კომენტარი

ვინ რა იცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე

9 მაისი, 2013 • 2133
ვინ რა იცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე

თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე

თამარ სანიკიძე, საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე:


ქალბატონო თამარ, რატომ შეაჩერა განათლების სამინისტრომ 80 მილიონ დოლარად ღირებული პროექტი, რომელიც ბათუმსა და თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნას ითვალისწინებდა?

სამინისტროს ეს პროექტი არ შეუჩერებია, პროექტი დღესაც მიმდინარეობს, უბრალოდ, გადავხედეთ რეალურ საჭიროებებს და ყველაფერი გავაკეთეთ გამჭვირვალედ და გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი, რომელიც უკვე ჩატარდა. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს ბათუმში, გადავწყვიტეთ, რომ ასეთი უნივერსიტეტი უნდა არსებობდეს თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობით უცხოურ უნივერსიტეტებთან, ანუ საერთოდ შეიცვალა პროექტის არსი. ახალი პროექტი დაიწერა “მილენიუმთან” ერთად, რომელიც რაღაც ეტაპამდეა მიყვანილი, დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება. მალე იქნება “მილენიუმის” მეორე კომპაქტი და ივნისისთვის მისი განხორციელება დაიწყება. შეჩერება, გაუქმება… არაფერი მსგავსი არ მომხდარა, გადაიხედა “მილენიუმის” კომპაქტი, რეალურად არსებული საჭიროებიდან გამომდინარე კომპაქტი დღესაც იცვლება. ყველაფერი გამჭვირვალედ, კონკურსებისა და ტენდერების მეშვეობით კეთდება. უნივერსიტეტებსაც კონკურსისა და ტენდერის მეშვეობით შევარჩევთ.

კერძო უნივერსიტეტებს რა მოტივით აეკრძალათ კონკურსში მონაწილეობა?

ეს არის მთავრობის ფული, სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებას. ჩაითვალა, რომ ამ კონტრიბუციით უნდა განვითარდეს სახელმწიფო უნივერსიტეტები.

სახელმწიფოს მხრიდან რა თანადაფინანსებაზეა საუბარი?

ფინანსური თვალსაზრისით ქართული მხარე დაახლოებით 21 მილიონი დოლარის კონტრიბუციას აკეთებს ამ კომპაქტში. ეს არის ხუთწლიანი პროექტი და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. საკმაოდ ვრცელი კომპაქტია და ამაზე ორი სიტყვით დაწერა, მე თუ მკითხავთ, არ არის რეკომენდებული.

ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნაზე უარს რატომ ამბობთ?

ამისი რეალური საჭიროება ვერ განისაზღვრა, არც ფინანსურად, არც ფისკალურად, არანაირად მომგებიანი არ არის, წინსვლის პერსპექტივა არ არსებობდა. შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად ასეთი უნივერსიტეტი შეიძლება თბილისში გაიხსნას.

ამერიკული მხრიდან რომელი უნივერსიტეტი იქნება პარტნიორი?

ტენდერი ჩატარდა და უნივერსიტეტები შემოდიან – სამი კონსორციუმი გამოვლინდა. ხუთი უცხოური უნივერსიტეტი შერწყმულია ერთმანეთთან ამ პროექტის ფარგლებში და ასევე, პარტნიორობენ ქართულ უნივერსიტეტებთან. ისინი შეირჩნენ კონკურსის წესით.

კახა ბენდუქიძის კორპორაციას თვითონ შეჰქონდა 20 მილიონის კონტრიბუცია პროექტში. სახელმწიფო უნივერსიტეტებს მოეპოვებათ თავიანთი კონტრიბუცია?

კონტრიბუციას გამოდის სახელმწიფო და არა უნივერსიტეტი, ანუ ეს პროექტი სახელმწიფოსი და მილენიუმ კორპორაციისაა.

სწავლა რა ეღირება უნივერსიტეტში? 

ეს განისაზღვრება მოგვიანებით. უნივერსიტეტების გამოვლენის შემდეგ, მეორე ფაზა ითვალისწინებს ტექნიკურ პროექტებს, რისი ერთ-ერთი კომპონენტიც არის ღირებულების განსაზღვრა. სახელმწიფო კონტრიბუციას ჩადებს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც დღეს აფინანსებს სტუდენტს, თითო სტუდენტზე გრანტის მაქსიმალური ოდენობა 2250 ლარია. ამ კონტრიბუციას სახელმწიფო გააკეთებს გრძელი ვადით, ვფიქრობთ, 20 წლით. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პროექტი მხოლოდ ხუთწლიანია. 

თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ ტენდერი გამჭვირვალედ ჩაატარეთ. წინა ტენდერის დროს გამჭვირვალობის ხარისხზე გქონდათ პრეტენზია? 

წინათ ტენდერი არ იყო. იყო წინასწარ შერჩეული ორგანიზაცია, უნივერსიტეტები, რომლებიც იყვნენ იდენტიფიცირებულები და რომლებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა პროექტში. ჩვენ ტენდერი გამოვაცხადეთ და ყველას მივეცით მონაწილეობის უფლება. საქართველოს მხრიდან ერთადერთი შეზღუდვა გვქონდა – პროექტი შემოიფარგლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებით. საერთაშორისო მხრიდან შეზღუდვა არ ყოფილა.

როდის გაიხსნება უნივერსიტეტი? 

2014 წელი მთლიანად დაეთმობა ფაკულტეტებისა და მიმართულების დაფინანსებას, 2015 წლიდან შესაძლებელი გახდება დაიწყოს სწავლა.

ლაშა გოცირიძე, აგრარული უნივერსიტეტის რექტორი:

პირველ სამ სართულზე უნდა ყოფილიყო აუდიტორიები, ზედა სართულებზე კი – ლაბორატორიები. შეიძლება ვიღაცამ უკეთესი შენობა დააპროექტოს, მაგრამ იქ (ბათუმის ბულვარში არსებული შენობა) უნივერსიტეტის განთავსება შეიძლებოდა. მე ნანახი მაქვს ამ შენობის ნახაზები, ასევე, ნანახი აქვთ ჩვენს არქიტექტორებს, უცხოელ კოლეგებს. შენობაში გასული წლის სექტემბერში მოკლევადიანი საჩვენებელი ლექციები ჩატარდა. ეს შეუძლებელი რომ ყოფილიყო, ლექციებს ვერ წაიკითხავდნენ. რაც შეეხება ლაბორატორიებს, ქვედა სართულზე, დაბლა რომ ჩადის კიბეები, იქ შეიძლებოდა კარგი ლაბორატორიის მოწყობა. 

შენობა, რომლის აშენებაც სახელმწიფოს 40 მილიონი ლარი დაუჯდა, თქვენს საკუთრებაში რატომ უნდა გადმოსულიყო?

არა, ეს ქონება სახელმწიფოსი იყო და სახელმწიფოს რჩებოდა. უბრალოდ, იქ შევიდოდა ოპერატორი: პროექტის ფარგლებში კორპორაცია შევქმენით ჩვენ, მიჩიგანის, მისურის, კალიფორნიისა და თავისუფალმა უნივერსიტეტებმა. ამ პროექტის ფარგლებში უმაღლესი და პროფესიული განათლებისთვის ამერიკის მთავრობამ ნამდვილად გამოყო 40 მილიონი დოლარის გრანტი. ჩვენი კონსორციუმი თანადაფინანსების სახით დამატებით ჩამოდიოდა 20 მილიონ დოლარს. ეს იყო საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რასაც არჩევნების შემდეგ მთავრობამ გადახედა, ტენდერის შედეგები გააუქმა უცნობი მიზეზის გამო და იგივე ტენდერი გამოაცხადა ხელმეორედ, ოღონდ ერთი შეზღუდვით – ქართულ კერძო უნივერსიტეტებს მონაწილეობის უფლება აღარ აქვთ. ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ვიყავით, როცა მთავრობამ ტენდერი გააუქმა. 

ლაშა გოცირიძე
ლაშა გოცირიძე

 

სახელმწიფოს როლი ამ პროექტში რა იყო?

ქართული სახელმწიფო აპირებდა მიეწოდებინა ინფრასტრუქტურა, ანუ შენობა. თუ არ ვცდები, 20 მილიონი დოლარი შეიძლება ყოფილიყო საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებაც, შემდეგი 20 წლის განმავლობაში. 

თქვენმა კონსორციუმმა იმის გამო ხომ არ გაიმარჯვა, რომ პროექტი ეკუთვნოდა ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებულ კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტს? 

გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტმა, მათ შორის ჩვენც. ფინალში გავიდა ჩვენი კონსორციუმი და კიდევ ერთი. ჩვენ ვაჯობეთ იმის გამო, რომ ბევრად მდგრადი მოდელი შევთავაზეთ, სასწავლო პირობების თვალსაზრისით. უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ მთავრობისგან დამოუკიდებლად შეარჩია საუკეთესო წინადადება, ანუ ჩვენ. 

შეიძლება მოხდეს ისე, რომ მილენიუმის გრანტმა „გვერდი აუაროს“ საქართველოს?

არ ვიცი, შეიძლება დამოუკიდებლად შემოვიდეს ამერიკული უნივერსიტეტი, ან ამერიკულ-ქართული უნივერსიტეტი. ამერიკული უნივერსიტეტი აუცილებელი პირობაა. იდეა ის არის, რომ აქ უნდა ისწავლებოდეს იმ სტანდარტით, რაც არის ამერიკულ უნივერსიტეტში, უნდა გაიცეს ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი. ამერიკული უნივერსიტეტის გარეშე ამერიკული დიპლომის გაცემა წარმოუდგენელია. 

თუ მიმართეთ განათლების სამინისტროს და რა გიპასუხეს ტენდერის თაობაზე?

ჩვენ ვთხოვეთ განმარტება არა მხოლოდ განათლების სამინისტროს, არამედ მილენიუმს, მაგრამ განმარტება არ მიგვიღია. რეალისტური განმარტება ეს არის – ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაწეროს, რომ სახელმწიფოს არ უნდოდა ჩვენს ორ უნივერსიტეტს გაემარჯვა. ამას, ალბათ, არავინ დაწერს. ახალ კონკურსის პირობებში, ფაქტობრივად, არანაირი ცვლილება არ შეუტანიათ, გარდა იმისა, რომ არასახელმწიფო უნივერსიტეტს აეკრძალა მონაწილეობა. ტენდერის გაუქმების დასაბუთებაც არ არსებობს. არავის უთქვამს, რა იყო ცუდი.


თქვენი ინფორმაციით რამდენად უსაფრთხოა შენობა, აუდიტი თუ ჩატარდა? 

მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მეეჭვება, რომ შავი პიარკამპანიის ნაწილია ამ შენობის სიცუდეზე საუბარი… როდესაც შარშან ლექციები ჩატარდა, როდესაც ტენდერის შედეგად გამოგვაცხადეს საუკეთესო კონსორციუმად, მაშინ ვნახეთ, რომ იქ შეიძლებოდა ხარისხიანი სწავლება. 

სწავლების თვალსაზრისით თქვენი კონსორციუმის გეგმა რა იყო? 

ეს არის უნივერსიტეტი შესაბამისი ხარისხის ცოდნით, ამერიკული აკრედიტაციით. ეს არის შესაძლებლობა ქართველებმა საქართველოშივე მიიღონ ხარისხიანი განათლება. ამერიკულ მხარესთან გვქონდა შეთანხმება, რომ სწავლება პირველ ორ წელიწადს იქნებოდა ქართულ ენაზე და ისწავლიდნენ ინგლისურს ინტენსიურად. მესამე კურსიდან სწავლება გაგრძელდებოდა ამერიკული პროგრამით. ჩამოვიდოდნენ ამერიკელი მკვლევარები, პროფესორები, რომლებიც წაიკითხავდნენ ლექციებს და ლაბორატორიებში ქართველ მეცნიერებთან ერთად იმუშავებდნენ. წლიური სწავლის ღირებულება უნდა ყოფილიყო 6 ათასი დოლარის ფარგლებში. ეს ძვირია, მაგრამ გათვალისწინებული იყო გრანტებისა და სტუდენტური სესხების გაცემა. სტუდენტი თითქმის უფასოდ დაამთავრებდა უნივერსიტეტს და შემდეგ წლებში ვინც ისწავლიდა, იმას დაუფარავდა სწავლის ღირებულებას. მერე ისინი დაამთავრებდნენ და ისინი გადაუხდიდნენ სხვა სტუდენტებს. ამას მოახერხებდნენ იმიტომ, რომ იქნებოდნენ მაღალანზღაურებადი სპეციალისტები. ეს იქნებოდა უნივერსიტეტი თბილისსა და ბათუმში. იმედია, პროექტი განხორციელდება, მიუხედავად დაგვიანებისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი