ იყოს როგორც პროპაგანდის ან რეკლამის მომენტი და ასევე იყოს პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სულ სხვა აზრზე არიან. პატივისცემა უნდა იყოს ერთი- მეორის მიმართ. დემოკრატიული საზოგადოება არის იქ, სადაც არა მხოლოდ ერთი მხარე არის დაცული, არამედ ყველა, სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანი უნდა იყოს დაცული – უმცირესობა და უმრავლესობა.”
გუშინდელი ერთობლივი განცხადების შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ დღეს დამატებითი განცხადება გაავრცელა, რომლითაც მთავრობას მიმართა, გააუქმოს ხვალინდელი აქციის ნებართვა. პატრიარქის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები, ფსიქოლოგია, მედიცინა, ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს”.
დასავლეთ საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ვიკარის თქმით, ჰომოსექსუალობა მათთვის არ არის მიუღებელი:
“მაგრამ ერთი არის მიდრეკილების მომენტი და მეორე- განხორციელების. მაგალითად, ქურდობისკენ მიდრეკილება არის კლეპტომანია, მაგრამ ადამიანი სანამ არ ასრულებს ასეთ ქმედებას, ის არ არის ქურდი”,- აცხადებს გაბრიელ ბრაგანტინი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ(WHO) 1992 წელს ცვლილებები შეიტანა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში და ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა სიიდან და შეფასებულია როგორც განსხვავებული სექსუალური ქცევა და არა დააავდება.